ნეპალში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობიდან მეექვსე დღეს, დაკარგულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და 4 247-ს მიაღწია, ხოლო ოფიციალურად დადასტურებული დაღუპულების რაოდენობა 903-მდე გაიზარდა.
მაშველები ამჟამად გადამწყვეტ ბრძოლას აწარმოებენ 933 ჰიდროელექტროსადგურის თანამშრომლის გადასარჩენად, რომლებიც, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში არიან ჩაჭედილები. კრიტიკული დრო სწრაფად იწურება, რის გამოც სამხედროებმა გვირაბებამდე შესასვლელის გასახსნელად მთების მიზანმიმართული აფეთქებები დაიწყეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო ოპერაციის ეპიცენტრი ამჟამად ჰესების გვირაბებზე გადის. ვარაუდობენ, რომ დაკარგული 933 მუშა ძირითადად “ზემო ტრიშული 1“-ის, “ტრიშული 3A“-სა და “ტრიშული 3B“-ს ობიექტების მიწისქვეშა გვირაბებში იმყოფება. გასულ პარასკევს მაშველებმა გვირაბებიდან 191 გადარჩენილის გამოყვანა მოახერხეს, ხოლო შაბათს კიდევ 88 ადამიანი გადაარჩინეს.
თუმცა, მას შემდეგ ახალი გადარჩენილები არ უპოვიათ. კვირას მაშველებმა ექსკავატორების დახმარებით 10 მეტრის სიღრმის ხვრელი გააკეთეს “ტრიშული 3A“-ს გვირაბში შესასვლელად, მაგრამ შიგნით ჩაძახებაზე პასუხი ვერავისგან მიიღეს. ორშაბათს ღამის 02:00 საათზე კი სამხედროებმა გვირაბთან მიზანმიმართული კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს, რათა ნაშალი მასისა და წყლისგან ჩაკეტილი გზა გაეხსნათ. ადგილზე სამუშაოებში ნეპალელ სამხედროებთან ერთად უკვე ჩაერთნენ სპეციალური სამაშველო ჯგუფები ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ კორეიდან.

სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების ახლობლები ყოველ წუთს შიშით ელიან. ჯოტი უპადჰიაი, რომელიც წარმოშობით ნეპალიდანაა, მაგრამ ბოლო ხუთი წელია უელსში ცხოვრობს, ამაოდ ცდილობს თავისი ოჯახის წევრის, ჯიტ ბაჰადურ ჩაუდჰარის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. 25 წლის განმავლობაში ის ოჯახის წევრად ითვლებოდა და “ტრიშული 3B“-ს ობიექტზე მუშაობდა.
“შაბათის შემდეგ იმედი საბოლოოდ დავკარგეთ. იქ ყველაფერი მეტრის სიღრმის ტალახითაა დაფარული და ძებნა შეუძლებელია“, - აცხადებს ის. მსგავს მდგომარეობაშია პრია ხარელიც, რომლის ძმაც, ინჟინერი მილან ხარელი, “ზემო ტრიშული 1“-ის ობიექტზე მუშაობდა და ამჟამად დაკარგულთა სიაშია.
ამ დროისთვის ნეპალში დაკარგულთაგან 3 655 ადგილობრივი მოქალაქეა, ხოლო 592 უცხოელი. პარალელურად, ნეპალის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ჩიტვანში, უკვე დაიწყო დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიები - გლოვით მიაცილეს 21 წლის აიუშ ხადკა, რომლის ცხედარიც ოჯახს გადასცეს.


ტრაგედია გასულ ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დაიწყო, როდესაც ნეპალ-ტიბეტის საზღვართან 5.2 მაგნიტუდის სეისმური ბიძგები დაფიქსირდა. თავდაპირველად ეს მიწისძვრად მიიჩნიეს, თუმცა აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) დაადასტურა, რომ სეისმური ტალღები მყინვარის კატასტროფულმა ჩამოშლამ გამოიწვია. მთიდან მოწყვეტილმა გიგანტურმა ყინულოვანმა მასამ ხეობაში უზარმაზარი ნიაღვარი წარმოქმნა, რომელმაც მდინარეების - ტრიშულისა და ბჰოტე კოშის გასწვრივ 100 კილომეტრის მანძილზე ყველაფერი წალეკა, მათ შორის მომლოცველებსა და ტურისტებში პოპულარული ქალაქები.
ტიბეტის მხარეს ოფიციალურად 16 ადამიანია დაღუპული, ხოლო 546 დაკარგულად ითვლება. ჩინეთის უშიშროების სამსახურმა უკვე დასაჯა 10 ადამიანი, რომლებსაც ინტერნეტში “დეზინფორმაციის გავრცელებასა“ და მსხვერპლთა რაოდენობის გაზვიადებაში სდებენ ბრალს. მაგალითად, მოქალაქე ციუ ამტკიცებდა, რომ რეალურად დაღუპულთა რიცხვი 1 400-ს აჭარბებდა, ხოლო 3 000 ადამიანი დაკარგული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უარყოფს კატასტროფის კადრების ცენზურას (მაგალითად, გიერონგის პორტის წალეკვის ვიდეოები), სოციალურ ქსელებში მსგავსი მასალები მაინც აქტიურად იშლება.
მსგავსი მკაცრი ზომები მიიღო ნეპალის მთავრობამაც და ინტერნეტიდან ნგრევის ამსახველი შეუსაბამო კადრებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოების წაშლა ბრძანა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სტიქიის ზონაში ძლიერი წვიმები გრძელდება და ძალაში რჩება განგაშის ნარინჯისფერი დონე. მხოლოდ ბოლო 24 საათში ერთ-ერთ სოფელში 89 მმ ნალექი ჩამოვიდა. ძლიერი წვიმები სამაშველო ოპერაციებს კიდევ უფრო აფერხებს. ვინაიდან სტიქიამ 6 სასიცოცხლო მდინარის სენსორი სრულად გაანადგურა, ქვეყანამ მთებში ახალი სეისმომეტრებისა და CCTV კამერების სასწრაფო მონტაჟი დაიწყო, რათა მოსალოდნელი ახალი მეწყერებისა და წყალდიდობების შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში მიიღონ.
იხილეთ ასევე: