გეგმები იცვლება ხოლმე. არა მარტო მამუკა მდინარაძეს, ჩვენ ყველას ერთად გვქონდა კონკრეტული გეგმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმ გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელზეც მამუკა მდინარაძე რამდენიმე კვირის წინ რეგიონებთან დაკავშირებით აჟღერებდა.
"მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის, რომ დამღლელია ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ფიზიკურ დაღლას. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ. ამაზე ჩვენც გვქონდა მსჯელობა, შემდეგ ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მოვისმინე მისი პოზიცია გადადგომასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ის პოზიცია და აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. ბევრ სტრესთან არის დაკავშირებული პოლიტიკური საქმიანობა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგები იყო მამუკა მდინარაძის პოზიცია და, შესაბამისად, ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ მისი დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.