ავტორი:

NASA-მ კოსმოსში უახლესი ტელესკოპი გაუშვა, რომელიც ორ უდიდეს საიდუმლოს მოჰფენს ნათელს - როგორ გეგმავს ობსერვატორია სამყაროს უდიდესი რუკის შექმნას?

NASA-მ კოსმოსში უახლესი ტელესკოპი გაუშვა, რომელიც ორ უდიდეს საიდუმლოს მოჰფენს ნათელს - როგორ გეგმავს ობსერვატორია  სამყაროს უდიდესი რუკის შექმნას?

30 აგვისტოს, ფლორიდიდან სტარტი აიღო და დანიშნულების ადგილისკენ გაემართა NASA-ს უახლესი ტელესკოპი “ნენსი გრეის რომანის სახელობის ობსერვატორია“. ტელესკოპის მრავალწლიანი მისიის მიზანია ცის ვრცელი მონაკვეთების გამოკვლევა და კოსმოსის უპრეცედენტოდ დიდი ზომის რუკის შექმნა.

12 მეტრზე მეტი სიმაღლის თანამედროვე ტელესკოპი კენედის კოსმოსური ცენტრიდან “SpaceX Falcon Heavy“ -ის რაკეტით ადგილობრივი დროით დილის 7:26 საათზე აფრინდა.

  • კოსმოსურ ობსერვატორიას, რომლის შემუშავებასაც 10 წელზე მეტი და დაახლოებით 4 მილიარდ დოლარი დასჭირდა, სახელი ამერიკელი ასტრონომის, ნენსი გრეის რომანის პატივსაცემად ეწოდა.

თუ “ჰაბლმა“ თავის დროზე კაცობრიობის თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა, “ნენსი გრეის რომანი“ უკვე სხვა გადაუჭრელ ამოცანებზე, მათ შორის ბნელი მატერიისა და ენერგიის საკითხებზე იმუშავებს. ახალი ტელესკოპი სამყაროზე დაკვირვებას დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრის დაშორებით დაიწყებს, სადაც ჩასვლას დაახლოებით 100 დღე მოანდომებს.

იგი ისეთ მძლავრ ობსერვატორიებთან ტანდემში იმუშავებს, როგორიც “ჯეიმს ვებია“. მისიის მიზანი ათასობით ეგზოპლანეტისა და ათობით ათასი ზეახალი ვარსკვლავის აღმოჩენაა.

“ეს იქნება ასტრონომიული ობიექტების ყველაზე დიდი კატალოგი, რაც კი ოდესმე შექმნილა და იგი დაგვეხმარება გავეგოთ, თუ რამდენად გავრცელებულია ჩვენი მზის სისტემის მსგავსი სისტემები,“ - აღნიშნა დეივ კონტენტმა, “რომანის“ ტექნიკურმა მენეჯერმა.

გარდა ამისა, ახალი ტელესკოპი შუქს მოჰფენს დღევანდელი ფიზიკის ორ უდიდეს საიდუმლოს, ბნელ მატერიისა და ბნელი ენერგიის ბუნებას. მათი წარმოშობა უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ ისინი სამყაროს 95%-ს შეადგენენ. ბნელი მატერია გრავიტაციული “წებოს“ როლს ასრულებს, ხოლო ბნელი ენერგია სამყაროს გაფართოებას უწყობს ხელს.

ინფრაწითელი ხედვის წყალობით, ტელესკოპი ასევე მილიარდობით წლის წინ გამოსხივებული სინათლის დაფიქსირებას და ფაქტობრივად, დროში უკან გახედვას შეძლებს, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ სამყაროს შორეული წარსული.

წყარო