არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ბიბლიური ქალაქი აღმოაჩინეს, სადაც იესო სასწაულებს ახდენდა

არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ბიბლიური ქალაქი აღმოაჩინეს, სადაც იესო სასწაულებს ახდენდა

არქეოლოგთა გუნდი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ბიბლიური ქალაქი ბეთსაიდა (იგივე იულიასი) აღმოაჩინა, მას შემდეგ, რაც მათ მთელი ზაფხული ჩრდილოეთ ისრაელში არტეფაქტების განსაცვიფრებელი საგანძურის აღმოჩენაში გაატარეს.

კერძოდ, არქეოლოგების ჯგუფმა ადგილზე აღმოაჩინა ლამპები, მაკიაჟის სხვადასხვა ნივთები, მონეტები და ათობით სხვა არტეფაქტი, რითაც განმტკიცდა მათი დიდი ხნის თეორია, რომ ეს იყო უძველესი ქალაქი, სადაც, როგორც ამბობენ, იესომ სასწაულები მოახდინა.

"ვცდილობთ ყველა მტკიცებულება შევაგროვოთ, რომელიც უძველესი ადგილის ისტორიულ პროფილს ასახავს. ეს სურათი კი ყოველ სეზონზე უფრო და უფრო მკაფიო ხდება",- წერს გათხრების აკადემიური დირექტორი, დოქტორი სტივენ ნოტლი, რომელიც უკვე 10 წელია ისტორიულ ადგილას გათხრებს აწარმოებს.

  • ნოტლიმ და მისმა გუნდმა ბოლო 10 წელი ისტორიული ადგილის ნანგრევების გათხრას მიუძღვნა, რომელიც დღეს ელ-არაჯის სახელითაა ცნობილი.

გათხრების ბოლო წელმა მნიშვნელოვნად გააფართოვა მათი წარმოდგენა რომაული პერიოდის ბეთსაიდა-იულიას შესახებ, რომელიც 1-3 საუკუნემდე მერყეობდა, თუმცა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მიმოფანტული იყო სხვა უძველესი ეპოქების არტეფაქტებიც. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს რომაული პერიოდის კედლები, ბაზალტის სანაყი, მონეტები და დორიული კაპიტელი, რომელიც სავარაუდოდ, საზოგადოებრივ შენობას ამშვენებდა.

არქეოლოგთა გუნდმა აგრეთვე აღმოაჩინა ჭურჭელი და რამდენიმე ხელუხლებელი ჰეროდეს ლამპა, რომლებიც იერუსალიმში ქრისტეშობამდე 70 წლამდე იყო დამზადებული - ეს არის უტყუარი ნიშნები იმისა, რომ ებრაელები ქალაქში პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ, ანუ მაშინ, როცა ის ბეთსაიდადან რომაული პერიოდის პოლისად, იულიასად იქცა.

ეს აღმოჩენები, როგორც ჩანს, ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ გალილეის მოსახლეობა ღარიბი, გაუნათლებელი გლეხებისგან შედგებოდა - ამის ნაცვლად, მინიშნებებია, რომ იესოს მიერ მონახულებული ქალაქები და სოფლები აყვავებული იყო, რომაელთა ოკუპაციის დროსაც კი.

  • გათხრების აღმოჩენები მხოლოდ ადასტურებს ნოტლის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს ადგილი დაკარგული ქალაქი ბეთსაიდაა.

"ეჭვი არ მეპარება, რომ იესომ აქ დროის გარკვეული ხანი დაჰყო",- თქვა ნოტლიმ და დასძინა, რომ მას "სახარებების უკანასკნელ დაკარგულ ქალაქს" უწოდებს.

ბიბლიის თანახმად, იესომ ამ ქალაქში ბრმა კაცს მხედველობა აღუდგინა და ხუთი პურითა და ორი თევზით ათასობით ადამიანი დააპურა. ასევე ითვლება, რომ მოციქულები პეტრე, ანდრია და ფილიპე ბეთსაიდას სახლს უწოდებდნენ.

ბეთსაიდა-იულიას გათხრების ჯგუფი ელ-არაჯში მდებარე ადგილს 2016 წლიდან იკვლევს და წლების განმავლობაში მოზაიკის შედევრები, ეკლესიები, სახლების კედლები და სხვა მრავალი საინტერესო აღმოჩენა გააკეთა.

წყარო

მოამზადა: ანა სიბოშვილმა