ტაილანდში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ბარის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალს თავს მთლიანად პარსავს, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინციდენტი ბანგკოკის პინკლაოს რაიონში, ერთ-ერთ ჰოსტ-ბარში, 25 აგვისტოს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 18 წლის ქალი ბარში ყალბი პირადობის მოწმობით შევიდა და საღამოს განმავლობაში 200-ზე მეტი სასმელი შეუკვეთა, რის შედეგადაც გადასახადმა თითქმის 60 000 ტაილანდურ ბატს, დაახლოებით 1800 დოლარს, მიაღწია. როდესაც ანგარიშის გადახდა ვერ შეძლო და, სავარაუდოდ, ბარიდან გასვლა სცადა, თანამშრომლებმა გააჩერეს.

ბარის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ქალ მსგავსი შემთხვევები სხვა დაწესებულებებიც ჰქონია - სასმელებს უკვეთავდა, თუმცა გადასახადს არ იხდიდა. თავად ახალგაზრდა ქალმა კი პოლიციაში საჩივრის შეტანისას განაცხადა, რომ ბარში შესასვლელად ყალბი პირადობის მოწმობა გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შესთავაზეს, რომ გადასახადის ნაცვლად თმის “გაყიდვის“ შესახებ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ბარის მენეჯერი ამტკიცებს, რომ ქალი და მისი დედა ამ შეთანხმებას დათანხმდნენ და თმის საფასური ვალის დასაფარად გამოიყენეს.

თუმცა ახალგაზრდა ქალისა და მისი ოჯახის ვერსია განსხვავებულია.
ბარის მენეჯერი ძალადობისა და მუქარის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალმა თავად დათმო თმა ვალის სანაცვლოდ. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ სიტუაციაზე ემოციურად და იმპულსურად რეაგირებდა.

შემთხვევამ ტაილანდში მწვავე დისკუსია გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია “Be One Foundation“-ის დამფუძნებელმა ჩალიდა “ტონ ორ“ ფალამატმა განაცხადა, რომ ბიზნესს უფლება არ აქვს, საკუთარი წესებით დასაჯოს ადამიანი, თუნდაც მას გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდეს.
საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ტაილანდის სოციალური განვითარებისა და ადამიანის უსაფრთხოების სამინისტროს საკითხის შესწავლა დაევალა. ამ ეტაპზე მთავარი კითხვაა, ნამდვილად მისცა თუ არა ქალმა თავისუფალი თანხმობა თმის გადაპარსვას, თუ შეთანხმება ზეწოლის პირობებში გაფორმდა.