ავტორი:

პრინცი ჰარი და მეგანი, შვილებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ - სად იცხოვრებს 6 წლის წინ სამეფო ოჯახიდან კონფლიქტით წასული წყვილი?

პრინცი ჰარი და მეგანი, შვილებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ - სად იცხოვრებს 6 წლის წინ სამეფო ოჯახიდან კონფლიქტით წასული წყვილი?

BBC-ის ცნობით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ. სავარაუდოდ, პრინცი ჰარი, მეგანი და მათი შვილები - არჩი და ლილიბეტი - ქვეყანაში კალიფორნიიდან კერძო რეისით ჩაფრინდნენ.

პრინცი ჰარი და მეგანი დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას რომ გეგმავდნენ, გასულ კვირას გახდა ცნობილი - ექვსი წლის შემდეგ, რაც სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ.

როგორც ცნობილია, ისინი არ დაუბრუნდებიან ოფიციალური მოვალეობების შესრულებას, არამედ იცხოვრებენ როგორც კერძო პირები და სამეფო ოჯახის არააქტიური წევრები. სავარაუდოდ, ოჯახი ლონდონის გარეთ, კოტსუოლდსის ულამაზეს რეგიონში მდებარე კერძო მამულში დასახლდება.

წყვილის შვილები უკვე ჩაირიცხნენ სკოლაში, სადაც სასწავლო წელი მომავალ კვირას იწყება.

მეფე ჩარლზ III-ს ჰარისა და მეგანის შვილებთან ერთად დაბრუნების შესახებ აგვისტოს დასაწყისში აცნობეს. ოჯახი მეფეს ივლისში, გლოსტერშირში მდებარე მის კერძო სახლში ეწვია, თუმცა, როგორც ცნობილია, საცხოვრებლად გადასვლის საკითხი მაშინ არ განხილულა. უმცროსი ძმის ოჯახის გეგმების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ უელსის პრინცი და პრინცესაც.

შეგახსნებეთ, ძმებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაძაბული იყო მას შემდეგ, რაც ჰარიმ და მეგანმა 2020 წლის გაზაფხულზე სამეფო მოვალეობების შესრულება შეწყვიტეს.

ა.წ. ივლისში მეფესთან და დედოფალ კამილასთან შეხვედრა საკვანძო მოვლენა გახდა - მეფემ თავისი შვილიშვილები ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ნახა. მანამდე წყვილი ერთად დიდ ბრიტანეთში 2022 წლის შემდეგ (დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის დროიდან) არ ყოფილა.

  • რა ხდებოდა აქამდე - მოვლენების მოკლე ქრონოლოგია:

2020 წელი: ჰარიმ და მეგანმა ოფიციალურად თქვეს უარი სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსზე, დაკარგეს სახელმწიფო დაფინანსება და საცხოვრებლად კალიფორნიაში (აშშ) გადავიდნენ.

2021 წელი (ოპრას ინტერვიუ): წყვილმა ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სამეფო ოჯახის წევრები რასიზმსა და უყურადღებობაში დაადანაშაულეს, რამაც მონარქიასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭა.

2022 წელი: დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ჰარი და მეგანი დაკრძალვას დაესწრნენ. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა ისინი ბრიტანეთში ერთად გამოჩნდნენ.

2023 წელი (წიგნი "Spare"): გამოვიდა ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნი ("სათადარიგო"), სადაც მან ღიად გააკრიტიკა მამა (მეფე ჩარლზი), ძმა (პრინცი უილიამი) და დედინაცვალი (დედოფალი კამილა).

2024-2025 წლები (დავა უსაფრთხოებაზე): ბრიტანეთის მთავრობამ ჰარის ჩამოართვა პოლიციის მიერ გარანტირებული უფასო დაცვა. ჰარიმ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა პროცესი წააგო. აქამდე ჰარი აცხადებდა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები ხელს უშლიდა ცოლ-შვილის ბრიტანეთში ჩამოყვანაში.

ჯერ უცნობია, უსაფრთხოების რა ზომები იქნება მიღებული და ვინ გადაიხდის ამის საფასურს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამ საკითხებს სპეციალური კომიტეტი (RAVEC) წყვეტს.