ირაკლი ღარიბაშვილთან პაემანი [ჩანიშნული] არც ყოფილა და შესაბამისად, არც გაუქმებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რითაც გამოეხმაურნენ ადვოკატის განცხადებას, რომ ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერს შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.
ცნობისთვის, ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გასულ კვირას, შვილებთან შეხვედრისთვის ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. მისივე თქმით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.