"60 ჭრილობა მიაყენეს... ტელეფონზე დარეკვა უცდია, ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია, სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში" - რას ჰყვება ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობელი?

"60 ჭრილობა მიაყენეს... ტელეფონზე დარეკვა უცდია, ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია, სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში" - რას ჰყვება ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობელი?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში, 2 დღის წინ, 60 წლის მარგო ზოიძე, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.

  • როგორც მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი გამოცემა "ბათუმელებს" უყვება, მარგო ზოიძეს ძარცვამდე ტელეფონზე დარეკვა უცდია - "ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"მეზობლებთან უთქვამს 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო. მისი მეუღლე მთელი ზაფხული გომისმთაზე მუშაობდა, მკვლელობის ღამეს ქალი სახლში მარტო იყო.

28 აგვისტოს, გვიან ღამე, ფანჯრიდან შევიდნენ თურმე ყაჩაღები. გაუგია მარგოს, როგორ ცდილობდნენ მეტალოპლასტმასის ფანჯრის შემტვრევას, ასე უცებ ხომ ვერ შეამტვრევდნენ და ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია.სამნი ყოფილან. მარგო წინააღმდეგობას უწევდა თურმე. ეუბნებოდა არ მაქვს ფული, არაფერს მოგცემთო. ერთი მარგოს იჭერდა, ორი სახლში ფულს ეძებდა. მარგოს უბრძოლია – ვინც იჭერდა იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვია "გიცანი, გიცანი ვინც ხარ, წადით აქედან არ მაქვს ფულიო".

სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში.

დანით დაჩეხეს. 60 ჭრილობა ჰქონდა ქალს.

ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – "ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო". მუცლის ზემოთ მთელი სხეული დაჩეხილი ჰქონდა თურმე მარგოს.

მეზობლებს იმ ღამეს გაუგიათ ხმაური. კართანაც მისულან – მარგო, მარგოო ეძახდნენ, მაგრამ ხმა არ გაუცია. მეორე დღეს იპოვეს უკვე გარდაცვლილი და პოლიცია გამოიძახეს", - ამბობს მოკლულის ახლობელი.