ჩილეს ატაკამას უდაბნოში კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტელესკოპის მშენებლობა მიმდინარეობს, რამაც, შესაძლოა, ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე რადიკალურად შეცვალოს.

ბოლო 200 წლის განმავლობაში ტელესკოპები ზომაში სულ უფრო იზრდება, ამან ასტრონომებს ახალი თავსატეხი გაუჩინა: რა დაარქვან გოლიათებს? ზოგს გამოჩენილი ასტრონომების სახელი ჰქვია, ზოგს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, თუმცა ბევრი მათგანი სახელს სწორედ თავისი გიგანტური ზომის გამო იღებს.
ტენდენციას საფუძველი XVIII საუკუნეში ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა ჩაუყარა, თავისი “დიდი ორმოცფუტიანი ტელესკოპით“. დღეს კი უკვე “სამხრეთ აფრიკის დიდი ტელესკოპი“ (SALT), ესპანეთის “დიდი კანარის ტელესკოპი“ (Gran Telescopio Canarias) და არიზონის “დიდი ბინოკულარული ტელესკოპი“ გვაქვს.
ჩილეს ატაკამას უდაბნოში მდებარე პარანალის ობსერვატორიის მეცნიერებისა და ინჟინრებისთვის პასუხი მარტივი აღმოჩნდა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მათ ახლ ტელესკოპს “ძალიან დიდი ტელესკოპი“ (Very Large Telescope — VLT) დაარქვეს.

ახლა კი იგივე ასტრონომები კიდევ უფრო შორს მიდიან. ჩილეს მეორე მთის მწვერვალზე ისინი აგებენ ობიექტს, რომელიც ვარსკვლავებისკენ მიმართული დედამიწის უდიდესი თვალი გახდება და რა იქნება მისი სახელი? რა თქმა უნდა “ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი“ (Extremely Large Telescope — ELT).
ზომები მართლაც შთამბეჭდავია: ELT-ის გუმბათის სიმაღლე 80 მეტრია, ხოლო მის შიგნით განთავსებული სარკის დიამეტრი 39 მეტრი. პროექტის ავტორი ორგანიზაცია, 16 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ევროპული სამხრეთული ობსერვატორია (ESO) გეგმავს, რომ გარეგანი კონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ტელესკოპი კოსმოსის სიღრმეებს 2030 წლისთვის გადახედავს.

ახალი ტელესკოპი უდიდესი ინჟინრული გამოწვევა აღმოჩნდა: ათობით ათასი ტონა ბეტონისა და ფოლადის, ასევე 798 ზუსტად დამუშავებული სარკის სეგმენტის ტრანსპორტირება უდაბნოში, უკაცრიელი მთის მწვერვალზე გახდა საჭირო.
შორიდან ELT-ის მასშტაბის აღქმა ჭირს. სერო-არმასონესის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, ცისფერი ცის ფონზე ის ჯერ მხოლოდ ვერცხლისფერ წერტილად მოსჩანს. საგზაო ნიშნებისა და იშვიათი სამრეწველო მაღაროების გარდა, ატაკამას უდაბნოში ადამიანის საქმიანობის კვალი თითქმის არ ჩანს. სამშენებლო მასალები უახლოესი ქალაქიდან საათობით გადააქვთ, ინჟინრები კი რვა დღისა და ღამის განმავლობაში ცვლებში მუშაობენ, რის შემდეგაც ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე სახლებში ბრუნდებიან.

ატაკამა არ არის ქვიშის უდაბნო; ეს უსწორმასწორო კლდეების, ვულკანური მწვერვალებისა და მარილიანი ტბების მხარეა. ზოგიერთ ადგილას წვიმა საუკუნეში მხოლოდ რამდენჯერმე, ან საერთოდ არ მოდის. ჰაერში ტენიანობა იმდენად დაბალია, რომ ტუჩები მუდმივად მშრალია, დეჰიდრატაცია რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო გაუხშოებული, უღრუბლო ატმოსფეროს გამო მზე კანს იმაზე სწრაფად წვავს, ვიდრე პლანეტის თითქმის ნებისმიერ სხვა წერტილში.
სწორედ ამ დაუნდობელ გარემოში იწყებს სიცოცხლეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ტელესკოპი. მოძრავი გუმბათის შიგნით ფოლადის კოჭებისა და მოძრავი ნაწილების რთული სისტემაა განლაგებული, რომელმაც გიგანტური სარკე უნდა დაიკავოს.
“ეს მასშტაბითა და ზომით ნამდვილი ტაძარია“, - ამბობს მაიკლ ბუთი, ELT-ის მექანიკური ინჟინერიის ხელმძღვანელი.

ELT-ის სარკე 798 ინდივიდუალური, ექვსკუთხა სეგმენტისგან აიწყობა. VLT-ისთან შედარებით, რომლის თითოეული სარკე 8.2 მეტრია, ELT-ის 39-მეტრიანი სარკე ასტრონომებს საშუალებას მისცემს, ობიექტები გაცილებით მაღალი რეზოლუციით დაინახონ.

“წარმოიდგინეთ, ღამით შორიდან მომავალი ავტომობილი, ძალიან დიდ მანძილზე მისი ორი ფარი ერთ სინათლის წერტილად ჩანს. რაც უფრო ახლოს მოდის, ფარები ერთმანეთს ემიჯნება. ვარსკვლავების შემთხვევაშიც ასეა: გიგანტური სარკე ამ სინათლეს დედამიწასთან “ახლოს მოიყვანს“, რაც ობიექტების გარჩევის საშუალებას იძლევა“, - განმარტავს ESO-ს ასტრონომი ელიარ სედაღათი.
ELT-ს შეუძლია ასტრონომიასა და ფიზიკაში რევოლუცია მოახდინოს. მას შეეძლება შეისწავლოს უძველესი გალაქტიკები, დაადგინოს ჩვენი გალაქტიკის უხუცესი ვარსკვლავების ასაკი, თვალი ადევნოს გალაქტიკურ ცენტრთან მბრუნავ ვარსკვლავებს და დააკვირდეს ჩვენს მზის სისტემაში შემოჭრილ ვარსკვლავთშორის კომეტებს.
თუმცა ახალი ტელესკოპის ყველაზე დიდი აღმოჩენა, შესაძლოა, დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება გახდეს.

XXI საუკუნეში უცხოპლანეტელების ძიების ახალ ეპოქაში შევედით. მეცნიერთა უმეტესობას დედამიწის მიღმა მარტივი სიცოცხლე არსებობის სჯერა. 90%-ზე მეტი ასტრობიოლოგი და ფიზიკოსი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამყაროში მიკრობული ან წყალმცენარეების დონის სიცოცხლე სრულიად რეალურია.
ELT საშუალებას მოგვცემს ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შემადგენლობა შევისწავლოთ.

შესაძლოა, სულ რაღაც ერთ ათწლეულში, სწორედ აქ ჩილეს უდაბნოს გულში მივიღოთ საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ.
მანამდე კი ასტრონომები ელოდებიან. მათ იციან, რომ 2030-იანი წლებისთვის ადამიანის ცნობისმოყვარეობის ეს უდიდესი ტაძარი საბოლოოდ გადახედავს კოსმოსს. ხოლო თუ რას აღმოაჩენს ის ეს ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.