ჩვენი მკითხველი ნიკოლოზ ბარტყულაშვილს იცნობს, რადგან წლების განმავლობაში მასთან არაერთი ინტერვიუ გვქონია. ის მოგზაური და მსოფლიო მოქალაქე, ასევე ბევრი სხვადასხვა უნარით დაჯილდოებული ადამიანია. მოვლილი აქვს 196 ქვეყანა, მაინც არ ჩერდება, მოგზაურობას კვლავაც აგრძელებს. ზოგ ქვეყანაში უკვე რამდენჯერმეა ნამყოფი. როგორც ამბობს, ქვეყნებს საფუძვლიანად სწავლობს კიდეც, რაც მისთვის უდიდესი სიამოვნებაა და ცხოვრება სხვანაირად არც წარმოუდგენია.
ცოტა ხნის წინ, სამწუხარო და ემოციური ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს. "მეგობრებო, მეხი დამეცა, მაგრამ გადავრჩი“... შემდგომ დღეებშიც აწვდიდა ცნობებს ადამიანებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- ნიკოლოზ, გამარჯობა. სად ხართ ახლა?
- ახლა ჩილეში, ატაკამას უდაბნოში. ეს მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილია და რამდენიმე დღეს აქ გავატარებ. მანამდე ბოლივიაში, უიუნის მარილის უდაბნოში ვიყავი - ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალზე მდებარე, უზარმაზარი სწორი ადგილია, რომელიც ზემოდან მარილით არის სავსე, ქვემოთ კი ლითიუმის საბადოებია.

- მეხის დაცემის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
- უკეთესად ვარ. ვიდეოებს მაგ თემაზე აღარ ვწერ, რადგან ნეგატივზე აქცენტის გაკეთება არ მიყვარს - ხომ იცით, ოპტიმისტი ვარ. თორემ, ერთი-ორჯერ ყურიდან სისხლდენა კი მქონდა, მარცხენა ყურში პერიოდულად რაღაც ხმაურიც მაწუხებს, კარგად ვერ მესმის და მარცხენა თვალში ცოტა ბუნდოვნად ვხედავ. დამწვრობებმა გამიარა.
მეხი ფაქტობრივად მარცხენა მხარში, კეფის უკან დამეცა და მარჯვენა ფეხში გაიარა. მარჯვენა ფეხზეც მქონდა დამწვრობა, თუმცა ესეც უკვე მოშუშდა და ყველაფერი რიგზეა. რამდენჯერმე, ყურში ხმაურის შემდეგ, შეტევითი ტკივილები მქონდა - ცოტა "კედლებზე მატარა“, მაგრამ გადავრჩი და არაფერს ვჩივი.
- სად იყავით, მაგ უმძიმესი ფაქტის დროს და როგორ მოხდა საერთოდ ეგ ყველაფერი?
- ეს ვენესუელაში მოხდა, თითქმის ბრაზილიის საზღვართან, პიკო დე ნებლინაზე. მთელ ამაზონის დაბლობზე ეს მწვერვალი თითქმის 3.000 მეტრამდე აღწევს. მანდ მზის ამოსვლის შესახვედრად ავდიოდი, რომ ლამაზი ხედი მენახა - მინდოდა დამენახა, როგორ ამოდის მზე ამაზონის უზარმაზარ სივრცეზე, რომელსაც გარშემო ნისლი აქვს მოფენილი... მაგრამ არ დამცალდა. ჯერ გათენებულიც არ იყო. ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის სახლიდან დავიძარი. ალბათ ღამით, 1-2 საათის სავალი გზა მქონდა გავლილი, - გათენებას მწვერვალზე უნდა შევხვედროდი... მაგ დროს შორიდან დავინახე, რაღაც პატარაზე გაიელვა. მეორე გაელვებაზე კი, უკვე მე დამეცა და მაშინვე გამთიშა. მერე არაფერი მახსოვს.
- იქნებ აღგვიწეროთ, რამდენადაც შესაძლებელია, როგორი ამინდი იყო - წვიმდა, ქუხდა თუ რა პერიოდში მოხდა?
- იმ ადგილებში ტენიანობა ძალიან მაღალია, ფაქტობრივად, მთლიანად სველი ხარ და ტანსაცმელიც სველი მქონდა. სხვათა შორის, მერე წავიკითხე და, როგორც ჩანს, სწორედ იმან გადამარჩინა, რომ ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი სხეულის ზედაპირზე, გარშემო გაიშალა და არა - ორგანიზმში... იქ მაღალი ხეებიცაა, თითქმის წვერზე ავდიოდი, ცა არც ჩანდა, თუმცა მოძრაობა როცა დავიწყე, ვარსკვლავებს კი მხედავდი. არ ვიცი, როდის მოასწრო ღრუბელებმა ასე შეკრება... მოკლედ, მივდიოდი, ვმოძრაობდი და მეტი არაფერი მახსოვს... ბუნდოვნად მხოლოდ იმას ვიხსენებ, რაც გითხარით: ერთი გაელვება შორიდან დავინახე, მეორე გაელვებაზე კი უკვე მე დამეცა...
როგორც წესი, ყველა თემას ღრმად ვსწავლობ ხოლმე, მაგრამ ეს თემა საერთოდ არ შემისწავლია - ვერც წარმოვიდგენდი, თუ ადამიანს მეხი ასე დაეცემოდა. რატომ გამომრჩა ეს მომენტი, არ ვიცი. მერე, სიმართლე გითხრათ, არც მჯეროდა, რომ ეს ოდესმე დამემართებოდა.

- ე.ი. დამწვრობა მიიღეთ...
- დამწვრობა მხარზე და ფეხზე მქონდა. უცნაურია, მაგრამ დამწვრობა ზედაპირულად ჩანდა, თუმცა არ მეწვოდა. ტერფზე შეღრმავებულ ადგილი რომაა, იმ ადგილას იყო დაზიანება. ფეხის დადგმა არ მიჭირდა, უბრალოდ, ცოტა გვერდულად ვდგამდი და მერე ამანაც გაიარა. ახლა რაც მაწუხებს, ხომ ვამბობ, ყურია - პერიოდულად მეწყება ხმაური. იმასაც დავაკვირდი, სადღაც შორს ჭექა-ქუხილი რომაა (რაც არავის ესმის), მე მესმის და ვგრძნობ. ეტყობა, სენსიტიურობა მომემატა.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1374246830702293%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
- პირველადი დახმარება ვინ და როგორ გაგიწიათ?
- გათიშული რამდენ ხანს ვიყავი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც გაირკვა, მეორე დღეს ნავში გამოვფხიზლდი. იმ ადამიანის ნავში ვიყავი, ვინც იქ მიპოვა და პირველადი დახმარება აღმომიჩინა. ვერცერთ ენაზე ვერ ვაგებინებდით ერთმანეთს, ჟესტიკულაციით მელაპარაკებოდა. მიხსნიდა, რომ ზურგზე რაღაც ზოლებივით, კაპილარები მქონდა გამოჩენილი (მე ხომ ვერ ვხედავდი). ალბათ მათ ტომში ეს რაღაცას ნიშნავდა და გულმოდგინედ ცდილობდა აეხსნა, რა ნიშანი დამიტოვა მეხმა. იმ კაცმა ზუსტად რა დახმარება ჩამიტარა გათიშული რომ ვიყავი, არ ვიცი. ერთადერთი, რაც ვნახე - ცოტა რომ მოვფერიანდი, სტაფილოსფერი ნარევი ხსნარი წამისვა მთელ ტანზე. რისთვისაც ძალიან მადლობელი ვიყავი, რადგან იმ ტერიტორიაზე კოღო საერთოდ არ მეკარებოდა, ასეთ ადგილებში კი ყველაზე დიდი საფრთხე და დისკომფორტი სწორედ კოღოა.
მერე სხვა ნავში გადამსვა და სხვა ადამიანმა ცივილიზაციამდე წამომიყვანა. ამაზონს ხომ ათასი შენაკადი აქვს. ჯუნგლებით წამომიყვანა, სანამ დიდ ამაზონამდე და რომელიღაც ქალაქამდე მივიდოდით. მერე უფრო დიდი გემით კოლუმბიაში გადამიყვანეს, ქალაქ ლეტიციაში (ესეც ამაზონზეა). იქ ჩამიტარეს პირველი ოფიციალური სამედიცინო დახმარება - ფაქტობრივად, ამ შემთხვევიდან 4 დღე-ნახევრის შემდეგ. მანამდე სულ გზაში ვიყავი.
ძალიან მინდა ვიპოვო ის კაცი, ვინც გადამარჩინა. სახეზე მახსოვს. ცოტას რომ მოვსულიერდები, აუცილებლად წავალ მის მოსაძებნად, რადგან მან სიცოცხლე შემინარჩუნა.

- მოგზაურობას ისევ აგრძელებთ?
- ჩვეულებრივად ვაგრძელებ მოგზაურობას. თვალზე, ამ ბუნდოვანების გამო, წამალს ვიწვეთებ და სავარაუდოდ მალე გამივლის. ყურშიც ალბათ შეწყდება ეს ხმაური. ჰო, კიდევ - მარცხენა ხელი მარჯვენასთან შედარებით მთლიანად ცხელი მაქვს. სამედიცინო შემოწმებაზე რამდენჯერმე ვიყავი. გულის რიტმიც სწრაფი გაქვსო - ვუთხარი, რომ სულ ასე მაქვს, "სწრაფ მატორზე“ ვმუშაობ-მეთქი... ექიმებმა თქვეს, რომ სისხლძარღვების უეცარი გაფართოება მოხდა, ამას დრო სჭირდება და ჩაწყნარება ყველაფერი, რამდენიმე კვირაში გაივლისო.
- მე თქვენი ემოციური ვიდეოდან შევიტყვე ეს ამბავი...
- როცა ტელეფონი ჩაირთო და მივხვდი, რომ ცივილიზაციას მიწვდი და ცოცხალი ვარ, მაშინ უფრო მომაწვა ემოციები.ზურგჩანთაზე მზის ელემენტიანი პატარა დამტენი მქონდა. როცა დაიტენა, ამ შემთხვევის შემდეგ პირველი ვიდეო ჩავწერე. ვინაიდან მაგ დროს ერთდროულად წამოვიდა ემოციები, ცოტა ჩემთვის უჩვეულო ვიდეო გამოვიდა. მერე სხვა ვიდეოთი ბოდიშიც მოვიხადე, რომ არაესთეტიკური კადრები იყო. ჩემგან ხალხი ღიმილსა და ოპტიმიზმს არის მიჩვეული.

- ამდენს მოგზაურობთ, მეორე თუ მესამე წრეზე ხართ უკვე წასული. მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევა კიდევ თუ გახსენდებათ?
- ჩემი თითო დღე სერიალის თითო სერიას ჰგავს - იმდენი თავგადასავალი მაქვს, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა. ისეთიც კი არაფერი მომხდარა, რომ გავთიშულიყავი - არ ვსვამ, ნარკოტიკს არ ვიღებ, არაფრისგან ვითიშები და სულ ფხიზლად ვარ.
ერთადერთი, ბავშვობიდან მახსოვს: მამასთან და ბიძასთან ერთად დმანისის რაიონის სოფელ გომარეთიდან მოვდიოდით და ნამქერში მოვყევით. მანქანას გარშემო თოვლი შემოეხვია, გავჩერდით და შიგნით ჩავიყინეთ. მეორე დღეს გაგვალხვეს... ბიძას ფეხის თითზე ჰქონდა დაზიანება, მამას - ხელზე.
მაშინ ბიძაჩემი, დავით ბარტყულაშვილი, დმანისში "გაის“ უფროსი იყო და მოასწრო რაციით კაზრეთში გადაცემა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით. კაზრეთის ოქროს ქარხნიდან დიდი ტექნიკა წამოიყვანეს. აი, მაშინ კი ვიყავი გათიშული. მერე იმ დიდი ტექნიკით წაგვიყვანეს და გადაგვარჩინეს. სამწუხაროდ, დღეს არც ბიძაა ცოცხალი და არც მამა (სხვადასხვა მიზეზით), მაგრამ იმ ჯერზე გადავრჩით და ყველაფერი კარგად დასრულდა. მართალია, ბავშვურად, მაგრამ არც ისე მარტივად მახსოვს ეს ამბავი: პირველი ბიძა გაიყინა, თვალებგახელილი დარჩა, მე მამას ვყავდი ჩახუტებული და მაქსიმალურად მითბობდა ხელებსა და ფეხებს. მახსოვს... უამრავი რამ მიტრიალებდა თავში. მაშინ მეგონა, რომ მეორედ დავიბადე, ახლა კი გამოდის, რომ ეს უკვე მესამე დაბადებაა!

- გაუთვალისწინებელი ამბებისთვის არ ემზადებით ხოლმე წინასწარ?
- წინასწარ არასდროს ვემზადები - რაღაც თუ მომინდა, მაშინვე ვაკეთებ და არაფერს ველოდები. ერთ მაგალითს მოვიყვან: პირველად მწვერვალზე რომ ავედი, იმ ადამიანმა, ვინც ამ ნაბიჯისკენ მიბიძგა და შემაგულიანა, სპეციალური სამოსი, ქუდი, სათვალე და ზურგჩანთა - ყველაფერი შეიძინა და ის ადამიანი დღესაც არ არის იმ მწვერვალზე ასული. მე კი მაშინ, როგორც ვიყავი - წინდებზე ცელოფანი ამოვიცვი, მეორე წინდა გადავიცვი და ასე მარტივად გადავწყვიტე ასვლა. რითაც ვიყავი, იმით წავედი, უბრალოდ მაქსიმალურად თბილად ჩავიცვი. იმის შემდეგ უამრავი მწვერვალი მოვიარე. მოკლედ, წინასწარ სამზადისი ჩემი სტილი არ არის.
თუმცა, ამ ზაფხულს ცოტა სხვანაირად მოხდა - ოდნავ ადრე მოვემზადე, რადგან 4 ურთულესი წერტილი ამოვირჩიე. მათგან ერთი უკვე შევასრულე - ჩიმბორასოს მწვერვალზე ავედი (ეკვადორში). ეს არის დედამიწის ცენტრიდან ყველაზე შორს მდებარე მთა მსოფლიოში - დედამიწის ცენტრიდან რომ გაზომო, ჰიმალაიზე (ჯომოლუნგმაზე) სადღაც 2 000 მეტრით მაღალი გამოდის. მეორე სწორედ ეს ადგილი იყო, სადაც მივდიოდი და ჩამეშალა (გეგმა გადაიდო). კიდევ ორი წერტილია დარჩენილი, მაგრამ წინასწარ თქმა არ მიყვარს, გაუვალი ადგილებია.
ამისთვის კი ვიყავი მომზადებული, რაღაცები შევიძინე - კოღოებისა და ჭიანჭველების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებებიც კი (ამაზონზე ხომ ყველაფერი შხამიანია), თუმცა არაფერი გამომადგა. ხომ ვამბობ, მომზადება აქაც არ აღმოჩნდა ჩემი სტილი.

- რას ურჩევთ სხვებს?
- ასეთი ანდაზა ხომ არის: "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“. მითხრეს, ორგანიზმი რომ დამუხტულია, არსებობს რისკი, მეორედაც დაგეცეს მეხიო. თემა შევისწავლე, ყველაფერი გავიგე, გავაცნობიერე, ჰოდა, ამის გამო აღარ ვიცხოვრო?!
ჩემი რჩევა იქნება: ადამიანებმა არასოდეს არაფერი გადადონ! მნიშვნელობა არ აქვს, რა აქვთ ჩაფიქრებული - უნდა გააკეთონ. სჯობს გააკეთო და თუნდაც მერე ინანო, ვიდრე არ გააკეთო და მთელი ცხოვრება სანანებლად გქონდეს, "ეს რომ გამეკეთებინა, კარგი იქნებოდაო“.

ამ შემთხვევის შემდეგ უფრო მეტი სურვილი გამიჩნდა, რომ ცხოვრება კიდევ უფრო მეტად შევიგრძნო. ამიტომ ყველას ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო ემოცია დააგროვონ - ეს არის ჩვენი წუთისოფელი. ყოფილა, რომ მეგობრებს ავყოლილვარ და 10 დღე იმათი ტემპით მიცხოვრია - იმ 10 დღეში არაფერი შეცვლილა. მერე შეიძლება გავსულვარ 1 დღე ჩემს გემოზე და ზოგჯერ ამ ერთ დღეში ისეთი თავგადასავალი მქონია, დიდ ბლოკბასტერებში რომ არ არის!
მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა - ჩემი ცხოვრება და მდგომარეობა ეს არის! სიცოცხლე, სიყვარული და თავისუფლება! დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩემი მდგომარეობით რომ დაინტერესდით.