"ქართული ოცნების“ ბოლო დროინდელი უჩვეულო გადაწყვეტილებები საზოგადოებაში გაკვირვებას იწვევს. ჯერ იყო და, 5 დღის წინ ირაკლი კობახიძემ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები შემოდგომისთვის გადაიდო, ამავე დღეებში, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაწარმდგენი გახდა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყაველაშვილის შეწყალებულ პატიმართა შორის 6 სინდისის პატიმარი აღმოჩნდა და მამუკა მდინარაძე საერთოდაც პოლიტიკიდან წავიდა. რას უკავშირდება მმართველი გუნდის ეს ტაქტიკური ნაბიჯები და რა ხდება "ქართული ოცნების“ კულუარებში, ამ საკითხებზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- ბოლო დროს უცნაურად ვითარდება მოვლენები, ჯერ იყო და ოჯახში, შვილების მისახედად წავიდა მდინარაძე, ორი დღის წინ კი რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს... რას მივაწეროთ "ოცნების“ ეს ნაბიჯები?
- ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, მართოს ქვეყანა და მეორეს მხრივ, ამაზე პასუხისმგებლობა სხვას დააკისროს. შესაბამისად, როდესაც ის ვიღაცას უშვებს, სხვას აფიქრებინებს, რომ აი, ბიძინა კი არ იყო თავის დროზე პოლიტპატიმრების დაპატიმრების ინიციატორი, არამედ სხვა ვიღაც და ახლა ის გაუშვა. ეს არის ერთგვარი თამაში. ბუნებრივია, რომ მის გარეშე გადაწყვეტილებები ქვეყანაში პრაქტიკულად, არ მიიღება, მაგრამ ბიძინა ნიშნავს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ პირს და როცა ჩარეცხვის დრო დადგება, რეცხავს.
მდინარაძის გაშვება ფორმალური აქტი იყო, რეალურად, უკვე რამდენიმე წლის წინ ის პენსიაზე იყო გაშვებული. სუს-შიც რომ მივიდა, იქაც კი ვერ ასრულებდა სრულფასოვნად თავის მოვალეობას, ე.წ. საქორწინო გენერლად იყო დანიშნული. ვფიქრობ, ისე წამოვიდა სუს-იდან, რომ დღესაც არ ესმის, ფორმალურად რა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მაგრამ მთავარი ცოდვები ივანიშვილმა მაინც კობახიძეს უნდა აკიდოს და ეს მომენტი ახლოვდება, მის ირგვლივ წრეს ავიწროებს.
ფაქტობრივად, მან კობახიძეს მთავრობაში არც აღარავინ დაუტოვა ხმის გამცემი, მარტო დატოვა ბავშვი ამხელა შენობაში. ერთი ჰყავდა, ასე რომ ვთქვათ, საჭორაოდ და Facebook-ის დასასქრინად - მდინარაძე და ისიც აღარ ჰყავს, ხომ?! ახლა მას უნდა აკიდოს პასუხისმგებლობა, ძირითადი ცოდვები და მერე უნდა დაიწყოს ახალი ციკლი. ჩვენ იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯები, იგივე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, სისტემურ ხასიათს ატარებს და რაიმე შემობრუნებას ნიშნავს. არ ნიშნავს! ეს არის ტაქტიკური სვლა, როდესაც რაღაც ცოდვებზე ტვირთი სხვას უნდა აკიდოს და მეტი არაფერი არ ხდება.
- საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, იქაც "წინსვლაა“ – 5 დღის წინ კობახიძემ უკრაინას სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ოცნებამ“ დაიჯერა, რუსეთი ომს აგებს და ანტიუკრაინული რიტორიკაც მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის სჭირდება?
- მთელი წელი რომ უკრაინას ქვებს ესროდნენ და მერე ვიღაცამ რომ რაღაც თქვა, ახლა ამას მნიშვნელობას ვანიჭებთ? მნიშვნელობა აქვს იმ ანტიუკრაინულ სისტემურ ნაბიჯებს, რაც ქვეყანაში გადაიდგმება. უკრაინას ყოველდღიურად, დღეში 100-ჯერ ლანძღავდნენ დედიან-ბუდიანად და ახლა რადგან დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, აქედან რაღაც დასკვნების გაკეთება, ვფიქრობ, არასერიოზული იქნებოდა.
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ მრავლობითში ნუ ვილაპარაკებთ, ქოცებს ვისი ან რისი სჯერათ, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ბიძინა რას ფიქრობს. ბიძინასთვის ეს თემა არის ბუნდოვანი, ჯერ ვერ გაერკვა. ერთი მხრივ, ბევრი რამ, რაც მან ბოლო პერიოდში გააკეთა, იყო შიში პუტინის მიმართ, მისი უძლეველობის რწმენა და ის შესაბამის კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის პუტინის ერთგულია, საერთოდ, ბიძინას ძალიან მარტივად შეუძლია გადაგდება - თუ მას მიეცა პუტინის გადაგდების შანსი, გადააგდებს, მაგრამ ჯერჯერობით ის თვლის, რომ ის პუტინის პოლიტიკის მძევალია, შესაბამისად, ელოდება სიტუაციის დაწმენდას, ეს ბუნდოვანება რომ გაქრეს იმავე უკრაინასთან მიმართებაში და არა მხოლოდ უკრაინა, ახლა იმავე ირანის პრობლემასაც აკვირდება. კობახიძის ჩამოშორება ძალაუფლებიდან დამოკიდებულია იმაზე, საბოლოო ჯამში რა პოლიტიკა ჩამოყალიბდება. ეს პოლიტიკის ჩამოყალიბება, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და ირანის ირგვლივ.
- ანუ კობახიძის ყოფნა-არყოფნა საგარეო პოლიტიკაზეა დამოკიდებული?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ბიძინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა მიმართულებით ავითარებს ქვეყანას: აგრძელებს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციის პროცესს, თუ არა. ბიძინა კობახიძეს არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებს, მაგრამ სხვა ტაქტიკით მოიშორებს. არსებობს მოშორების სხვადასხვა ფორმები: ხისტი ფორმები, რბილი ფორმები, მაგრამ კობახიძე რომ განტევების ვაცი უნდა გახდეს, აქ ორი აზრი არ არის, ეს აბსოლუტურად ჩანს უკვე. კობახიძე სტერილურია, ფაქტობრივად, აღარაფერს აკონტროლებს. მას მინისტრთა კაბინეტში ხმის გამცემი აღარ ჰყავს. ბიძინამ ჩამოაყალიბა ტექნიკური მინისტრთა კაბინეტი, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ფაქტობრივად, აღარ ექვემდებარებიან უკვე. ბოლო იყო მდინარაძე, ვინც მას უსმენდა და ისიც აღარ არის.
- "ოცნებაში“ რომ კრიზისია, ეს ცალსახაა. თუ იცით, რა ხდება კულუარებში და "ხალიჩის ქვეშ“, ასე რომ ვთქვათ?
- მეფის კარის ინტრიგები, ეს ხომ საერთოდ კლასიკაა, კლასიკური თემაა, მაგრამ არ არის მაინცდამაინც საინტერესო. ხალიჩის ქვეშ ვინ რას თამაშობს, ვინ რა ჭიას ახარებს, ვინ ვის ებრძვის, სახელმწიფოებრივად არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ ჩვენ სისტემური პრობლემა გვაქვს. ჩვენ ხომ არა გვაქვს რაღაც ცალკეული ინდივიდების ქმედებების პრობლემები, ჩვენ გვაქვს თვითონ სისტემის მანკიერების პრობლემა. მაფიოზური ტიპის მმართველობის პრობლემა გვაქვს, სადაც ინსტიტუტები ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენთან ხომ არ არის ინსტიტუციური მმართველობა, ყველა ინსტიტუტი ნომინალურად არსებობს, ფაქტობრივად, ყველაფერი მონოპოლიზებულია და ხისტ პოლიტიკურ ვერტიკალში განთავსებული.
- ღარიბაშვილი წერილს წერილზე წერს და როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ აიღებს თავზე ხელს და ყველაფერს ნათელს მოჰფენს, თუ მის მიერ ბრძოლის დაანონსება ლიტონი სიტყვებია მხოლოდ?
- მისი წერილები ემოციური გამოტყორცნა იყო, ვიტყოდი, საკმაოდ პრიმიტიული. აქედან არაფერს ველოდები. ეს წერილებიც შეწყდება და როგორც არ გვახსოვდა, ისევ დაგვავიწყდება ღარიბაშვილი. ეს არის გაკოტრებული ადამიანის ბაქიბუქი და მეტი არაფერი.