დანიაში, კერძო სახლის ბაღში, ვიკინგების ეპოქის განძი აღმოაჩინეს. ახალი ტერასისთვის ადგილის მომზადებისას ადგილობრივმა მცხოვრებმა დაახლოებით 700 ვერცხლის ნივთს მიაგნო, რომელთა საერთო წონა 18,5 კილოგრამია.
არქეოლოგებისთვის აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასშტაბის, არამედ მისი შემადგენლობის გამოც. განძში ძირითადად ვერცხლის ზოდები და სამკაულებია, მონეტები კი შედარებით მცირე რაოდენობითაა.

"ეს ვიკინგების ეპოქის სეიფის პოვნას ჰგავს“, - განაცხადა მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტორბენ სარაუმ. მისი შეფასებით, ზოდების ჭურჭელში განლაგებაც საინტერესო ინფორმაციას იძლევა. მათი განთავსების წესი შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ისინი წონისა და შესაბამისად, ღირებულების მიხედვით იყო დალაგებული.
ინგლისური მონეტები მეფე ედუარდ უფროსის მეფობის პერიოდს, 899-924 წლებს მიეკუთვნება. არაბული მონეტები კი X საუკუნეში იყო მიმოქცევაში. სწორედ ამიტომ, მეცნიერები აღმოჩენილ მონეტებსა და ნივთებს დაახლოებით X საუკუნით ათარიღებენ.
მასშტაბით ეს დანიაში აღმოჩენილი ვიკინგების ეპოქის ყველაზე დიდი ვერცხლის განძია. მისი წონა 18,5 კილოგრამს შეადგენს.
განძი ამჟამად დანიის ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი. მოსალოდნელია, რომ ის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდება და მომავალში ერთ-ერთ მუზეუმში გამოიფინება