მართალია, სოკო სასარგებლო პროდუქტია, მისგან დამზადებული კერძებიც გემრიელი, მაგრამ ამის პარალელურად, სოკოთი მოწამვლა მსოფლიოში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ რისკს წარმოადგენს.
საკვებად ვარგისი მრავალი სახეობის სოკოს გარდა, არსებობს შხამიანი სოკოებიც, რომელთა საკვებად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა როგორც კუჭ-ნაწლავის სისტემის მსუბუქი გაღიზიანება, ასევე მძიმე მოწამვლა ან გარდაცვალებაც კი განვითარდეს.
თემა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, სწორედ სოკოთი მოწამვლაა. ხშირ შემთხვევაში მოწამვლა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაციით მთავრდება, თუმცა არის სავალალო, ლეტალური გამოსავალიც.
როგორ ამოვიცნოთ საკვებად ვარგისი სოკო - ამ კითხვით მივმართეთ კლინიკურ ტოქსიკოლოგს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტოქსიკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს - ეკა ქურდაძეს.
"სოკო კვებითი თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მას სად ვაგროვებთ. ყველაზე მეტი პრობლემა მაინც თვითშეგროვებულ სოკოზე მოდის. სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების უმეტესობა ასეთ შემთხვევებს წარმოადგენს.
ბევრს აქვს განცდა, რომ კარგად იცნობს სოკოს და შეუძლია მისი გარჩევა, თუმცა საკვებად ვარგის სოკოებს ხშირად აქვთ შხამიანი ორეულები, რომელთა გარჩევაც არც ისე მარტივია... გარდა იმისა, არის თუ არა სოკო შხამიანი, მის უსაფრთხოებაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი.
დიდი მნიშვნელობა აქვს შეგროვების ადგილს. სოკო აქტიურად წვიმიანი პერიოდის შემდეგ ამოდის, და სწორედ ახლა არის ეს პერიოდი. მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული არეალის ეკოლოგიური მდგომარეობა - დაბინძურებულია თუ არა გარემო, არის თუ არა ტერიტორიაზე რაიმე სახის ნარჩენი ტოქსინები. სოკო გარემო პირობების ძლიერი ინდიკატორია: ნიადაგიდან, ჰაერიდან თუ ატმოსფერული ნალექებიდან იგი უჯრედულ დონეზე მარტივად შეიწოვს მძიმე მეტალებსა და შხამქიმიკატებს.
თუ ასეთ დაბინძურებულ, თუნდაც საკვებად ვარგის სოკოს მივირთმევთ, ორგანიზმში მაინც ვითარდება მოწამვლა, ვინაიდან ის ყველაზე მარტივად ითვისებს გარემოში არსებულ ტოქსიკურ ნაერთებს - იქნება ეს საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო ტოქსინები, გამონაბოლქვი, წვის პროდუქტები და ა.შ. გარდა ამისა, დაბინძურებულ გარემოში სოკომ შესაძლოა მუტაციაც განიცადოს - იცვლება მისი ცილოვანი სტრუქტურა, რაც ასევე ხდება მოწამვლის მიზეზი... ასევე მნიშვნელოვანია, პროდუქტი რამდენად ახალია, რადგან სოკო მალფუჭებადია. მისი განმეორებითი გაყინვა-გალღობა ცვლის ცილოვან სტრუქტურას. აუცილებელია მომზადების წესების ცოდნაც“ - გვეუბნება ეკა ქურდაძე.
- გავრცელებულია მოსაზრება, რომ ალკოჰოლი გაამარტივებს ან ანეიტრალებს სოკოს ტოქსინებს...
- ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მითია. ალკოჰოლი ტოქსინს ვერანაირად ვერ ანეიტრალებს. პირიქით, არსებობს სოკოს კონკრეტული სახეობები, რომელთა მიღება ალკოჰოლთან ერთად კატეგორიულად იკრძალება. ამ დროს ირღვევა ფერმენტული პროცესები - სოკოში არსებული ნივთიერებები ბლოკავს ღვიძლის მიერ ალკოჰოლის მონელების უნარს, რაც მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს... ასევე მითია მომზადებისას ხახვის ჩაგდება და მისი გაშავებით შხამის განსაზღვრა. ეს მეთოდი აბსოლუტურად უსარგებლოა.
- რომელი ჯგუფისაა სოკო, რომელიც ალკოჰოლთან ერთად იწვევს რეაქციას?
- მას ხშირად „მგლის სოკოს“ ეძახიან, სამეცნიერო ენაზე კი Coprinopsis atramentaria (სილიო) (მელნის სოკოს) ჯგუფია. ამ სოკოს მიღებიდან მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება.
ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი ფერმენტების საშუალებით გარდაიქმნება არატოქსიკურ მეტაბოლიტებად. ამ სოკოში არსებული ტოქსინი კი ბლოკავს ამ პროცესს, რის გამოც ორგანიზმში გროვდება აცეტალდეჰიდი და ვითარდება მძიმე ინტოქსიკაცია.
- საქართველოში გავრცელებული სოკოებიდან რომელია ყველაზე საშიში?
- მსოფლიოშიც და საქართველოშიც ყველაზე პრობლემურია სოკო, რომელსაც ხალხში „თეთრ ბილწას“ უწოდებენ. ძალიან ჰგავს საკვებად ვარგის ქამა სოკოს, თუმცა მასთან შედარებით ფატალური მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. შეიცავს ამანიტინის ჯგუფის ტოქსინებს და ამიტომაც მაღალი ლეტალობით გამოირჩევა.
ამ სოკოს ვერაგი თვისება აქვს: თავდაპირველად იწყება ჩვეულებრივი კუჭ-ნაწლავის აშლილობით (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი). პირველადი დახმარების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა თითქოს უმჯობესდება, თუმცა მოგვიანებით იწყება ღვიძლის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, ადრეულ ეტაპზე ღვიძლის დაზიანების ამოცნობა კლინიკურად რთულია, ხოლო როდესაც სიმპტომები უკვე გამოვლინდება, პაციენტის გადარჩენა ძალზე რთულდება.
ამიტომ, როცა სტაციონარში ხვდება პაციენტი, რომელმაც სოკო მიირთვა, მას ამბულატორიულად არ ვწერთ - მინიმუმ 24 საათით დაყოვნებასა და ლაბორატორიულ მეთვალყურეობას ვანიჭებთ უპირატესობას.
- არის თუ არა სახეობები, რომელთა მოქმედებაც უფრო სწრაფად ვლინდება?
- დიახ, არსებობს სოკოები, რომლებიც ნეიროტოქსიკურ ეფექტს ახდენენ. ხალხურ ენაზე მათ ხშირად „ცადამყვანას“ და „თავჭედილას“ უწოდებენ (მაგალითად, წითელი შხამას ჯგუფის წარმომადგენლები). ეს სახეობები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს ეიფორიას, გაბრუებასა და ჰალუცინაციებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი მათ გაბრუების მიზნითაც იყენებს. ისინი გარეგნულად წააგავს, მაგალითად, ნიყვს. საკვებად დიდი რაოდენობით მიღებისას ვითარდება მძიმე ტოქსიკური სურათი: ცნობიერების დაბინდვა, გონების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება, არითმია, წნევის მკვეთრი ცვალებადობა და კრუნჩხვები, რაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე ლეტალურად სრულდება.
- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა სტაციონარს?
- თუ სოკოს მიღების შემდეგ გაჩნდა უჩვეულო ჩივილები - პულსის აჩქარება, შეცვლილი ცნობიერება, ძლიერი სისუსტე, გაძლიერებული ნერწყვდენა, გახანგრძლივებული ღებინება - აუცილებელია დროული ჰოსპიტალიზაცია.
თუ ვიცით, რომ მიღებულია თვითშეგროვებული სოკო, სიმპტომების დროებით გაუმჯობესებას არ უნდა ვენდოთ. იმავე „თეთრი ბილწას“ შემთხვევაში, მოწამვლიდან 36-48 საათში იწყება კანისა და სკლერების სიყვითლე, რაც ღვიძლის დაზიანებაზე მიუთითებს. 72 საათის შემდეგ კი პროცესი ხშირად შეუქცევადია. პირველი 24-36 საათი ოქროს პერიოდია დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობისთვის.
- სოკო თავისთავად მძიმე პროდუქტია. შესაძლებელია თუ არა ინტოქსიკაცია განვითარდეს უშხამო სოკოს მიღებისასაც?
- დიახ. სოკო რთულად მოსანელებელი ცილოვანი სტრუქტურისგან შედგება. მონელების პროცესში ჩართულია კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი და პანკრეასი. თუ ადამიანს აქვს ფერმენტული უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე ორგანოს ფარული პათოლოგია ან ინდივიდუალური აუტანლობა, დიდი ულუფის მიღებამ (განსაკუთრებით სხვა მძიმე საკვებთან კომბინაციაში) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე დისპეფსიური დარღვევები, გულისრევა და ტკივილი, თუმცა ეს არ არის ინტოქსიკაცია.
- რა განსხვავებაა ბუნებრივ შხამსა და გარეგან დამაბინძურებლებს შორის?
- ყველა სოკო შხამს არ შეიცავს. შხამიანობა განპირობებულია კონკრეტული პეპტიდებით (მაგალითად, ალფა-ამანიტინი, ფალოიდინი). თუმცა, არსებობს მეორადი დაბინძურებაც: საკვებად ვარგისმა სოკომაც კი, თუ ის იზრდება ავტომაგისტრალებთან, სამრეწველო ზონებში ან ნაგავსაყრელებთან ახლოს, შესაძლოა გარემოდან დააგროვოს ტოქსიკური ნივთიერებები და საშიში გახდეს ადამიანისთვის.
- რა რისკებს შეიცავს დამარინადებული და კონსერვირებული სოკო?
- კონსერვირებისას, თუ ირღვევა სტერილიზაციისა და თერმული დამუშავების წესები, უჟანგბადო გარემოში იქმნება იდეალური პირობები Clostridium botulinum-ის გამრავლებისთვის, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უმძიმესი დაავადება - ბოტულიზმი.
- რამდენად უსაფრთხოა სუპერმარკეტებში გაყიდული, სათბურის (კულტივირებული) სოკო?
- სათბურის სოკო (მაგალითად, ქამა ან კალმახა) პრაქტიკულად გამორიცხავს შხამით ინტოქსიკაციას. ერთადერთი, რაც მას ახლავს, არის ალერგიული რეაქციების რისკი, რადგან სოკო უცხო ცილაა. ასევე, მისი მოყვანისა და კრეფის პროცესში, სპორების სასუნთქ გზებში მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის ალერგიული რეაქციები. თუმცა, შხამიანობის თვალსაზრისით, კულტივირებული სოკო უსაფრთხოა.

- როგორია სტატისტიკა - ხშირია თუ არა ლეტალური შემთხვევები?
- სტატისტიკას პერიოდულობა ახასიათებს. არის წლები, როდესაც მძიმე ინტოქსიკაციების ტალღა ფიქსირდება (მაგალითად, 2008 და 2014, 2025 წლებში მაღალი მაჩვენებელი იყო). შემთხვევების უმეტესობა რეგიონებში, შემოდგომის წვიმიანი სეზონის შემდეგ ფიქსირდება... ბოლო წლებში ცნობიერების ამაღლების ფონზე ლეტალობა შემცირებულია. გარდაცვალების მიზეზი ჩემ პრაქტიკაში თითქმის ყოველთვის იყო დაგვიანებული მიმართვიანობა - როდესაც პაციენტი კლინიკაში მიდის სიმპტომების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაზიანებაა.
- თუ პაციენტი გამოჯანმრთელდა, რჩება თუ არა ორგანიზმში რაიმე სახის ქრონიკული გვერდითი ეფექტი?
- სოკოთი მოწამვლისას ძირითადი სამიზნე ორგანოებია ღვიძლი, თირკმელები, პანკრეასი, თავის ტვინი. მოწამვლას აქვს ერთი დადებითი თვისება: თუ პაციენტმა დროულად მიმართა კლინიკას და ჩაუტარდა ადეკვატური, მიზანმიმართული თერაპია, ეს დაზიანებები სრულად შექცევადია. გამოჯანმრთელების შემდეგ ორგანოების ფუნქცია აღდგება და პაციენტი უბრუნდება სრულფასოვან, ჯანმრთელ ცხოვრებას ყოველგვარი ნარჩენი მოვლენების გარეშე. მთავარი პირობა დროული ჰოსპიტალიზაციაა.