ავტორი:

"მგონია, რომ ხელახლა დავიბადე - დავიბრუნე ის მარიამი, რომელიც სადღაც გზაში დავკარგე" - რას ამბობს ქალი, რომელმაც 97 კგ დაიკლო და დღეს სხვებისთვის სამაგალითოა

"მგონია, რომ ხელახლა დავიბადე -  დავიბრუნე ის მარიამი, რომელიც სადღაც გზაში დავკარგე" - რას ამბობს ქალი, რომელმაც 97 კგ დაიკლო და დღეს სხვებისთვის სამაგალითოა

"გავიზარდე ძალიან დიდ, მრავალშვილიან ოჯახში, სადაც ყოველთვის დიდი სითბო, სიყვარული ტრიალებდა, ერთმანეთს გვერდით ვედექით. ალბათ, სწორედ ამ გარემომ ჩამომაყალიბა ასეთად“, - გვეუბნება მარიამ ბოლქვაძე, ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელში აქტივობით გაიცნეს. ის ცდილობს თავისი განვლილი გზის, გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებას. მისი გზა კი არ ყოფილა მარტივი...

წონაში 97 კილოგრამის დაკლება, პლასტიკური ოპერაციები, განცდები, ემოციები მარიამ ბოლქვაძის ცხოვრების ის პერიოდებია, რამაც, როგორც თვითონ ამბობს, საბოლოოდ საკუთარ თავთან თავიდან მიიყვანა.

მარიამ ბოლქვაძემ ამ ყველაფრის შესახებ ახლა უკვე Ambebi.ge-ს პირველი ინტერვიუ მისცა.

- მარიამ, დავიწყოთ იმით, რომ 13-შვილიან ოჯახში გაიზარდეთ. ვინ არიან თქვენი მშობლები?

- მე ვარ საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა ალექსანდრე ბოლქვაძის შვილი. მამა 13 შვილის მამა და 22 შვილიშვილის ბაბუაა, თან კიდევ 3 პატარას ველოდებით.

რაც შეეხება დედას, ნინო ბზვანელს - ის არის პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი და ხელმძღვანელობს საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის მრავალშვილიან დედათა ასოციაციას, სადაც ჯამში 30 დედა და 310 შვილია. დედა აქტიურად ეწევა მრავალშვილიანი დედების პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ცნობილი ბრენდის, "ფოფოდიას“ დამფუძნებელი და დიზაინერია - ქმნის უძვირფასეს სამკაულებს ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისგან. მყავს ყველაზე პროგრესული, შეგნებული და საოცარი მშობლები, რომლებიც უპირობოდ ჩემ გვერდით არიან ყველა საკითხში.

- როგორია 13-შვილიან ოჯახში გაზრდა და ის, როცა მამა სასულიერო პირი გყავს. იყო თუ არა ეს თქვენთვის თუნდაც რაიმე საკითხში შეზღუდვა?

- სასულიერო პირის შვილობა არანაირ აკრძალვებს არ ნიშნავს - პირიქით, ეს არის სილაღე და თავისუფლება.

13-შვილიან ოჯახში გაზრდა ჩემთვის ბედნიერებასთან, წარმოუდგენლად საინტერესო ცხოვრებასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ მამას ძალიან დიდი მრევლი ჰყავს და ჩვენი ოჯახი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, სახლში არასდროს შექმნილა ისეთი გარემო, სადაც თავს შეზღუდულად ვიგრძნობდით.

პირიქით, მშობლებმა ძალიან თავისუფლად და სიყვარულით გაგვზარდეს. გვაძლევდნენ საშუალებას, ვყოფილიყავით ისეთები, როგორებიც ვართ, გვქონოდა საკუთარი აზრი და გვეცხოვრა ბავშვური სიხარულით. ალბათ სწორედ ამ თავისუფლებამ და ოჯახში მიღებულმა სიყვარულმა ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ - არ მეშინია ცვლილებების და საკუთარ თავთან ყოველთვის გულწრფელი ვარ.

- პროფესიით ვინ ხართ და თუ გიმუშავიათ თქვენი სპეციალობით?

- პროფესიით დიზაინერი ვარ. წლების განმავლობაში მქონდა საკუთარი ხელნაკეთი ნივთების ბრენდი. მერე ბევრი რამ შეიცვალა, რთული პერიოდი გავიარე და დღეს ვქმნი ახალ მარიამს - ჯერ კიდევ პროცესში ვარ. ამჟამად ვარ "ანდიოლენდის“ პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი. ზოოპარკში გვაქვს ულამაზესი სივრცე და საბავშვო პარკი, სადაც ყოველდღიურად ვიღებთ სტუმრებს - როგორც ტიპური, ისე ატიპიური განვითარების ბავშვებს. ამჟამად ახალ ნაბიჯებს ვდგამ სოციალურ ქსელებშიც: მიუხედავად იმისა, რომ აქამდე აქტიური არ ვყოფილვარ, ახლა ვაქტიურობ - ვიდეოების გადაღება და მონტაჟი დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ეს საქმე საოცრად მომწონს. ბუნებრივად და გულწრფელად ვუზიარებ ხალხს ჩემს გამოცდილებას და წინ დიდი გეგმები მაქვს!

- ორი შვილის დედა ხართ და ამბობთ, რომ მათ მარტო ზრდით. დიდი ხანია მარტოხელა დედის სტატუსი გაქვთ? რთულია მარტოხელა დედობა? როგორ უმკლავდებით გამოწვევებს?

- ხუთი წელია, რაც ჩემს ორ ულამაზეს გოგონას - ტაისიას (8 წლის) და ანისიას (6 წლის) მარტო ვზრდი. სულ ვამბობ, რომ შვილები დედამ უნდა გაზარდოს და არანაირი შემოსავალი არ ღირს იმად, რომ შვილებთან ერთად არ იყო და ყველა ემოცია ერთად არ შეიგრძნო.

რაც შეეხება მათ მამას, ის არაჩვეულებრივი ადამიანია, თუმცა ამ თემაზე ბევრი არ მინდა ვისაუბრო - ეს წარსულია... გავთხოვდი 132 კილოგრამი და ვხუმრობ ხოლმე: "არ ინერვიულოთ, გოგოებო, ამ წონის გავთხოვდი და რომ გავხდი, ქმარმა მიმატოვა-მეთქი“ (ნაწილობრივ სიმართლეცაა). თუმცა მადლიერი ვარ ჩემი წარსულის და თითოეული რთული პერიოდის. ეს ყველაფერი უნდა გამევლო, რომ დღევანდელი მარიამი გავმხდარიყავი. მარტოხელა დედობას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება, მაგრამ ამ წლებმა უფრო ძლიერი გამხადა და დამანახა, რომ ქალს შეუძლია ნებისმიერი სირთულის გადალახვა და ცხოვრების თავიდან დაწყება.

- შვილებზე უფრო მეტს რა გვეტყვით...

- ჩემი გოგოები - ტაისია და ანისია - ჩემი უდიდესი მეგობრები არიან. ძალიან აქტიურები არიან: დადიან "სუხიშვილებში“, ტანვარჯიშზე, მღერიან, ხატავენ. ბევრს ვსაუბრობთ და მათი აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. სულ ვამბობ: მოუსმინეთ ბავშვებს, მით უმეტეს, ახლანდელ თაობას! ბევრს ვსწავლობ მათგან და მათთან ერთად მეც ვიზრდები.

- გვიამბეთ წონასთან დაკავშირებით თქვენი ამბავი

- ყოველთვის მომწონდა ჩემი თავი, ის პუტკუნა მარიამიც ძალიან მიყვარდა და ჯანმრთელობის პრობლემაც არასდროს შემქმნია. მქონდა ჩემი საქმე, შემოსავალი, მყავდა საოცარი მეგობრები და წონა დიდად არ მაწუხებდა, ვიტანდი ამ ყველაფერს, სანამ ცხოვრებაში ერთი გარდამტეხი მომენტი არ დადგა...

- ბოლოს 155 კილოგრამი გახდით, ხომ? და მიხვედით ბარიატრიამდე?

- ჩემი ოპერაციის მიზეზი და მთავარი ბიძგი ჩემი შვილები გახდნენ. მახსოვს, ერთხელ გასართობ ცენტრში ვიყავი ტაისიასთან ერთად და მთხოვა, ბატუტზე მეხტუნავა. ვუთხარი: "დედიკო, ვერ ვიხტუნავებ, ჩავამტვრევ-მეთქი“. მან კი ანთებული თვალებით მითხრა: "არა, დედიკო, მაშას დათვი მულტფილმში რომ ხტუნაობს, არ ანგრევსო“ (ბავშვმა უნებლიედ დათვად აღმიქვა)... ამ სიტყვებმა გული მომიკლა და პირველად მაშინ გავაანალიზე რეალურად ჩემი წონა. ტაისიას ამ სიყვარულმა ამატირა და შევპირდი, რომ მომავალ წელს მასთან ერთად ვიხტუნავებდი ბატუტზე.

ღვთის წყალობით, ეს ოცნება ავუსრულე - ჩემმა მადლიანმა მეგობარმა ხელი მომკიდა და ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე. ვფიქრობდი: "სად ვიყავი აქამდე?!“ ჯამში 97 კილოგრამი დავიკელი და წონა 155 კილოდან ჩამოვიდა.

- ოპერაცია 5 წლის წინ გაიკეთეთ. ბევრი თავს ოპერაციის შემდეგ ვერ უფრთხილდება, ექიმის მითითებებს არ ან ვერ ითვალისწინებს... როგორ შეძელით ამ ყველაფრის დაცვა, რადგან მშვენიერ ფორმაში ხართ?

- ყველაფერი გონებიდან მოდის! როდესაც აცნობიერებ, რომ შენ მართავ შენს გონებას და ცხოვრების რთულ პერიოდს უფლის საჩუქრად და პატარა გამოცდად იღებ, რომელსაც მადლიერებით უნდა აბარებდე, ყველაფერი მარტივდება. მნიშვნელოვანია სწორი ქირურგი და საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა.

- პლასტიკური ოპერაციები რამდენ ეტაპად ჩატარდა...

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უზარმაზარი წონა დავიკელი, თავს მაინც ვერ ვგრძნობდი ბედნიერად, რადგან კანი არაესთეტიურად ჩამოიწელა. პუტკუნობისას იმდენი კომპლექსი არ მქონია, რამდენიც მერე დამეწყო: ბრეტელებიან მაისურს ვერ ვიცვამდი, ზღვაზე რომ მივდიოდი, პირსახოცის ქვეშ ვმალავდი სხეულს და ვცდილობდი წყალში ისე ჩავმხტარიყავი, რომ არავის დავენახე.

ამიტომ მივედი პლასტიკურ ოპერაციამდე: უკვე გავიკეთე ხელებისა და ბარძაყების კანის მოჭიმვის ოპერაციები, ასევე ბლეფაროპლასტიკა. პროცესში ვარ - სულ მალე აბდომინოპლასტიკასაც (მუცლის ოპერაციას) ვიკეთებ და ვემზადები ახალი ეტაპისთვის.

- მშობლების შეფასება და აზრი თქვენს გადაწყვეტილებასა და ასეთ სიახლეზე როგორია?

- როგორც აღვნიშნე, ჩემი მშობლები ჩემი უდიდესი ძალა და საყრდენია. მამაო და დედიკო უპირობოდ მენდობიან, მხარს მიჭერენ ყველა სიახლეში. უხარიათ, როცა ბედნიერს მხედავენ, ჩემი ღიმილი ახარებთ და ბოლომდე მომყვებიან. ყველაფერი გონებიდან იწყება და როცა შენი ოჯახი გვერდით გყავს, ყველაფრის გადალახვა შეგიძლია.

- ამ ყველაფრის შემდეგ გარეგნულად მართლაც სხვა ადამიანი ხართ და საკუთარი თავი ახალ ამპლუაში მოგწონთ, ხომ?

- სოციალურ ქსელებში აქტიურობა სულ ახლახან დავიწყე. გავაზიარე ჩემი გზა, 97 კილოს დაკლება, ოპერაციები და ის ცვლილებები, რომლებმაც საკუთარ თავთან მიმიყვანა. მართლა მგონია, რომ ხელახლა დავიბადე - დავიბრუნე ჩემი სილაღე, ცხოვრების ხალისი და ის მარიამი, რომელიც "გზაში დავკარგე“. დღეს ჩემს ახალ ამპლუაში უბედნიერესი ვარ!

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა... დღის რეჟიმი, ცხოვრების სტილი...

- დღეს ჩემი ყოველდღიურობა სავსეა სიცოცხლით, საქმით და ენერგიით. ვუძღვები ჩემს შვილებს, ვმუშაობ "ანდიოლენდში“, ვწერ ვიდეოებს, ვამონტაჟებ და ვესაუბრები იმ უამრავ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მწერს. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როცა გოგოებს (და არა მარტო გოგოებს - ბიჭებსაც) ვეხმარები, ვაკვალიანებ და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ.

- და რას ურჩევდით სხვა ადამიანებს, მაგალითად, ჩვენს მკითხველს, ვისაც წონის პრობლემა აქვს?

- პირველ რიგში, არასდროს არ დანებდეთ! არ აქვს მნიშვნელობა კილოგრამებს და ასაკს (ასაკმა ხომ საერთოდ გადაიწია, ყველა პატარები ვართ)... მთავარია, გჯეროდეთ, რომ არასდროს არის გვიანი თავიდან დაწყება. სულ ვამბობ: გოიმობა არ არის ის, როცა რაღაც არ იცი - გოიმობა მიმღებლობის და სიყვარულის არქონაა.

ყველა ადამიანი ლამაზია, რადგან ყველა ღვთის ქმნილება ვართ. არ მოგერიდოთ, მომწერეთ - თუკი ჩემი გავლილი გზა თუნდაც ერთ ადამიანს მისცემს ფეხზე წამოდგომის სტიმულს, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ვიყოთ უფრო თავისუფლები, გვიყვარდეს უპირობოდ და მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორიც ვართ!

- და ცხოვრების ახალმა ეტაპმა ინფლუენსერიც გაგხადათ...

- ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა... არ მინდა ჩემი ამბავი მხოლოდ წონის დაკლების ისტორიად დარჩეს. ჩემთვის ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელმაც საკუთარ თავში თავიდან იპოვა ძალა. მართლა მგონია, რომ ხელახლა დავიბადე - თავიდან დავიბრუნე ჩემი თავი, ჩემი სილაღე, ცხოვრების ხალისი და ის მარიამი, რომელიც სადღაც მართლა გზაში დავკარგე.

ჩემი გამომწერები კი ამ ყველაფერში უდიდეს სტიმულს მაძლევენ. თითოეული თბილი სიტყვა, თითოეული შეტყობინება და მათი სიყვარული ჩემთვის ძალიან დიდი ძალაა. მინდა მათაც მადლობა ვუთხრა, რადგან ხშირად მოტივაციას ისინი მაძლევენ, მე კი ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მათ. მგონია, რომ ერთმანეთისგან ვსწავლობთ და ერთად ვიზრდებით.

ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის - ადამიანს, რომელიც დღეს შეიძლება რთულ მდგომარეობაში იყოს, დავანახო, რომ ყველაფერი არ მთავრდება იქ, სადაც ახლა დგას. შეიძლება ადგე, თავიდან დაიწყო და ბოლომდე იბრძოლო. მინდა ჩემი ყოველი ტკივილი, ყოველი სირთულე, ყოველი განსაცდელი და ყოველი ლოცვა გამარჯვებად ვაქციო. თუ ჩემი გავლილი გზა თუნდაც ერთ ადამიანს მისცემს ძალას, რომ ფეხზე წამოდგეს და საკუთარ ცხოვრებას თავიდან შეხედოს, მაშინ ჩემთვის ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დღეს ამ ყველაფრის კეთება ძალიან მსიამოვნებს. ენერგიას ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი და ის ადამიანები მაძლევენ, ვინც ყოველდღიურად მეხმიანებიან. მინდა მათთან ერთად გავაგრძელო ეს გზა - გულწრფელად, რეალურად და ყოველგვარი ნიღბების გარეშე.

და ყველაზე მთავარი, რაც მინდა ადამიანებს ვუთხრა: არ დანებდეთ. რაც არ უნდა რთული იყოს თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, არასდროს არის გვიანი თავიდან დაწყება.