ავტორი:

ოთხი შტორმი, დღეები საკვების გარეშე, ღია ზღვაში - რუსი სამხედრო წყვილი ფრონტიდან გაიქცა და ესპანეთში ჩასვლა კაიაკით გადაწყვიტა: ალისა და სერგეი სადოვნიკოვებს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრებათ

ოთხი შტორმი, დღეები საკვების გარეშე, ღია ზღვაში - რუსი სამხედრო წყვილი ფრონტიდან გაიქცა და ესპანეთში ჩასვლა კაიაკით გადაწყვიტა: ალისა და სერგეი სადოვნიკოვებს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრებათ

რუსმა სამხედრო წყვილმა, რომელმაც უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ სამხედრო სამსახურის დატოვება გადაწყვიტა, გაქცევისთვის უკიდურესად სახიფათო გზა აირჩია - ალისა და სერგეი სადოვნიკოვებმა შავი ზღვა კაიაკით გადაკვეთეს, ოთხ შტორმს გაუძლეს და რამდენიმე დღის განმავლობაში საკვების გარეშე იყვნენ. თურქეთში ჩასვლის შემდეგ კი მათი მოგზაურობა კვლავ საფრთხეში აღმოჩნდა - წყვილი საბერძნეთის სანაპირო დაცვამ დააკავა და თურქეთის სასაზღვრო უწყებას გადასცა.

30 წლის ალისა და 37 წლის სერგეი სადოვნიკოვები ერთმანეთს სამხედრო ბაზაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წელს შეხვდნენ. თავდაპირველად ორივე ფიქრობდა, რომ რუსეთის არმიაში მსახურებით სწორ საქმეს აკეთებდა. სერგეი, რომელიც საბრძოლო ექიმი იყო, ომში მონაწილეობას სხვადასხვა ეტაპზე იღებდა, მათ შორის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ “ვაგნერის“ დაჯგუფებასთანაც მსახურობდა.

მისი დამოკიდებულება ომის მიმართ მაშინ შეიცვალა, როდესაც უკრაინაში, ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში, ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. სერგეის თქმით, სწორედ იქ მიხვდა, რომ რუსული პროპაგანდისგან განსხვავებით, რეალობა სრულიად სხვაგვარი იყო.

“მტერი იქ არ იყო, სადაც გვითხრეს - ის პირდაპირ ჩემს წინ იყო“, - განაცხადა მან.

სერგეი რუსეთის არმიის მიერ გამოყენებული ე.წ. “ხორცის საფქვავის“ ტაქტიკის თვითმხილველი გახდა - როდესაც დიდი რაოდენობით სამხედროებს უკრაინის თავდაცვის პოზიციებზე თავდასხმისთვის აგზავნიან, რასაც მძიმე დანაკარგები მოჰყვება.

ალისა კი სამხედრო სამსახურის დროს ქალების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შეეჯახა. საბოლოოდ, წყვილმა სამხედრო სამსახურის დატოვება და ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა.

რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი იმალებოდნენ და ცდილობდნენ, რუსეთის ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასულიყვნენ. საბოლოოდ, მათ კაიაკი შეიძინეს და შავი ზღვის გავლით თურქეთის მიმართულებით გაემართნენ.

მოგზაურობის დროს წყვილს სამი სრული დღის განმავლობაში საკვების გარეშე მოუწია ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ საბოლოოდ თურქეთის სანაპირომდე მიაღწიეს.

სადოვნიკოვები თურქეთიდან ესპანეთში გადასვლას გეგმავდნენ, რადგან ეს ქვეყანა რუსი დეზერტირებისთვის ერთ-ერთ შედარებით უსაფრთხო მიმართულებად მიიჩნევა. თუმცა, მათი გაქცევა კიდევ ერთხელ შეფერხდა.

მას შემდეგ, რაც წყვილი ეგეოსის ზღვაში გადავიდა, ისინი საბერძნეთის სანაპირო დაცვამ დააკავა. ტელეფონები ჩამოართვეს და თურქეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს. ახლა ალისა და სერგეი დეპორტაციის საფრთხის წინაშე არიან. მათი რუსეთში დაბრუნება კი შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს - დეზერტირობისთვის რუსეთში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

წყარო