"ესპანეთმა, პოლონეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ასევე ახალმა ზელანდიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ სქემის ანკესზე არ წამოეგონ. ესპანეთსა და პოლონეთში ადამიანებმა დიდი ოდენობით ფული დაკარგეს" - ეკონომისტი რომან გოცირიძე თაღლითურ ფინანსურ პირამიდის (TSQ) შესახებ წერს.
მისი თქმით, საქართველოში ამ პირამიდას ფართო ქსელი აქვს - მისი ორგანიზატორები დამატებით ფულს სწორედ ახალი მონაწილეების მოზიდვით შოულობენ.
"კიდევ ერთხელ იმ თაღლითურ ფინანსურ პირამიდაზე, რომელსაც TSQ ჰქვია და რომელმაც საქართველოში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც ევროპაში და სხვა ქვეყნებში ამხილეს.
ესპანეთმა, პოლონეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ასევე ახალმა ზელანდიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ სქემის ანკესზე არ წამოეგონ. ესპანეთსა და პოლონეთში ადამიანებმა დიდი ოდენობით ფული დაკარგეს.
სქემა უკვე ჩამოიშალა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. დაიკარგა მილიარდობით დოლარი. ახლა ანკესი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადმოაგდეს და სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ადამიანი ამ ანკესზე საქართველოში წამოეგო.
ფაქტობრივად, მათი "ლიდერების" გარშემო თავისებური სექტა ჩამოყალიბდა. მრავალრიცხოვანი სექტაა-ხმას თუ ამოიღებ, დაგკბენენ, თანაც წინასწარ შემუშავებული მესიჯებით და ერთი და იმავე შინაარსით.
პირველ სამ თვეში პლატფორმა აქტიურად იხდის დაპირებულ პროცენტებს, რათა მონაწილეების ნდობა მოიპოვოს. 4-6 თვეში სქემა პიკს აღწევს. 6-9 თვეში კი, როდესაც ახალი წევრების მოზიდვის რესურსი იწურება, იწყება ჩამოშლა: ანგარიშებს ბლოკავენ, მომხმარებლებს დამატებით 10-პროცენტიან საკომისიოს სთხოვენ და ა.შ. როდესაც კლიენტისგან მაქსიმალურად შესაძლო თანხას ამოიღებენ, ანგარიშიც ქრება.
ეს გზა უკვე გაიარა სომხეთმა-ათასობით ადამიანმა დაკარგა ფული, თუმცა იქ ამ თაღლითური სქემისთვის ნაყოფიერი ნიადაგი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და დროულად გააფრთხილა მოსახლეობა. სომხეთის კიბერპოლიციამ ამ მიმართულებით კარგად იმუშავა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა ფულის დაკარგვას.
რა ხდება საქართველოში?
მთავრობა დუმს. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ სამი დღის წინ გააკეთა განცხადება-ისიც ჩვენი მოწოდების შემდეგ. არადა, პირამიდის სისტემა საქართველოში პიკს უახლოვდება და მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
კვლავ საერთაშორისო გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ჩადებული თანხის დაახლოებით 70 პროცენტი იკარგება. ვინც სქემაში ადრე შევიდა და დროულად გამოვა, შესაძლოა გადარჩეს. ვინც ბოლოს შევა, დიდი ალბათობით, შენატანს სრულად დაკარგავს.
თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას დავეყრდნობით, რამდენიმე თვეში აქ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. დანაკარგები კი ათეულობით მილიონი დოლარი იქნება.
ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ამის დაშვება არ შეიძლება.
კრიპტოთაღლითობა კიდევ სხვა თემაა" - წერს რომან გოცირიძე.