CIA-ის დირექტორმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთი გააფრთხილა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს არ დაესხას, - ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა რუსი მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან კონფლიქტის ესკლაციისგან თავი შეიკავონ.
„მისი შეხვედრის მთავარი მიზანი რუსეთის გაფრთხილება იყო, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი ესკალაციური ქმედებისგან თავი შეიკავონ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
ასევე, წყაროების თქმით, რეტკლიფმა რუსეთს ირანისთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის შემცირებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში 25 აგვისტოს იმყოფებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „ნახევრად-რუტინული“ უწოდა.
„ის იქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება“, - აღნიშნა ტრამპმა.