"უკვე რამდენიმე დღეა, უსაფუძვლო ცილისწამებისა და უმძიმესი აგრესიის სამიზნეები ვხდებით. ჩვენი მისამართით არაერთი ბრალდება ისმის" - ორგანიზაცია "ამრა", რომლის თანადამფუძნებელიც დაურ ბუავა იყო, განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, დაურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ამ დღეებში არათუ უამრავი ვერსია, ვარაუდი, არემედ კონსპირაციული თეორებიც ვრცელდება - არიან ისეთებიც, ვინც უაპელაციოდ "ამრას" წევრებს აბრალებენ მომხდარს, მტკიცებით ფორმაში.
"ორგანიზაცია „ამრა“ და მისი წევრები ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჩვენი თანამებრძოლისა და მეგობრის, დაურ ბუავას გარდაცვალების შემდეგ უკვე რამდენიმე დღეა, უსაფუძვლო ცილისწამებისა და უმძიმესი აგრესიის სამიზნეები ვხდებით. ჩვენი მისამართით არაერთი ბრალდება ისმის.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძიმეა იმ დროს, როდესაც ჩვენთვის მომხდარი ტრაგედია მხოლოდ ორგანიზაციის წევრის დაკარგვა არ არის. ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში გვჯეროდა ერთი იდეის და ვმუშაობდით ერთი მიზნისთვის - ოკუპაციით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებისთვის. ბევრი ალბათ ვერ იაზრებს, რომ ჩვენ დავკარგეთ მეგობარი.
ამასთან ერთად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვამბობთ: ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებული, დადგინდეს სიმართლე და პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ დაურთან ერთად დაწყებული გზა.
დაურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ამ დღეებში არათუ უამრავი ვერსია, ვარაუდი, არემედ კონსპირაციული თეორებიც ვრცელდება. არიან ისეთებიც, ვინც უაპელაციოდ პირადად ჩვენ, "ამრას" წევრებს გვაბრალებს მომხდარს, მტკიცებით ფორმაში.
ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ვერსიის შეფასებას, გამორიცხვას ან დადასტურებას. სიმართლე უნდა დადგინდეს გამოძიების შედეგად და არა ვარაუდებით, კონსპირაციული თეორიებითა და დაუდასტურებელი ინფორმაციით. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, ერთი მხრივ, ხელს უშლის ფაქტების ობიექტურად დადგენის პროცესს, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო ამძიმებს დაურის ოჯახის, ახლობლებისა და თანამოაზრეების მდგომარეობას.
ამ პოსტის მიზანი არ არის ვინმეს ავუკრძალოთ საკუთარი პოზიციის გამოხატვა. დაურიც და "ამრაც" გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძოდა. თუმცა მიგვაჩნია, რომ მისი ტრაგედია, მისი სახელი და მისი ცხოვრება არ უნდა იქცეს ერთმანეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირებისა და ვინმეს პოლიტიკური ან პირადი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად.
"ამრას" წევრები პირველივე დღიდან ღიად პასუხობენ ყველა დაინტერესებული მედიის შეკითხვებს და საზოგადოებას არსებულ ინფორმაციას აწვდიან.
ახლა კი მხოლოდ ერთს გთხოვთ - მოგვეცით შესაძლებლობა, ღირსეულად მივაბაროთ მიწას ჩვენი თანამებრძოლი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
დაურის გზა ჩვენთვის მისი გარდაცვალებით არ სრულდება. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მასთან ერთად დავიწყეთ და რომლის მთავარი მიზანიც ოკუპაციით გაყოფილი საზოგადოების კვლავ გაერთიანებაა და ამაში თქვენი თანადგომის იმედიც გვაქვს, ენგურის ორივე მხრიდან" - ნათქვამია "ამრას" განცხადებაში.