ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება შესაძლოა სწორედ იმიტომ აშინებდეს, რომ რუსეთმა დონბასის სრულად დაკავება ვერ შეძლოს. როგორც The Economist წერს, რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ გარემოცვაში უთქვამს, რომ დონბასზე კონტროლის გარეშე ომის დასრულებას მისთვის მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
"ისინი ჩამომახრჩობენ“, - The Economist-ის ცნობით, პუტინმა კრემლის ახლო წრის წარმომადგენლებს სწორედ ასე განუცხადა და თქვა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დონბასზე კონტროლს ვერ მოიპოვებს.

რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ უკრაინაში დაწყებული ომი მოსკოვისთვის მოსალოდნელზე გაცილებით რთული აღმოჩნდა. სრულმასშტაბიანი ომი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, რუსეთის ეკონომიკაზე კი დასავლეთის სანქციებმა და ომისთვის გაწეულმა უზარმაზარმა ხარჯებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ამ ფონზე იზრდება შიში, რომ კრემლმა ომის დასრულების ნაცვლად მისი კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელება გადაწყვიტოს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა, ფრონტზე დამატებით 300 000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნისთვის ემზადებოდეს.

პარალელურად, დასავლეთში შეშფოთებას იწვევს რუსეთის შესაძლო მოქმედებები ნატოს წინააღმდეგ. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მოსკოვმა შესაძლოა, დივერსიული ოპერაციები და ე.წ. ჰიბრიდული თავდასხმები გააძლიეროს. ერთ-ერთ შესაძლო სამიზნედ ევროპული სანავიგაციო და GPS სისტემებიც განიხილება, რაც ფართომასშტაბიანი შეფერხებების გამოწვევის რისკს შეიცავს.
ამ ყველაფერს ემატება რუსეთის შიდა ეკონომიკური პრობლემებიც. გავრცელებული მონაცემებით, მიმდინარე წელს რუსული ბანკებიდან დაახლოებით 18 მილიარდი ფუნტის ოდენობის თანხა გაიტანეს, მათ შორის დაახლოებით 2.5 მილიარდი ფუნტი მხოლოდ აგვისტოს პირველ ორ კვირაში.