ნეპალსა და ტიბეტში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ნეპალის კატასტროფების მართვის სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 734-მდე გაიზარდა. საძიებო და სამაშველო ოპერაციებში მობილიზებულია უსაფრთხოების ძალების დაახლოებით 20 000 წარმომადგენელი.
გაეროს რეზიდენტი კოორდინატორი ნეპალში, ლილა პიტერს იაჰია BBC-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება უკვე შემოდის, თუმცა დაზარალებულ მოსახლეობამდე მისი მიტანა უკიდურესად რთული რელიეფის გამო “უზომოდ ძნელია“. სამაშველო ოპერაციებს დამატებით მხარდაჭერას უწვენ ინდოეთისა და ჩინეთის სამაშველო გუნდები, რომლებიც სტიქიის ზონაში ახლახან ჩავიდნენ.
არსებული ბარიერების დასაძლევად ნეპალის მთავრობამ დაიწყო ყველაფრის ვერტმფრენებით გადაზიდვა, ასევე აქტიურად განიხილება დრონების გამოყენება დახმარების უფრო ეფექტურად მისაწოდებლად. თუმცა, მაშველებს ხელს არც ამინდი უწყობს - სტიქიის ზონაში ყვითელი წვიმის გაფრთხილება მინიმუმ ორშაბათამდე დარჩება ძალაში.

ამავდროულად, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ტიბეტში მდინარე პრუკპუ ციანგ ძანგბუზე ახალი მეწყერი ჩამოწვა. მონიტორინგის დრონმა დააფიქსირა, რომ ნაშალმა მასამ მდინარე ჩაკეტა და ახალი ბუნებრივი ტბა წარმოქმნა. ეს შემთხვევა მოხდა წინა მეწყრის შედეგად შექმნილი ტბიდან დაახლოებით 2.8 კილომეტრში.
ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ სასწრაფოდ შეკრიბა ექსპერტთა ჯგუფი ვითარების შესაფასებლად, ხოლო გიერონგის პორტთან მყოფი მაშველები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ გიერონგის პორტი კატმანდუდან ტიბეტის წმინდა კაილაშის მთისკენ მიმავალი ალპინისტებისა და მომლოცველების მთავარი გამშვები პუნქტია. მიუხედავად იმისა, რომ ტბიდან მომავალი უშუალო საფრთხე ამ დროისთვის ოდნავ შემცირდა, მეწყრების რისკი კვლავ მაღალია, რის გამოც საზღვრის გასწვრივ სპეციალური მონიტორინგის სადგურები დამონტაჟდა.

სტიქიური უბედურების გამომწვევი მიზეზი ჰიმალაის მთებში, ლანგტანგ ლირუნგის მწვერვალთან, ზღვის დონიდან 7 200 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მყინვარის ჩამოშლა გახდა, რაც დრონით გადაღებულ და BBC-ის მიერ გადაღებულ კადრებშიც აისახა. მყინვარის ჩამოშლის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ მან 5.2 მაგნიტუდის სეისმური ბიძგი გამოიწვია. ამან გამოიწვია დამანგრეველი ნიაღვარი მდინარეებზე - ტრიშულისა და ბჰოტე კოშიზე, რომელმაც 100 კილომეტრის მანძილზე გაანადგურა ტურისტებსა და პილიგრიმებში პოპულარული დასახლებები.

ჩინეთის საგარეო უწყებისა და სხვა უწყებების ერთობლივი მოკვლევით, ტიბეტის მხარეს დაკარგულ უცხოელებს შორის არიან: 104 ნეპალელი, 49 ინდოელი, 33 ლატვიელი, 18 ამერიკელი, 6 კანადელი, 6 ავსტრალიელი და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ათეულობით მოქალაქე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი ნეპალს 3.6 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, რაც სტიქიით დაზარალებულ 10 000 ოჯახს 3 თვის განმავლობაში საკვებით უზრუნველყოფს.
ნეპალის ენერგეტიკის მინისტრი ბირაჟ ბჰაკტა შრესტჰა ჰიდროელექტროსადგურებზე მიმდინარე მძიმე სამაშველო ოპერაციების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, “ტრიშული-3 A“ ჰესის ტერიტორიაზე მაშველებმა მოახერხეს სპეციალური ხვრელის გაბურღვა საკაბელო გვირაბში. პირველადი შემოწმებით, შიგნით ნაგავი და მეწყრული მასა არ არის შესული, თუმცა გვირაბში მყოფ ადამიანებთან კავშირის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.