აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა.
მის მიერ შევსებული დოკუმენტის თანახმად, თორნიკე რიჟვაძეს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და მშობლები.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის ძირითადი ქონება სწორედ ოჯახის წევრების სახელზეა რეგისტრირებული. კერძოდ, თორნიკე რიჟვაძის სახელზეა მხოლოდ 50 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი ბათუმში, რომელიც 2014 წელს 65 000 დოლარად შეიძინა.
თორნიკე რიჟვაძის მამას ეკუთვნის: 67,47 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში - დეკლარაციაში მითითებულია, რომ ბინა 1995 წელს შეიძინა, თუმცა 2015 წელს ფართის დაზუსტება მოხდა, რისთვისაც 5500 დოლარი გადაიხადა;3 მიწის ნაკვეთი ლანჩხუთში, რომელთა საერთო ფართობი 7000 კვ.მ-ია - დეკლარაციის მიხედვით, 2011 წელს ჩუქებით გადაეცა;2 სათავსო ბათუმში.
აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს დედას ეკუთვნის 20,02 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი ბათუმში, რომელიც 2025 წელს 50 000 ლარად შეიძინა.
თორნიკე რიჟვაძის მეუღლის სახელზეა 71,3 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში, რომელიც 2007 წელს ჩუქებით გადაეცა. ასევე, მას ეკუთვნის ხულოში 2825 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2023 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომეს, და 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის 33,3%, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში თორნიკე რიჟვაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 743,46 ლარი და 22 003 დოლარი. ასევე, ანგარიშზე განთავსებული ჰქონდა 42 484,97 დოლარი, რომლის შესახებაც მითითებულია, რომ ოფსეტ ანგარიშზე განთავსებული თანხა ბინის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლიდან იყო და სასესხო ვალდებულების დაფარვას ემსახურება.
დოკუმენტის მიხედვით, აჭარის ყოფილი თავმჯდომარე შპს „აჭარა ბერრის ლიმითედის“ 25%-იანი წილის მფლობელია, თუმცა აღნიშნული კომპანია არ ფუნქციონირებს.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის დედა ინდივიდუალური მეწარმეა. აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავლის სახით მან 746,28 ლარი მიიღო.
დეკლარაციის თანახმად, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 4 აპრილამდე, ხელფასის სახით 32 033 ლარი მიიღო. გააგრძელეთ კითხვა