ო'ჰენრის საიდუმლოებით მოცული ფსევდონიმი

ო'ჰენრის საიდუმლოებით მოცული ფსევდონიმი

ო'ჰენრი ცნობილი ამერიკელი მწერალი, პროზაიკოსი, პოპულარული ნოველების ავტორია, რომლებიც სათუთი იუმორით არის გაჯერებული.

უილიამ სიდნი პორტერი 1862 წლის 11 სექტემბერს დაიბადა ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ გრინსბოროში. სამი წლის ასაკში დაკარგა დედა, რომელიც ტუბერკულოზისგან გარდაიცვალა. მოგვიანებით მამიდამ აიღო მასზე მეურვეობა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფარმაცევტულზე ისწავლა და ბიძასთან აფთიაქში დაიწყო მუშაობა. სამი წლის შემდეგ ტეხასში გაემგზავრა, სადაც სხვადასხვა პროფესია მოსინჯა - რანჩოზე მუშაობდა, მიწის სამმართველოში მსახურობდა, იყო მოლარე და ბუღალტერი ბანკში, ტეხასის ქალაქ ოსტინში.

მისი პირველი ლიტერატურული ცდები 1880-იანი წლების დასაწყისს მიეკუთვნება. 1894 წელს პორტერმა ოსტინში იუმორისტული ყოველკვირეული ჟურნალის გამოცემა დაიწყო, რომელიც თითქმის მთლიანად მისი ჩანაწერებით, ხუმრობებით, ლექსებითა და ნახატებით იყო შევსებული. ერთი წლის შემდეგ ჟურნალი დაიხურა, იმავდროულად პორტერი ბანკიდანაც გაათავისუფლეს და სასამართლოს გადასცეს მისი საქმე, ფულის დანაკარგთან დაკავშირებით, თუმცა ხარჯები მისმა ნათესავებმა აანაზღაურეს.

ამ ბრალდების შემდეგ სამართალდამცველებისგან ჯერ ჰონდურასში იმალებოდა ნახევარი წელი, მერე სამხრეთ ამერიკაში. აშშ-ში დაბრუნებული გაასამართლეს და ციხეშიც ჩასვეს, სადაც სამი წელი გაატარა.

ციხეში პორტერი ლაზარეთში მუ­შაობდა და მოთხრობებს წერდა ფსევდონიმებით. ბოლოს და ბოლოს, თავისი არჩევანი შეაჩერა ვარიანტზე ო'ჰენრი. ფსევდონიმის წარმომავლობა გაურკვეველია. თვითონ მწერალი ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ სახელი ჰენრი გაზეთში ახალი ამბების სვეტიდან აიღო, ინიციალი ო კი აირჩია, როგორც ყველაზე მარტივი ასო. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ო იშიფრება როგორც ოლივიერი. მართლაც, რამდენიმე მოთხრობა მან გამოაქვეყნა ოლივიე ჰენრის ფსევდონიმით. მეცნიერმა და მწერალმა გაი დევენპორტმა სულ სხვა ჰიპოთეზა წამოაყენა: ო'ჰენრი სხვა არაფერია, თუ არა იმ ციხის სახელწოდების შემოკლება, სადაც ავტორი იჯდა - Hio Penitentiary. ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული პირველი მოთხრობები ხომ სწორედ ციხეში დაიწერა.

მწერლის პირველი რომანი "მეფეები და კომბოსტო" 1904 წელს გამოვიდა, მას მოჰყვა მოთხრობების კრებულები: "ოთხი მილიონი", "დასავლეთის გული", "ქალაქის ხმა", "ბედის გზები", "რჩეული" და სხვა.

სულ ო'ჰენრიმ 273 მოთხრობა დაწერა, მისი ნაწარმოებების სრული კრებული 18 ტომს მოიცავს.

სიცოცხლის ბოლოს ღვიძლის ციროზითა და დიაბეტით იტანჯებოდა. მწერალი 1910 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალებიდან რვა წელიწადში მწერლის პატივსაცემად დაწესდა ო'ჰენრის პრემია, რომლითაც გამორჩეულ მწერლებს ყოველ წელს აჯილდოებენ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს