ავტორი:

"აღმოჩენის მანქანა" კოსმოსში: NASA რევოლუციური გარღვევის მოლოდინშია - მისიის ერთ - ერთი ამოცანა შავი მატერიის შესწავლაა

"აღმოჩენის მანქანა" კოსმოსში: NASA რევოლუციური გარღვევის მოლოდინშია - მისიის ერთ - ერთი ამოცანა შავი მატერიის შესწავლაა

NASA-მ კოსმოსში ახალი კოსმოსური ტელესკოპი, "ნენსი გრეის რომანი", გაუშვა. მეცნიერები მას "აღმოჩენის მანქანას“ უწოდებენ და იმედი აქვთ, რომ მისი დახმარებით აქამდე უცნობ გალაქტიკებს, პლანეტებსა და სხვა კოსმოსურ ობიექტებს აღმოაჩენენ.

ტელესკოპი კვირას, ფლორიდაში, კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon Heavy რაკეტით გაუშვეს. აფრენიდან დაახლოებით 10 წუთში იგი ორბიტაზე წარმატებით გავიდა.

ტელესკოპის მისია დაახლოებით ხუთ წელს გაგრძელდება. ამ პერიოდში ის კოსმოსის ძალიან დიდ ნაწილს დააკვირდება და მეცნიერებს უზარმაზარ რაოდენობას მონაცემებს მიაწვდის.

"რომანის" მთავარი ამოცანებიდან ერთ-ერთი ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესწავლაა. ორივე მათგანი მეცნიერებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება.

ტელესკოპი ასევე მოძებნის პლანეტებს, რომლებიც სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ. შესაძლოა, მან აღმოაჩინოს ე.წ. მოხეტიალე პლანეტებიც - ციური სხეულები, რომლებიც არც ერთი ვარსკვლავის გარშემო არ ბრუნავენ და კოსმოსში დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.

მეცნიერები ასევე იმედოვნებენ, რომ ტელესკოპი პირველად დააფიქსირებს ეგზო მთვარეებს - პლანეტების თანამგზავრებს, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარეობენ.

"რომანის" შესაძლებლობები ჰაბლისა და ჯეიმს ვების ტელესკოპებისგან განსხვავდება. მისი მთავარი უპირატესობა ფართო ხედვის არეა - ის ცის გაცილებით დიდ მონაკვეთს დაინახავს და ერთდროულად ბევრად მეტი ობიექტის შესწავლას შეძლებს.

NASA-ს ინფორმაციით, ხუთი წლის განმავლობაში "რომანს" შეუძლია მილიარდობით გალაქტიკისა და ათობით მილიარდი ვარსკვლავის შესახებ მონაცემების შეგროვება. ის ასევე ათასობით სუპერნოვას, ანუ ვარსკვლავის აფეთქებას დააკვირდება.

ტელესკოპი დედამიწიდან დაახლოებით 1,6 მილიონი კილომეტრის დაშორებით, ლაგრანჟის მეორე წერტილში, L2-ზე განთავსდება.

მას სპეციალური მოწყობილობაც აქვს, რომელსაც კორონოგრაფი ეწოდება. მისი დახმარებით მეცნიერებს შეეძლებათ ვარსკვლავის ძლიერი სინათლის "დაფარვა“ და მის გვერდით მდებარე უფრო მკრთალი პლანეტების დანახვა.

NASA-ში ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგია მომავალში შესაძლოა დედამიწის მსგავსი პლანეტების შესწავლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს.

წყარო