აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც ქართველებისა და აფხაზების შერიგებისა და "საერთო მომავლის" აუცილებლობაზე საუბრობდა, თბილისში, დიდ დიღომში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი 27 აგვისტოს, სავარაუდოდ, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს. 31 წლის ბუავა აქტიური ბლოგერი იყო TikTok-სა და Facebook-ზე. ის აფხაზ თანატოლებს უხსნიდა, რომ ქართველები მტრები არ არიან, საუბრობდა რუსულ ანექსიასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე, რის გამოც მას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი "მოღალატედ" მიიჩნევდა და აფხაზებისგან მუქარებსაც სისტემატურად იღებდა. ბუავას გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ეს გახდა - უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა?
"კვირის პალიტრა", დაურ ბუავას მეგობარს, მიხეილ კვატაშიძეს ესაუბრა:
- ბოლოს 22 აგვისტოს ველაპარაკე, მეგობრები ვიკრიბებით და გამოდი-მეთქი. მითხრა, ტელეფონი მეხუთე სართულიდან გადმომივარდა და გამიფუჭდა, ახლა პლანშეტით გწერ, ვერ გამოვალო. ტაქსის გამოგიძახებ-მეთქი, არაო. ამის შემდეგ რამდენიმე დღე არ შევხმიანებივარ. 26-ში დავურეკე და ზარი რომ არ გავიდა, ვიფიქრე, ტელეფონს რომ გააკეთებს, დამირეკავს-მეთქი. არც მომსვლია აზრად, რომ რამე დაემართა. დიღომში მარტო ცხოვრობდა, ნაქირავებში. მეუღლეს გაშორებულია.
- რა ვერსიები გაქვთ თქვენ, მეგობრებს? განიხილება ვარაუდი, რომ შესაძლოა მოკლეს.
- მისი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი სტრესი ჰქონდა... გული აწუხებდა. ერთხელ ვარძიაში ვიყავით. გული მტკივაო, მითხრა და "სასწრაფო" გამოვიძახეთ. მეორე შემთხვევაც ყოფილა აქ, თბილისში, მე არ შევსწრებივარ. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეც ძალიან ნერვიულობდა... მაგრამ ნარკოტიკებს თუ მოიხმარდა, არასდროს შემიტყვია. ვიცოდი, ვიღაც არაქართველ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მე მიმალავდა, არ ვიცნობდი. ახლა მითხრეს დაკავებულის ვინაობა - ვალერია კირლიუკი...
- დაურის მშობლებს შეატყობინეთ?
- დედა და დები რუსეთში ცხოვრობენ. მე მომიწია დედისთვის ამის თქმამ. ჩამოვა. მეგობრები აქ სამშაბათს დავკრძალავთ.
- ვინ იყო დაურ ბუავა და როგორ აღმოჩნდა საქართველოში?
- როდესაც დაური აფხაზეთში ცხოვრობდა, ჰქონდა ლაივები, სტრიმები. მე აქედან რამდენჯერმე ჩავერთე. ყოველთვის მომწონდა, რადგან მისგან არ მოდიოდა აგრესია. ერთ დღეს მირეკავს, უკვე ზუგდიდში ვარო. შოკი მქონდა. ვუთხარი "მარშრუტკაში" ჩაჯექი და თბილისში დაგხვდები-მეთქი... თავიდან საქართველოში დარჩენას არ აპირებდა. ერევანში წასვლას გეგმავდა და უკან, აფხაზეთში დაბრუნებას. მაშინ ორი ვიდეო ჩაწერა - ერთი გმირთა მოედანზე, სადაც მშვიდობისკენ მოუწოდა, და მეორე - ქართველებთან ერთად სადღეგრძელო თქვა: ყველას ხსოვნა იყოს, ორივე მხრიდან, ვინც ამ ომში დაიღუპაო... ამან აფხაზების გაღიზიანება გამოიწვია, დაიწყო მუქარები, ჩამოხვალ და გაგანადგურებთ, მოგკლავთო. მისი დაბრუნება აფხაზეთში საშიში იყო.... წაიკითხეთ ვრცლად