ავტორი:

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე, კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე, კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

  • როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებულებს ბრალდება ორი მუხლით წარედგინათ, კერძოდ - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის, ასევე, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვის მუხლით.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გ. გ.-მ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ვ. კ.-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), რისი ნაწილიც, ბრალდებულ ვ.კ.-ს ჩვენების თანახმად, 23 აგვისტოს მან და დაურ ბუავამ მოიხმარეს, ხოლო ნაწილი დაურ ბუავას საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.

ასევე, გ. გ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავისივე საცხოვრებელ სახლში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად დააფასოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

დაკავებულ გ. გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ს. ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე წარუდგინა და მას სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სადამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.