სტავროპოლის მხარეში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 38 დაშავდა. დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია, რომელთაგან ერთი რეანიმაციაშია.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად 5 გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი დაშავებული მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ავარია დაახლოებით ღამის 1:00 საათზე, კავკაზის ფედერალურ გზატკეცილზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო-მოსკოვის მარშრუტით მოძრავი Setra-ს ავტობუსი წინ მიმავალ KamAZ-ის სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში აღმოჩნდა.
ავარიის წინასწარი მიზეზი მძღოლის მიერ სიჩქარის ლიმიტის დარღვევა და სატვირთო მანქანასთან უსაფრთხო დისტანციის დაცვაა.
ადგილზე მუშაობენ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლები და საგამოძიებო ორგანოები. ისინი ადგენენ შეჯახების ყველა გარემოებას და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს.