21 წლის სტენლი ჟონგი და მისი მამა, ნან ჟონგი, რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტის წინააღმდეგ დავას აწარმოებენ - სტუდენტის ოჯახი უნივერსიტეტს აზიელი აპლიკანტების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
მიმდინარე დავაზე ფედერალურმა მოსამართლემ, ჯეიმს ლ. რობარტმა, 7 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოიტანა. მან ჟონგების მოთხოვნების ნაწილი არ დააკმაყოფილა და რამდენიმე სარჩელი გააუქმა, თუმცა სტენლი ჟონგის მთავარი პრეტენზია - უნივერსიტეტის მიერ Title VI-ის, ანუ სამოქალაქო უფლებების შესახებ ფედერალური კანონის დარღვევა - ძალაში დატოვა. ეს ნიშნავს, რომ საქმე ამ ნაწილში გაგრძელდება და ჟონგების ოჯახს უნივერსიტეტის შიდა დოკუმენტებისა და მიღების პროცესთან დაკავშირებული მონაცემების მოთხოვნის შესაძლებლობა ექნება.

სტენლი ჟონგის ისტორია ამერიკულ მედიაში ჯერ კიდევ 2023 წელს გახდა ცნობილი. პალო ალტოს ჰენრი მ. განის სახელობის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა SAT-ზე 1600-დან 1590 ქულა მიიღო, ხოლო მისი GPA კი 4.42 იყო. ის სკოლაში მოსწავლეების საუკეთესო 9%-ში შედიოდა და ტექნოლოგიურ სფეროშიც ჰქონდა გამოცდილება.
მიუხედავად მაღალი აკადემიური შედეგებისა, სტენლი 18 უნივერსიტეტიდან 16-მა არ მიიღო. მათ შორის იყო არაერთი ცნობილი საჯარო და კერძო სასწავლებელი. იგი საბოლოოდ მერილენდის უნივერსიტეტსა და ტეხასის უნივერსიტეტში, ოსტინში, ჩაირიცხა, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად პროფესიული კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.
2023 წელს მას Google-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიცია შესთავაზეს. ოჯახის სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ამისთვის ჩვეულებრივ დოქტორის ხარისხი ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებაა აუცილებელი.

"ეს ამბავი ჩემზე, ჩემს შვილზე ან ჩვენს ოჯახზე გაცილებით მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნან ჟონგი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა სასამართლო დავის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, მათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან არაერთი ოჯახი დაუკავშირდა და მსგავსი გამოცდილება გაუზიარა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტი კი ბრალდებებს არ ეთანხმება. უნივერსიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, სასწავლებელში მიღება განსაკუთრებით კონკურენტულია. უნივერსიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის შტატის მთავარი საჯარო უნივერსიტეტის სტატუსიდან გამომდინარე, მიღების პროცესში უპირატესობა შტატის მცხოვრებლებს ენიჭებათ.
ჟონგების ოჯახისთვის კი ეს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის. მათი მიზანია, დაადგინონ, არსებობს თუ არა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში აზიელი-ამერიკელი სტუდენტების მიმართ სისტემური მიკერძოების პრობლემა.