აშშ-სა და ირანს შორის თვიანი პაუზის შემდეგ პირველი სამხედრო შეტაკება მოხდა, რასაც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან უმკაცრესი მუქარა მოჰყვა.
“ჩვენ მათ ძლიერად დავარტყამთ, პასუხი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან საუბრისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საპასუხო დარტყმა გარდაუვალი იყო მას შემდეგ, რაც ირანმა ამერიკულ იერიშებს იორდანიაში მდებარე აშშ-ის ბაზებზე თავდასხმით უპასუხა.
კვირას, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) “შეზღუდული და ზუსტი მოქმედება“ განახორციელა ჰორმუზის სრუტეში ირანის ნაღმმტყორცნელი ძალების წინააღმდეგ, რომლებიც სამოქალაქო გემებსა და გლობალურ ვაჭრობას საფრთხეს უქმნიდნენ. კერძოდ, ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს ორი სარაკეტო დანადგარი ლარაკის კუნძულზე, რომელიც ბანდარ-აბასის სანაპიროსთან მდებარეობს. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წევრები სრუტეში საზღვაო ნაღმების მქონე რაკეტების გასაშვებად ემზადებოდნენ.
ირანული მხარის ცნობით, ამ იერიშის შედეგად რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა და დაშავდა.
საპასუხოდ, ირანმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზებზე მიიტანა იერიში, რა დროსაც იორდანიის სამხედროებმა ორშაბათს დილით სულ მცირე 8 რაკეტა გადაჭრეს. გარდა ამისა, თეირანმა დრონები გაუშვა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მდებარე ალ-მინჰადის საჰაერო ბაზის მიმართულებით, სადაც, მათი მტკიცებით, “ბავშვების მკვლელი ამერიკელი სამხედროები“ არიან დისლოცირებულნი.
საემიროების თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში მინიმუმ ერთი დრონი გაანადგურა. ირანის საგარეო უწყებამ კი განაცხადა, რომ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას მკაცრად უპასუხებს.

დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო, სადაც ჩანს სამხედრო თვითმფრინავიდან მომზირალი პირი და ნავთობის ინფრასტრუქტურის აფეთქებები.
“ხარგის კუნძული ნამსხვრევებად იქცევა!!!“ - ასე დაასათაურა ტრამპმა ვიდეო. აღსანიშნავია, რომ ომამდე ხარგის კუნძულზე ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ზე მეტი მოდიოდა.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">U.S. President Donald Trump posted an AI generated video of Kharg Island being blown up. <a href="https://t.co/N3SsWTYswl">pic.twitter.com/N3SsWTYswl</a></p>— Open Source Intel (@Osint613) <a href="https://x.com/Osint613/status/2094254210845934062?ref_src=twsrc%5Etfw">August 31, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა ჰამიდ ბორდმა ტრამპის მუქარას “აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ხარგზე სიტუაცია მშვიდია, ხოლო მუშები წინა თავდასხმების შედეგად მიყენებულ ზიანს უწყვეტად ასწორებენ.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა კი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ყირგიზეთში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანს ომი არასდროს სურდა, თუმცა აშშ-მა საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტე, სადაც მანამდე მსოფლიო ნავთობის 20% გადიოდა, თითქმის მთლიანად ჩაკეტილია, რამაც ენერგომატარებლების ფასები მკვეთრად გაზარდა. ირანმა სავაჭრო გზის ბლოკადა მოაწყო, აშშ-მა კი საპასუხოდ ირანის პორტებს დაადო ბლოკადა. ორშაბათს, ირანული მედიის ცნობით, სუპერტანკერს ორ ნაღმზე შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და მოძრაობა სრულად შეწყვიტა, თუმცა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ მოხერხდა.