ავტორი:

"მკვლელი მეზობელი აღმოჩნდა, მარგოს სუფრაზე გაზრდილი... ის დღეები ჭირისუფალთან ტრიალებდა" - რა არის ცნობილი შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულზე

"მკვლელი მეზობელი აღმოჩნდა, მარგოს სუფრაზე გაზრდილი... ის დღეები ჭირისუფალთან ტრიალებდა" - რა არის ცნობილი შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულზე

პოლიციამ 60 წლის მარგო ზოიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს" - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი გამოცემა "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ზოიძის მეზობელია.

არსებული ინფორმაციით, ზოიძემ სავარაუდოდ, თავდამსხმელი იცნო და წინააღმდეგობა გაუწია.

„სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია. მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს მკვლელი არის გ. ე.-ძე, რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად, აღუწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი მარგო ზოიძე. ჩვენ მწუხარება ცოტათი შემსუბუქება, რადგან მკვლელი დაკავებულია. ოჯახი დაცლილია, მას პოლიცია იცავს. სადაც ცხოვრობენ, იმ ეზოში იქნება მხოლოდ ჭინჭარი, დალპება და ჩამოიშლება. კიდე ერთხელ მადლობა შსს-ს, აწი მოისვენებს ჩვენი გარდაცვლის სული. მკვლელი არის გვერდით კორპუსში მცხოვრები, გარდაცვლილის სუფრაზე გაზრდილი" - ამბობს ოჯახის ახლობელი ტარიელ გიორგაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

"ტვ პირველის" ცნობით, კი მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კაცი არ გაქცეულა და ჭირისუფალთან სიახლოვეს ტრიალებდა.

მათივე ცნობით, 50 წლამდე კაცს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ ხელთათმანზე ბრალდებული კაცის დნმ აღმოჩნდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: