სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ანტიკორუფციულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ანტიკორუფციულმა სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - განაცხადა ანტიკორუფციული კომიტეტის პრესსპიკერმა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ღამით ქოჩარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას დაახლოებით ორი კვირის წინ, გულის ოპერაცია ჩაუტარდა.
ცნობისთვის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი 25 აგვისტოს დააკავეს. ქოჩარიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ 9 პირს წაუყენა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უფროს ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს.
სასამართლომ სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სერჟ სარქისიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.