ინდოეთში, ქალაქ ვისახაპატნამში, კერძო სკოლაში 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, ბავშვი მასწავლებელმა საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო ჯოხით სცემა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და დაეცა. მომხდარის ამსახველი კადრები სკოლის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
შემთხვევა Little Garden School-ში, One Town-ის რაიონში მოხდა. გარდაცვლილის, პრანაი ტეჯას, ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი იმ დილით თავს კარგად გრძნობდა და თავად სურდა სკოლაში წასვლა.
მამამისის თქმით, თავდაპირველად ოჯახს ბავშვის სკოლაში გაშვება არ უნდოდა, თუმცა გამოცდების მოახლოების გამო საბოლოოდ დათანხმდნენ.
"დილის დაახლოებით 8 საათზე ჩემმა შვილმა გაიღვიძა და თქვა, რომ სკოლაში წასვლა სურდა. დაჟინებით ითხოვდა სკოლაში წასვლას“, - ამბობს მამა.
მისივე თქმით, რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახმა შეიტყო, რომ ბავშვს სკოლაში რაღაც დაემართა. მამას ინფორმაცია თავად სკოლის თანამშრომლებმა არ მიაწოდეს - მას ადგილობრივმა მზარეულებმა დაურეკეს.
ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალება დაადასტურეს. ოჯახის განცხადებით, ექიმმა მათ უთხრა, რომ ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე იყო გარდაცვლილი.
ოჯახმა მოგვიანებით სკოლაში მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღება და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვა შეძლო.
"როდესაც სკოლაში CCTV-ის ჩანაწერი ვნახეთ, იქ ჩანდა, რომ მასწავლებელმა ბავშვი შეაშინა. მან ჯოხით დაარტყა და შიშისა და შოკის გამო ბავშვი იქვე დაეცა“, - განაცხადა მამამ.
NDTV-ის მიერ მოპოვებულ CCTV-ის ჩანაწერში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვს ურტყამს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ბიჭი მასწავლებლის კალთაში ეცემა.

ბავშვის მამამ ასევე უარყო ვარაუდი, რომ ბიჭს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
"არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. გუშინ საღამოს მხიარულად თამაშობდა და დილითაც კარგად გაიღვიძა. არც ვირუსული სიცხე ჰქონდა და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა“, - თქვა მან.
ოჯახი ასევე აცხადებს, რომ ეს შესაძლოა ფიზიკური დასჯის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილიყო. მათი თქმით, სხვა ბავშვებიც უცემიათ. ოჯახი, თუ ბრალდებები დადასტურდება, პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს.
შემთხვევის შესწავლა პოლიციამ და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაიწყო. გარდაცვალების ზუსტი სამედიცინო მიზეზი ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს.
განათლების დეპარტამენტმა სამკაციანი კომისია შექმნაანდჰრა-პრადეშის განათლების დეპარტამენტმა მომხდარს "უკიდურესად სამწუხარო და მტკივნეული შემთხვევა“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება საკითხს სერიოზულად ეკიდება.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევისთანავე შესაბამისმა საგანმანათლებლო ორგანოებმა მოკვლევა ჩაატარეს და წინასწარი ანგარიში წარადგინეს. ფაქტების სრულყოფილად შესასწავლად კი სამკაციანი კომისია შეიქმნა.
განათლების დეპარტამენტის განცხადებით, ასევე იგეგმება მასწავლებლებისთვის შესაბამისი ცნობიერების ამაღლების პროგრამების ჩატარება, რათა ისინი მოსწავლეებს უფრო ფრთხილად, პასუხისმგებლობითა და ჰუმანურად მოეპყრონ.
უწყებამ შესაბამის ოფიციალურ პირებს დაავალა ყველა აუცილებელი ზომის მიღება, რათა მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდეს. საბოლოო გადაწყვეტილებები სამკაციანი კომისიის ანგარიშის საფუძველზე იქნება მიღებული.