თურქეთში არქეოლოგებმა 1500 წლის ქრისტიანული ამულეტი აღმოაჩინეს, რომელშიც ფურცელივით თხელი ოქროს ფირფიტაა მოთავსებული. ექსპერტთა ვარაუდით, მასზე, შესაძლოა, ბიბლიური ტექსტი იყოს დატანილი.

აღმოჩენა ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში მდებარე თურქმენ-კარაჰოიუქის (Türkmen Karahöyük) არქეოლოგიურ ობიექტზე გაკეთდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა სახელმწიფო სააგენტო “Anadolu Agency“-მ გაავრცელა.

არქეოლოგიურ გათხრებს 13 ქვეყნის 60-მდე მკვლევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ახორციელებდა.

აღმოჩენილი ამულეტი ახ. წ. IV–V საუკუნეებით თარიღდება პერიოდით, რომელიც ქრისტიანობის ისტორიისთვის გარდამტეხ ხანად მიიჩნევა.
სააგენტო AA-ს ცნობით, ამულეტის სპილენძის ბუდეში 0.1 მილიმეტრის სისქის ოქროს ფირფიტა არის მოთავსებული, რომელზეც “დიდი ალბათობით“ ბიბლიიდან ამოღებული მონაკვეთია ამოტვიფრული. თუმცა, კონკრეტულად რომელ ბიბლიურ პასაჟზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.


გავრცელებულ ფოტოებზე ამულეტი პატარა, მუქი და ძლიერ კოროზირებული ნივთის სახით ჩანს, რომელსაც მკვლევრები სათუთად წმენდენ და სწავლობენ.
ობიექტზე გათხრებისას არქეოლოგებმა ობიექტზე უფრო ძველი არტეფაქტებიც აღმოაჩინეს, მათ შორის არის ქვის ბეჭედი ლუვიური იეროგლიფური წარწერით.

ლუვიელები ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ანატოლიის ტერიტორიაზე სახლობდნენ. აღნიშნული ბეჭედი დაახლოებით ძვ. წ. 1500–1400 წლებით თარიღდება და მასზე სახელი “კურუნტი-ზიტი“ არის ამოკვეთილი, რაც ხეთურ პანთეონში ერთ-ერთ უმთავრეს ღვთაებას კურუნტას უკავშირდება.