ავტორი:

მსოფლიოს უდიდესი მარაგები ამერიკის ხელშია - ტრამპმა ვენესუელის 65 მილიარდ ბარელ ნავთობზე კონტროლი დაამყარა: რა ისტორიული შეთანხმება გაფორმდა კულისებში?

მსოფლიოს უდიდესი მარაგები ამერიკის ხელშია - ტრამპმა ვენესუელის 65 მილიარდ ბარელ ნავთობზე კონტროლი დაამყარა: რა ისტორიული შეთანხმება გაფორმდა კულისებში?

“აშშ-მა ვენესუელასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ამერიკა ამ ქვეყნის 65 მილიარდ ბარელზე მეტ დადასტურებულ ნავთობის მარაგს გააკონტროლებს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმება ორჯერ მეტად გაზრდის ამერიკის ნავთობის მარაგებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს საწვავის ფასებს ყველა ამერიკელისთვის.

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა შეთანხმებას ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების წინაპირობა უწოდა. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი და ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას დიდი სკეპტიციზმით უყურებს.

ტრამპმა ვენესუელის რეზერვების ათვისება მას შემდეგ დააანონსა, რაც იანვარში აშშ-ის სპეცრაზმმა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი კარაკასში შეიპყრეს, რათა ის ნიუ-იორკში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით გაესამართლებინათ. სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებდა ვენესუელის ნავთობის გაყიდვას.

მან ვენესუელის ნავთობზე უფლებები იმითაც ახსნა, რომ ამ ქვეყანამ წარსულში “ცალმხრივად მიითვისა და გაყიდა ამერიკული ნავთობი, აქტივები და პლატფორმები, რაც მილიარდობით დოლარი დაგვიჯდა“. მადუროს დატყვევების შემდეგ აშშ-მა მხარი დაუჭირა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს. სწორედ მან გააფორმა ვაშინგტონთან ენერგეტიკული შეთანხმება, რომელიც ძალაში 25 წლის განმავლობაში დარჩება.

  • 100-წლიანი კონცესია და კერძო გიგანტების მილიარდები - რას ითვალისწინებს შეთანხმება?

როდრიგესის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს 17 სტრატეგიული ნავთობის საბადოს განვითარებას. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ნავთობის მოპოვების გაზრდას დღეში 1.5 მილიონ ბარელამდე, ვენესუელასთვის 100 მილიარდ დოლარზე მეტი კერძო ინვესტიციისა და 209 მილიარდ დოლარზე მეტი გადასახადების მოზიდვას.

აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ამერიკის მთავრობა შეინარჩუნებს 55%-იან კონტროლს ერთობლივ საწარმოზე, რომელსაც გამოცდილი კერძო ოპერატორი გაუძღვება. როდრიგესმა ამ საწარმოს საბადოებზე მუშაობის 100-წლიანი კონცესია მიანიჭა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეთანხმებას “უდიდესი გამარჯვება“ უწოდა. ტრამპის თქმით, რუბიომ და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ვენესუელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას კერძო ბიზნესთან პარტნიორობით მიაღწიეს, რაც “ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის უფასოა“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს შეთანხმება აშშ-ს ანიჭებს პირდაპირ მმართველობას სხვა სუვერენული ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე. მათი შეფასებით, ის უფრო ფართოა, ვიდრე აშშ-ის კონტროლი ერაყის ნავთობის შემოსავლებზე 2003 წელს სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ.

ამ დრომდე შეთანხმების ოფიციალური ტექსტი არ გამოქვეყნებულა, რის გამოც უცნობია, შეესაბამება თუ არა იგი ვენესუელის კონსტიტუციას.

  • რატომ ვერ შეამცირებს ვენესუელის ნავთობი ბენზინის ფასს?

ვენესუელას მსოფლიოში უდიდესი ნავთობის რეზერვები აქვს (დაახლოებით 303 მილიარდი ბარელი), თუმცა მოპოვება 1990-იანი წლების ბოლოდან მკვეთრად შემცირდა სახელმწიფო კონტროლისა და აშშ-ის სანქციების გამო.

საწვავის ფასები აშშ-ში მკვეთრად გაიზარდა ირანის ომის გამო, რამაც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდების ბლოკირება გამოიწვია. ეს ქმნის სერიოზულ უკმაყოფილებას ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე.

თუმცა, ექსპერტები მიუთითებენ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ შეუსაბამობაზე: ვენესუელის ნავთობი არის ე.წ. “მძიმე, მჟავე“ ტიპის, რომლის გადამუშავებაც რთულია და ძირითადად დიზელისა და ასფალტის დასამზადებლად გამოიყენება. თავად აშშ-ის ქარხნები კი “მსუბუქი, ტკბილი“ ნავთობის გადამუშავებაზეა ორიენტირებული, რომელიც ბენზინის დასამზადებლად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ტრამპის დაპირება საწვავის ფასების სწრაფი შემცირების შესახებ სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

წყარო