ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტის დროებით გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთან ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გააგრძელოს მოლაპარაკებები უფრო “მუდმივი“ გამოსავლის მოსაძებნად.

სამშაბათს გავრცელებული ერთობლივი განცხადება ამ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე გემების მოძრაობის მართვის შესახებ დეტალებს მოიცავს, მარშრუტზე ქვეყნების ადრინდელი ინიციატივით, შესაძლოა სატრანზიტო გადასახადის სისტემა ამოქმედდეს.
“შეთავაზებული ჩარჩო შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ერთობლივი დროებითი სანაოსნო დერეფნის შექმნასა და სრუტის ნაღმებისგან გასაწმენდი ერთობლივი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება მუდმივ სანაოსნო დერეფანზე, სრუტის მომავალ მართვასა და ინფორმაციის გაცვლის, მოძრაობის კონტროლისა და შესაბამისი სანავიგაციო თუ უსაფრთხოების სერვისების მიწოდების მექანიზმებზე შეთანხმების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ომანის ყურიდან სპარსეთის ყურეში შემავალი ნაკადი ირანის ტერიტორიაზე გაივლის, ხოლო გამავალი მოძრაობა ნაწილობრივ ირანისა და ნაწილობრივ ომანის ტერიტორიულ წყლებში განაწილდება.

თუმცა, ირანმა გააფრთხილა მხარეები, რომ ომანთან შეთანხმება დაუყოვნებლივ ვერ აღადგენს მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს. თეირანის მტკიცებით, სრუტე სრულფასოვნად მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც აშშ ირანის სამშვიდობო პირობებს დათანხმდება. ეს პირობები ირანულ პორტებზე საზღვაო ბლოკადის მოხსნასა და იმ სანქციების გაუქმებას მოიცავს, რომლებიც ქვეყანას საბაზრო ფასებში ნავთობის გაყიდვას უკრძალავს.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსგავსი ნაბიჯის გადადგმის წინააღმდეგ გამოვიდა და აშშ-ის მოკავშირე ომანსაც კი დაემუქრა დაბომბვით, იმ შემთხვევაში თუ ის “პროცესს ხელს შეშლის“.