იტალიის ქალაქ ნეაპოლში, საქართველოს 29 წლის მოქალაქე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც napoli.repubblica 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტში მოხდა. პოლიციას 20 წლის იტალიელმა ქალმა მიმართა.
მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ნეაპოლში არსებულ ბარში თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებდა. როდესაც ის საპირფარეშოში შევიდა. გამოსვლისას უცნობი მამაკაცი კართან გადაეღობა და გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა.
ახალგაზრდა ქალის განცხადებით, მამაკაცი მას ინგლისურად ეუბნებოდა - “ძალიან ლამაზი ხარ“ (You are beautiful), შემდეგ კი მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამდენიმე წუთის განმავლობაში აკავებდა.
ახალგაზრდა ქალმა ქუჩაში მყოფ ნეაპოლის მუნიციპალურ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ქალის მიერ აღწერილი პირი მალევე იპოვა, შეაჩერა და მისი ვინაობა დაადგინა. გაირკვა, რომ ის 29 წლის საქართველოს მოქალაქეა.