"წყალში რომ ჩავიხედე, ბევრი სისხლი მოჩანდა..." - ფლორიდაში, მამაკაცს ზვიგენი დაესხა თავს: სასწაულებრივად გადარჩენილი კაცის ისტორია

"წყალში რომ ჩავიხედე, ბევრი სისხლი მოჩანდა..." - ფლორიდაში, მამაკაცს ზვიგენი დაესხა თავს: სასწაულებრივად გადარჩენილი კაცის ისტორია

ფლორიდაში მამაკაცს, რომელსაც ზვიგენი დაესხა თავს, ამბობს, რომ "100%-ით მკვდარი იქნებოდა", ახლომდებარე ნავზე მყოფი ექთანი და მისი მგზავრები რომ არ დახმარებოდნენ.

  • 23 აგვისტოს, ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტში 43 წლის დეივ დენიელს დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის "ძიძა ზვიგენი" დაესხა თავს და უკბინა.

"წყალში რომ ჩავიხედე, ბევრი სისხლი მოჩანდა...",- განუცხადა დენიელმა NBC-ის თავზარდამცემი შემთხვევის შემდეგ.

დენიელი გამოცემას უყვება, რომ მას შემდეგ, რაც მან წყალში ზვიგენი შენიშნა, მისგან გაცლა სცადა, თუმცა ის მოულოდნელად, პირდაპირ ფეხებში ეცა.

  • დენიელი თავდასხმის მომენტში ფიქრობდა, რომ სანაპიროდან ცოცხალი ვერ გააღწევდა.

"სანაპიროზე ვიჯექი და სისხლისგან ვიცლებოდი, თან ვფიქრობდი, დავნებებოდი ბედს",- თქვა დაზარალებულმა.

მაგრამ მალევე ახლომდებარე ნავი შენიშნა - ეს ნავი იყო, რომელიც მის დასახმარებლად მივიდა.

"ციდან მოვლენილი ანგელოზებივით იყვნენ, ისინი რომ არა, 100%-ით მკვდარი ვიქნებოდი."

დენიელთან ახლოს მდებარე ნავის მეპატრონემ და სტაჟიანმა ექთანმა კორტნი მაკმიურერიმ გამოცემას განუცხადა, რომ ის უბრალოდ "სწორ დროს აღმოჩნდა სწორ ადგილას".

"მგონი, ეს ორივეს ბედისწერა იყო",- ამბობს კორტნი მედიასთან საუბრისას.

კორტნიმ და მისმა მეზღვაურებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიეს დენიელს მანამ, სანამ აშშ-ის სანაპირო დაცვა მივიდოდა, რომლებმაც საბოლოოდ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით მაიამის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ორი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.

ბოლო ინფორმაციით, 43 წლის კაცს ჯერჯერობით მოძრაობა არ შეუძლია, რადგან ფეხები კვლავ შეხვეული აქვს.

"თავს კარგად ვგრძნობ, მოვძლიერდი. უბრალოდ, ცოტა წნევები მაწუხებს, ხომ ხვდებით, ახლახანს ზვიგენი დამესხა თავს..",- ხუმრობდა დენიელი WVSN-სთან ინტერვიუში.

იმის მიუხედავად, რომ დენიელის ბოლომდე გამოჯანმრთელებას თვეები და ფიზიოთერაპიის კურსი დასჭირდება, აცხადებს, რომ მადლიერია და ამ შემთხვევამ მიახვედრა, რომ ცხოვრებაში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.

წყარო

მოამზადა: ანა სიბოშვილმა