აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულის პიროვნებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, მას დაურ ბუავას ბინის დატოვებისას უამრავ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან არც ერთ ადამიანს არ უთხრა, რომ ბინაში განსაცდელში იმყოფებოდა ადამიანი.
პროკურორის თქმით, მას პასუხისმგებლობის შეეშინდა და პოლიციას არ შეატყობინა. პროკურორის თქმითვე, მნიშვნელობა მხოლოდ იმას არ აქვს, ბრალდებული იმ მომენტში რა მდგომარეობაში იყო, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებმა დაურ ბუავა იკითხეს და მან მაშინაც კი დაუმალა მისი მდგომარეობა მათ.
ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის განცხადებით, დანაშაული მსუბუქ კატეგორიას მიეკუთვნება და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ უნდა გამოეყენებინა. ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში „გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.