ავტორი:

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მეწყრის შედეგად წარმოქმნილი ტბა ადიდდა - სამძებრო სამუშაოები შეჩერდა, არის მორიგი წყალდიდობის საფრთხე

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მეწყრის შედეგად წარმოქმნილი ტბა ადიდდა - სამძებრო სამუშაოები შეჩერდა, არის მორიგი წყალდიდობის საფრთხე

ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე, მეწყრის შედეგად წარმოქმნილი ტბა ადიდდა, რამაც კატასტროფით დაზარალებულ ტერიტორიებზე ახალი წყალდიდობის საფრთხე შექმნა. უსაფრთხოების ზომების გამო, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

  • როიტერის ინფორმაციით, ნეპალის რაზუვას რაიონში, რომელიც ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონს ესაზღვრება, ადგილობრივები მდინარის შესაძლო ადიდებისგან თავის დასაღწევად მაღლობებზე გარბოდნენ. ტბის გარღვევის საფრთხის გამო, ჩინელმა მაშველებმა და მათმა ტექნიკამ უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლა. ნეპალში კი სამძებრო ოპერაცია 90 წუთით შეჩერდა.

დაღუპულთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა

მყინვარის ჩამოშლისა და ძლიერი წყალდიდობის შედეგად ნეპალში დაღუპულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 469-ს მიაღწია. ნეპალსა და ტიბეტში კიდევ თითქმის 1000 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ მთებიდან უზარმაზარი რაოდენობის ქვები, ყინული, ტალახი და ნამსხვრევები მდინარის ხეობებში ჩაიტანა. წყალდიდობამ გაანადგურა სოფლები, გზები, ხიდები და ელექტროსადგურები.

სტიქიის ზონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს ტიბეტის ქალაქ ლჰასასთან აკავშირებს. რეგიონი ასევე პოპულარულია ტურისტებსა და მომლოცველებს შორის. დაკარგულთა შორის მინიმუმ 540 უცხოელია.

ახალი ტბა კიდევ ერთი წყალდიდობის საფრთხეს ქმნის

მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად ჩამოტანილმა ნამსხვრევებმა მდინარეზე ბუნებრივი ბარიერი წარმოქმნა, რომლის უკანაც წყალი დაგროვდა.

ჩინეთმა ტბის შესასწავლად რვაკაციანი საინჟინრო ჯგუფი გაგზავნა. სპეციალისტებმა ტერიტორიის აეროფოტოგადაღება და 3D მოდელირება დაიწყეს.

მათი მონაცემებით, პარასკევს ტბაში წყლის მოცულობამ 2.5 მილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბა, მაშინ როდესაც ერთი დღით ადრე დაახლოებით 1.5-2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.

ნეპალის რაზუვას რაიონის მაღალჩინოსნის, ნარენდრა პარიარის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გაფრთხილება, რომ მყინვარული ტბიდან წყალმა ბუნებრივ ბარიერს გადააჭარბა.

„ვხედავთ, რომ მდინარეში წყლის დონე მატულობს“, – განაცხადა მან.

მაშველები გადარჩენილებს ვერტმფრენებით ეძებენ

ნეპალში მაშველები ვერტმფრენების დახმარებით აგრძელებდნენ გადარჩენილების ძებნას და იზოლირებულ დასახლებებში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას. სამაშველო ჯგუფებმა, მათ შორის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებით, რამდენიმე ათეული ცხედარიც იპოვეს.

ერთ-ერთი გადარჩენილი, დიბგა ტამანგი, ხუთშაბათს რაზუვადან ოთხ ადამიანთან ერთად ვერტმფრენით გაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანა ნეპალს დახმარებას სთავაზობს, ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უცხოური სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ჩართვა საჭირო არ არის.

სამხრეთ კორეის სწრაფი რეაგირების ჯგუფი უკვე კატმანდუში იმყოფება, თუმცა მისი გამოყენების გადაწყვეტილება ნეპალის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია.

ტიბეტში ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ჩინეთის მხარეს, ტიბეტის გირონგის რაიონში, დაკარგულთა რაოდენობამ 558-ს მიაღწია, მათ შორის 260 უცხოელია. ჩინეთის მხარეს ამ დროისთვის სამი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.

სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა გირონგის სასაზღვრო გადასასვლელი. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ანადგურებს რამდენიმე წამში უზარმაზარი ტალახიანი ნაკადი შენობებსა და ინფრასტრუქტურას.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ხუთშაბათს სტიქიის ზონაში ჩავიდა.

ამასთან, დაკარგულთა ახლობლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათი ბედის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ. დაკარგულთა შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან. ჩრდილოეთ ვირჯინიიდან ათი მამაკაცი ნეპალში იმყოფებოდა და ტიბეტში, კაილაშის მთაზე სალაშქროდ გაემგზავრა, როდესაც რეგიონში სტიქია მოხდა. მათი მეუღლეები კი ამ დრომდე ელოდებიან ინფორმაციას მათი ადგილსამყოფლის შესახებ.