"მამამ თავისი ხელით მიუყვანა პოლიციას, მე-11 კლასის მოსწავლეა დაკავებული...დედა ემიგრანტი ჰყავს მოკლულს, გამანადგურა ამ ამბავმა" - ვინ არის ქარელში მოკლული 22 წლის ახალგაზრდა?

"მამამ თავისი ხელით მიუყვანა პოლიციას, მე-11 კლასის მოსწავლეა დაკავებული...დედა ემიგრანტი ჰყავს მოკლულს, გამანადგურა ამ ამბავმა" - ვინ არის ქარელში მოკლული 22 წლის ახალგაზრდა?

ქარელში, სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა, სამართალდამცავებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია, „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

წუხელ მოხდა ეს საშინელი დანაშაული, მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან კარგი ახალგაზრდა გოჩა ქოთუაშვილი. მარიამობას მოხდა ეს საშინელი ფაქტი. დეტალები არ ვიცი. დანით მიუყენებია ჭრილობა. სოფელ დირბში მოხდა დანაშაული, როგორც მითხრეს, ჩხუბი მომხდარა მათ შორის და ადგილზე მოკლეს, მერე დამნაშავე გაიქცა, მაგრამ მაინც დაიჭირეს პოლიციელებმა. დედა ემიგრანტი ჰყავს მოკლულს, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა. მისი მონატრებული შვილი არ დახვდება დედას. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მერე რა რომ არასრულწლოვანია, ვინც ჩადის დანაშაულს, ყველა უნდა დაისაჯოს საკადრისად, რომ სხვამ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული. ასე ყოველდღიურად არ ხოცავდნენ უმოწყალოდ ახალგაზრდები ერთმანეთს, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს,”- ამბობს თანასოფლელი.

როგორც გავარკვიეთ, მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სოფელ დებრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ფაქტს სკოლის დირექტორიც გვიდასტურებს:

“დიახ, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა დაკავებული არასრულწლოვანი. წუხელ დამრიგებლისგან გავიგე მომხდარი ფაქტი. პირველ რიგში მინდა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა მომხდარის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ დაკავებულია ჩვენი მოსწავლე და ის პოლიციას მამამ მიუყვანა თავისი ხელით. შელაპარაკება მომხდარა, რის გამო მოხდა ეს მძიმე ფაქტი.

თვითონ დაკავებულ ბიჭზე დადებითის მეტს ვერაფერს გეტყვით. ახლაც ვფიქრობდი ამ ბავშვზე, არ ვიცი რა ვთქვა, გამორჩეული, დადებითი ყოფაქცევის ბიჭია, სპორტსმენი, ძიუდოზე დადიოდა, სკოლაშიც მოწესრიგებული იყო სულ. შეიძლება მაღალი შეფასებებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ზრდილობით და აკადემიურობით ნამდვილად ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლე იყო. ვერ გეტყვით გუშინ რა მოხდა, რატომ დატრიალდა ეს უბედურება. გარდაცვლილი ბიჭიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა, მართალია მე მას არ ვასწავლიდი, მაგრამ გოჩა 2004 წელს არის დაბადებული და სკოლა ხუთი წელია რაც დამთავრებული აქვს. მე მას პირადად არ ვიცნობდი, ამ დროს დირექტორი არ ვიყავი, ამიტომ მისი დახასიათება არ შემიძლია, თუმცა ვიზუალურად ვიცნობდი ამ ბიჭს, მყავდა ნანახი. ამ სოფელში არ ვცხოვრობ. დირბი დიდი სოფელია, ეს ბიჭები ახლო მეზობლები არ არიან, რა მოხდა და რატომ იკამათეს, ამაზეც არ მაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია. რაიონში მეორე სოფელია დირბი რუისის შემდეგ და ესე დეტალურად ვინ სად ცხოვრობს ნაკლებად ვიცი, მაგრამ მე მგონი ძალიან შორს არ ცხოვრობენ ერთმანეთისგან. განაგრძეთ კითხვა