ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად გრანდ კანიონის ნაწილი დაიტბორა. დაახლოებით 15 ადამიანი დაკარგულად ითვლება. აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის ინფორმაციით სტიქია გასულ შაბათს, ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე დაიწყო

"ეს საშინელება იყო. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა - მშვენიერი დილა გათენდა, მოულოდნელად კი ხალხმა ყვირილი და გაქცევა დაიწყო", - ამბობს ნიკი ბაგსი, რომელიც სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.
მისი თქმით, გრანდ კანიონში მდებარე სასტუმროში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და რადგან კარგი ამინდი იყო, გასეირნება გადაწყვიტეს, თუმცა მოულოდნელად წვიმა დაიწყო და ტერიტორიაზე ღვარცოფი მოვარდა.

როგორც კი წვიმა დაიწყო, ბაგსი და მისი მეგობრები უფრო მაღალ ადგილზე გადავიდნენ და საპიკნიკე მაგიდასთან დასხდნენ. ცოტა ხანში რეინჯერებმა მათ გაქცევისკენ მოუწოდეს და სხვა, უფრო მაღალ კლდოვან ადგილას გადაიყვანეს. იქ ისინი სხვა ადამიანებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, ვიდრე ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე ევაკუაცია განხორციელდა.

გრანდ კანიონი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროვნული პარკია, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი სტუმრობს. Bright Angel-ის ბილიკი კი პარკში ყველაზე პოპულარული საფეხმავლო მარშრუტია.