ავტორი:

"ხალხის მეფე“: ნორვეგიის მონარქი ჰარალდ V გარდაიცვალა - კაცი, რომელმაც საკუთარ სიყვარულზე უარი არ თქვა და დაქორწინდა არასამეფო წარმოშობის ქალზე - ვინ ავა ტახტზე?

"ხალხის მეფე“: ნორვეგიის მონარქი ჰარალდ V გარდაიცვალა - კაცი, რომელმაც საკუთარ სიყვარულზე უარი არ თქვა და დაქორწინდა არასამეფო წარმოშობის ქალზე - ვინ ავა ტახტზე?

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V, რომელიც ქვეყანას სათავეში 1991 წლიდან ედგა.

ტახტზე გატარებული 35 წლის შემდეგ ჰარალდ V ისტორიაში შევა, როგორც გამორჩეულად პოპულარული მონარქი და რეფორმატორი. მისი მთავარი დამსახურება მონარქიის თანამედროვეობასთან და შეცვლილ რეალობასთან ადაპტირება იყო. ამასთანავე, იგი ყოველთვის რჩებოდა ერის გამაერთიანებელ ფიგურად - განსაკუთრებით ნორვეგიისთვის ყველაზე მძიმე წუთებში.

27 აგვისტოს, დილას, სამეფო კარმა განაცხადა, რომ 89 წლის მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა "უკიდურესად დამძიმდა“.

მონარქი 24 აგვისტოს, ჰემოლიზური ანემიის (იშვიათი დაავადება, რომელსაც ერიტროციტების დაჩქარებული დაშლა ახასიათებს) მკურნალობასთან დაკავშირებული გართულებების გამო, ოსლოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საავადმყოფოში სამეფო ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

მეფის ავადმყოფობის პერიოდში რეგენტის მოვალეობას მისი 53 წლის ვაჟი, ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰოკონი ასრულებდა, რომელიც ნორვეგიის მომდევნო მეფე გახდება.

ხანდაზმულობისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰარალდ V-მ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2024 წელს შეამცირა. იმავე წელს, მალაიზიაში შვებულებისას გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ, მას კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს.

  • "ერის პაპა“ და "ერთ-ერთი ჩვენგანი“

სამეფო ოჯახის ექსპერტები და ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჰარალდ V უშუალო და უბრალო ადამიანი იყო, რომელსაც საზოგადოება უდიდეს პატივს სცემდა. ნორვეგიელები მას "ერის პაპად“ აღიქვამდნენ და "ხალხის მეფეს“ უწოდებდნენ.

ტელეკომპანია TV2-ის სამეფო კორესპონდენტისა და ისტორიკოსის, ოლე-იორგენ შულსრუდ-ჰანსენის თქმით, ჰარალდ V-ის მმართველობისას სამეფო კარი ფინანსურ და სამედიცინო საკითხებში გაცილებით გამჭვირვალე გახდა, მონარქმა კი უზარმაზარი როლი ითამაშა სამოქალაქო და სოციალური უფლებების თანასწორობის უზრუნველყოფაში.

გამოცემა Nettavisen-ის კორესპონდენტი ტოვე ტაალესენი აღნიშნავს: "მეფე ხალხთან ძალიან ახლოს იდგა და ნორვეგიელები მას "ერთ-ერთ ჩვენგანად“ მიიჩნევდნენ".

  • რთული წელი სამეფო ოჯახისთვის

2026 წელი სამეფო ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ტახტის მემკვიდრე პრინც ჰოკონის მეუღლეს, პრინცესა მეტე-მარიტს, ივნისში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა (მას 2018 წელს ფილტვის იშვიათი ფორმის ფიბროზი დაუდგინდა).

ეს ოპერაცია ჩატარდა ორი დღის შემდეგ მას შემდეგ, რაც მეტე-მარიტის 29 წლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, მარიუს ბორგ ჰოიბი, სასამართლომ გაუპატიურების ორ ეპიზოდში ცნო დამნაშავედ და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმავე პერიოდში პრესაში ახალი სკანდალი აგორდა თავად პრინცესას გარშემოც. ცნობილი გახდა მისი მჭიდრო მეგობრული მიმოწერა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდებულ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტების საფუძველზე).

ნორვეგიის სამეფო კარმა განაცხადა, რომ მეტე-მარიტს 2011–2013 წლებში ეპშტეინთან ნაცნობობა არასდროს დაუმალავს. პრინცესამ ღრმა თანაგრძნობა გამოუხატა დაზარალებულებს, სინანული გამოთქვა ამ კავშირის გამო და აღნიშნა, რომ ეპშტეინის პიროვნების შეფასებაში შეცდა, რაც "უბრალოდ სირცხვილის გრძნობას იწვევს“.

ოსლოში BBC-ის კორესპონდენტ პოლ კირბის თქმით, ნორვეგიაში მონარქიის ინსტიტუტი უდიდესი ნდობით სარგებლობს -დიდწილად სწორედ მეფე ჰარალდის ავტორიტეტის წყალობით, და ბოლო სკანდალებსაც კი სამეფო ტახტისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე უარყოფითად არ უმოქმედია.

  • მონარქი, რომელიც ღიაობას ემხრობოდა

ჰარალდ V 1937 წლის 21 თებერვალს, ასკერის მუნიციპალიტეტში, სკაუგუმის რეზიდენციაში დაიბადა. ის გახდა ნორვეგიის პირველი მეფე XIV საუკუნის შუა ხანების შემდეგ, რომელიც უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე დაიბადა. ჰარალდი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის მესამე თაობის ბიძაშვილი (დეიდაშვილი) იყო.

1940 წელს, ნაცისტური გერმანიის ნორვეგიაში შეჭრის შემდეგ, 3 წლის ჰარალდი მშობლებთან - კრონპრინც ულაფსა (შემდგომში მეფე ულაფ V) და შვედეთის პრინცესა მარტასთან ერთად ვაშინგტონში გაიხიზნა.

ოჯახი სამშობლოში 1945 წელს დაბრუნდა. 1955 წელს პრინცმა ჰარალდმა სწავლა ოსლოს უნივერსიტეტსა და სამხედრო აკადემიაში დაიწყო, 1960 წლიდან კი განათლების მიღება ოქსფორდში განაგრძო.

1968 წელს პრინცმა ჰარალდმა მიაღწია უფლებას, ცოლად შეერთო არაკეთილშობილური წარმოშობის ქალი - სონია ჰარალდსენი. მან მამას პირდაპირ განუცხადა, რომ თუ სონიაზე დაქორწინების ნებას არ დართავდნენ, ცოლს საერთოდ არ მოიყვანდა.

ჟურნალ Se og Hør-ის მიმხილველის კაროლინ ვაგლეს თქმით, ჰარალდის ამ ნაბიჯმა გზა გაუხსნა მის შვილებსაც - პრინცესა მარტა ლუიზასა და კრონპრინც ჰოკონს , რომ თავიანთი ცხოვრება არასამეფო ოჯახის წარმომადგენლებისთვის დაეკავშირებინათ.

"მას არასდროს ერიდებოდა ემოციების, იუმორისა თუ საკუთარი სუსტი მხარეების გამოჩენა, რამაც მისი სახე საოცრად ადამიანური და ხალხთან ახლობელი გახადა“, - აღნიშნავს ვაგლე.

ჰარალდ V ტახტზე 1991 წელს, მამის, მეფე ულაფ V-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. მისი მმართველობისას სამეფო ოჯახი მედიისა და საზოგადოებისთვის ბევრად ღია გახდა.

2012 წლამდე, კონსტიტუციის თანახმად, ნორვეგიის მეფე ეკლესიის ოფიციალური მეთაური იყო. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მონარქი ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მხოლოდ არაფორმალურ ლიდერად დარჩა.

2011 წლის ივლისში ჰარალდ V ყველაზე მძიმე გამოცდის წინაშე დადგა, როდესაც ულტრამემარჯვენე ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოში 8 ადამიანი მოკლა, ხოლო კუნძულ უტეიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში, 69 ადამიანი (უმეტესად მოზარდები) დახვრიტა.

მეფემ ერს ტელევიზიით მიმართა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვა, სადაც მსხვერპლთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა - როგორც მამამ, როგორც პაპამ და როგორც მეფემ. გამოსვლისას მას ხმა უთრთოდა და ძლივს იკავებდა ცრემლებს:

"მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, რამხელაა თქვენი ტკივილი. როგორც ამ ქვეყნის მეფე, თითოეულ თქვენგანს ვუთანაგრძნობ“.

ისტორიკოს ოლე-იორგენ შულსრუდ-ჰანსენის თქმით, ეს მომენტი XXI საუკუნის ნორვეგიის მონარქიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა: "ეს კადრები სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მონარქია“.

2016 წელს მეფე კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური მრავალფეროვნების მხარდამჭერი სიტყვა წარმოთქვა. მან თქვა, რომ ნორვეგიელები არიან არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ისინიც, ვინც ჩამოვიდა "აფღანეთიდან, პაკისტანიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, სომალიდან თუ სირიიდან“, რომ ისინი "რწმენას უცხადებენ ღმერთს, ალაჰს, სამყაროს“ ან არაფრის სჯერათ, რომ მათ შორის არიან "გოგონები, რომლებსაც უყვართ გოგონები“, "ბიჭები, რომლებსაც უყვართ ბიჭები“ და "გოგონები და ბიჭები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ“.

  • გარემოსდამცველი და სპორტსმენი

მეფე ჰარალდი გატაცებული სპორტსმენი და ბუნების აქტიური დამცველიც გახლდათ. 20 წლის განმავლობაში მას ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ნორვეგიის განყოფილების პრეზიდენტის პოსტი ეჭირა.

იგი სერიოზულად იყო დაკავებული აფროსნობით. 1960-იან და 1970-იან წლებში მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში, 1964 წელს კი ტოკიოს ოლიმპიადაზე ნორვეგიის დროშაც კი მიჰქონდა.

მამისგან განსხვავებით (რომელმაც 1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა), ჰარალდს ოლიმპიადებზე მე-8 ადგილზე მაღალი პოზიცია არ დაკავებია, თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილები არაერთხელ მოუპოვებია.

2005 წელს, 68 წლის ასაკში - გულზე ჩატარებული მძიმე ოპერაციიდან სულ რაღაც ორ თვეში -მან შვედეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, თავის გუნდთან ერთად, პირველი ადგილი დაიკავა.