ავტორი:

თავდასხმა ტაიმზ-სკვერზე - დანით შეიარაღებულმა ქალმა 1 ადამიანი დაჭრა და 1 მოკლა: თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

თავდასხმა ტაიმზ-სკვერზე - დანით შეიარაღებულმა ქალმა 1 ადამიანი დაჭრა და 1 მოკლა: თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ტაიმზ-სკვერზე პოლიციამ მოკლა 49 წლის ქალი, რომელმაც ორი ადამიანი დანით დაჭრა, ერთ-ერთი დაჭრილი მოგვიანებით გარდაიცვალა. შემთხვევა ორშაბათს, დაახლოებით 16:30 საათზე, დასავლეთ 41-ე ქუჩისა და მეშვიდე ავენიუს მიმდებარედ მოხდა.

  • პოლიციის ინფორმაციით, პამელა სისნეროსმა თავდაპირველად 68 წლის მამაკაცს მუცლის არეში დანა დაარტყა. შემდეგ ქალი 42-ე ქუჩისკენ წავიდა და 32 წლის ქალიც დაჭრა. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქალი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის კომისრის, ჯესიკა ტიშის განცხადებით, ოფიცრები ქალთან დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მოლაპარაკებას. არაერთხელ მოსთხოვეს, დანები დაეგდო, თუმცა სისნეროსმა უარი თქვა.

"არაფერს დავდებ. მირჩევნია, ორივე მოგკლათ. მოგკლავთ“, - უთხრა მან პოლიციელებს.

ტიშის თქმით, ოფიცრებმა ქალის შესაჩერებლად ელექტროშოკი რამდენჯერმე გამოიყენეს, თუმცა უშედეგოდ. სისნეროსმა დანებით ხელში პოლიციელებისკენ მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც ორმა ოფიცერმა ცეცხლი გახსნა. დაჭრილი ქალი ბელვიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების თქმით, სროლის დაწყებისთანავე ტურისტებმა და ადგილობრივებმა უსაფრთხო ადგილის ძებნა დაიწყეს.

"შენობიდან გამოვედი და დავინახე, როგორ გარბოდა ხალხი, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

პოლიციის ინფორმაციით, სისნეროსს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. დეპარტამენტში 2018 და 2019 წლებში მასთან დაკავშირებული ორი ინციდენტია დაფიქსირებული, თუმცა ქალი მანამდე დაკავებული არ ყოფილა. პოლიცია ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივს ვერ ასახელებს. სამართალდამცავების განცხადებით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

წყარო