ავტორი:

"გელა თბილისშიც იყო, სამეგრელოშიც ჩავიდა, ყველას მოესიყვარულა და დაემშვიდობა.. ამას ვინ წარმოიდგენდა?!" - ცნობილია რუსეთში მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა

"გელა თბილისშიც იყო, სამეგრელოშიც ჩავიდა, ყველას მოესიყვარულა და დაემშვიდობა.. ამას ვინ წარმოიდგენდა?!" - ცნობილია რუსეთში მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა

უმძიმესია 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთში მომხდარი ავარიის შედეგი. საქართველოდან მოსკოვში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი რუსეთში, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას, "კამაზს“ შეეჯახა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა. ასევე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ავტობუსში მყოფმა 38-მა მგზავრმა. დაშავებულები პიატიგორსკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. როგორც ამბობენ, ავტობუსში სულ 47 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარი შემზარავი ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა. საგზაო შემთხვევის დეტალურ გარემოებებს ახლა სამართალდამცავები ადგენენ. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით, (უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს მომსახურების გაწევა, რამაც ორი ან მეტი პირის უნებლიე სიკვდილი გამოიწვია) და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საგზაო მოძრაობის წესების და სატრანსპორტო საშუალებების მართვის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის უნებლიე სიკვდილი გამოიწვია.

მომხდარზე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა.

"რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ავტობუსის ორივე მძღოლი და სამი მგზავრი.

გარდაცვლილები არიან მძღოლები თემურ ბანცაძე და აკაკი ტოფაძე.

თემურ ბანცაძე და აკაკი ტოფაძე

აკაკი ტოფაძე 36 წლის იყო ზესტაფონელი.

“საშინელი ტრაგედია დატრიალდა და მინდა პირველ რიგში, სამძიმარი ვუთხრა ყველა გარდაცვლილის ოჯახს, აკო ტოფაძეს ვიცნობ რამდენიმე წელია, მასზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, იმდენად კარგი ადამიანი იყო. მოსიარულე სიკეთე. დაოჯახებული არ იყო. ჰყავს მშობლები და და. ძალიან კარგი ადამიანი, თუკი ადამიანობაზე, კეთილსინდისიერებაზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში აკაკი გამახსენდება, უკეთილშობილესი ბიჭი გახლდათ, სულ ღიმილი ჰქონდა სახეზე, ძალიან გამანადგურა აკაკის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა, მიმძიმს მის ოჯახში სამძიმარზე მისვლა.

მოცეკვავე იყო. ბედნიერებას რომ ასხივებს ისეთი ადამიანი. ძალიან მეგობრული და თბილი, რითაც ძალიან დამამახსოვრა თავი. მოცეკვავე იყო, ცეკვას რომ თავი დაანება, ამის შემდეგ მამასთან ერთად დაიწყო საქართველო რუსეთის რეისზე მუშაობა, მამამისს მიყვებოდა და მოყვებოდა. როგორც ვიცი, იმ დღეს მამამისი არ იყო რეისზე. მეორე მძღოლი, ბანცაძე ყოფილა. სართიჭალელია, ჩემი ბიძაშვილის კლასელი და ისიც ძალიან განიცდის. ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა ის ბიჭიც.

მომხდარის დეტალები არ ვიცი. რაც გავრცელდა მედიით, მხოლოდ ეს არის ჩემთვისაც ცნობილი. როგორც ვიცი, ავტობუსი დაეჯახა ტრაილერს და ხრამში გადავარდა. ახლა ნამდვილად არავის აქვს იმის თავი, რომ ტრაგედიის დეტალები არკვიოს. მომხდარი ფაქტი უმძიმესია”, - ამბობს აკაკი ტოფაძის ახლობელი ანი ლომიძე Ambebi.ge-სთან.

  • კიდევ ერთი გარდაცვლილი გიორგი (გელა) ბულისკირიაა. აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც 13 წლის შვილთან ერთად მოსკოვში მიდიოდა. ბავშვი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ჩემი მეზობელია 52 წლის გელა ბულისკირია, აფხაზეთიდან დევნილი, გალიდან. ძალიან, ძალიან ახლობელი, ჩვენი ნათესავი, მეგობარი და ყველაფერი. ერთი კვირის ჩამოსული იყო გელა საქართველოში, ყველა მოინახულა, მოესიყვარულა და შვილთან ერთად ბრუნდებოდა ავტობუსით მოსკოვში. 4 შვილის მამაა, ორი ბიჭი და ორი გოგონა ჰყავს, პატარა ერთი წლის არის. უფროსი შვილი ანდრია 13 წლის არის და უფროსი ბავშვი იყო ჩამოსული საქართველოში ბებიასთან დასასვენებლად ბავშვი მიჰყავდა მოსკოვში.

გელა ბულისკირია

მოსკოვში ცხოვრობს ოჯახი წლებია. გელა თბილისშიც იყო, სამეგრელოშიც ჩავიდა ნათესავებთან, ყველას მოესიყვარულა და დაემშვიდობა. ამას ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ მოხდა ეს დიდი ტრაგედია. საბედნიეროდ გელას ბავშვი გადარჩა, ნაკერები აქვს მუცელთან, ის ამჟამად კლინიკაშია. გელა ბოლო წლები სულ ტაძარში დადიოდა, ძალიან ეკლესიური გახდა, სტიქაროსანი იყო და შვილებიც დაჰყავდა ტაძარში.

როგორც ვიცი, ანდრიაც სტიქაროსანია. მისი ლოცვა დახვდა წინ მის შვილს და სასწაულად გადარჩა ანდრია. სამ წელიწადში ისე შეიცვალა, სულ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა. მოსკოვში ქართულ ტაძარში დადიოდა. ისედაც ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან მტკივა გული და განვიცდი. გელა ადგილზე იყო გარდაცვლილი. ხშირად ჩამოჰყავდა საქართველოში ცოლი და შვილები, მეუღლეც ქართველი ჰყავს. ზუგდიდელი გოგოა და ბავშვებს რომ ჩაუნერგოს საქართველოს სიყვარული სულ ჩამოდიოდნენ.

წელს მარტო ანდრია იყო ჩამოსული, რადგან პატარა ჰყავთ. ჯერ მოსკოვში გადმოასვენებენ გელას, ტაძარში მოხდება გამომშვიდობება და ამის შემდეგ ჩამოასვენებენ საქართველოში. გუშინ საღამოს გაიგო მეუღლემ რომ მისი ქმარი გარდაცვლილია. ბავშვი თურმე ეძებდა მამას. არც კლინიკაშია და არც გარდაცვლილებშიო უთქვამს. ძალიან დიდ სტრესშია. ძალიან მზრუნველი ბიჭი იყო. დედა ჰყავს, მამა გარდაცვლილია, სამი და ჰყავს. ძალიან გული მტკივა რომ ასე ახალგაზრდები გვტოვებენ”, - ამბობს გელა ბულისკირიას მეზობელი თეო ჩეხერია და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

"ამ პოსტს ვწერ არა როგორც ჯგუფის დამაარსებელი, არამედ როგორც რიგითი წევრი, რომელმაც დაკარგა უაღრესად კარგი მეგობარი - ადამიანში ადამიანი, კაცური კაცი, სიკეთის მოყვარული და სხვების გულშემატკივარი. სწორედ ამ სიკეთის კაცმა გამაცნო ეს საოცრად აღზრდილი, თბილი და კეთილი ბიჭიც - აკაკი. არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა აღვწერო ჩემი მდგომარეობა ამ ორი დღის განმავლობაში… გაურკვევლობა, ინფორმაციული ვაკუუმი, დაუზუსტებელი ათასი ინფორმაცია, სასწაულის იმედი, მაგრამ, სამწუხაროდ, დადგა ყველაზე მძიმე რეალობის წინაშე დგომის წუთი. თემური და აკაკი არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ აქ, მოსკოვში, უამრავ ქართველს მოაკლდებიან. ჩემთვის ეს ბიჭები იყვნენ მეგობრობის, ერთგულების, ადამიანობისა და ერთმანეთის გვერდით დგომის მაგალითი.

არ არსებობდა კეთილი საქმე, სადაც დახმარებას ვითხოვდი და თემური და მისი გუნდი პირველი არ ყოფილიყო. ყოველთვის იქ იყვნენ, სადაც საჭირო იყო გვერდით დგომა, დახმარება და უბრალოდ ადამიანურად ყოფნა. ასეთი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან ცხოვრებაში და მათი დაკარგვა მხოლოდ ერთი ოჯახის ან ერთი მეგობრის ტრაგედია არ არის - ეს დიდი დანაკარგია ყველასთვის, ვისაც მათი გაცნობისა და მათ გვერდით ყოფნის ბედნიერება გვქონდა. გაუგონარი, წარმოუდგენელი ტრაგედია დაგვატყდა თავს. სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს. სამწუხაროდ, სხვა გარდაცვლილთა ვინაობა ჩემთვის უცნობია, თუმცა მთელი გულით ვუსამძიმრებ თითოეული მათგანის ოჯახს, ახლობელსა და მეგობარს. ამ უდიდეს მწუხარებაში გულით გიდგავართ გვერდით.

თემურ, ჩემო მეგობარო,…აკაკი, თქვენი სიკეთე, ადამიანობა და ის სითბო, რომელიც ამ სამყაროს დაუტოვეთ, არასოდეს დაგვავიწყდება. ნათელში იყოს 6-ივე გარდაცვლილის სული და უფალმა გააძლიეროს მათი ოჯახები. დღეს ყველა ქართველი თქვენი ჭირისუფალია”, -ასეთი ემოციური სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში "ქართველები რუსეთში" ჯგუფის ადმინისტრატორმა და ბევრი ქართველის გვერდით მდგომმა სოფო სხირტლაძემ გარდაცვლილი მძღოლების შესახებ.

  • როგორც ცნობილი ხდება, ამ ავტობუსით მგზავრობდა მაჭავარიანების ხუთ სულიანი ოჯახი. საუბედუროდ ავარიაში დაიღუპა სამი შვილის მამა, 45 წლის ვალერი მაჭავარიანი. მისი მეუღლე ამჟამად მრავლობითი მოტეხილობებითა და სხვა დაზიანებებით კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება. დაშავდნენ მათი შვილებიც. უმცროსს, 6 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ვალერი მაჭავარიანი

მძიმე მდგომარეობაშია ასევე მათი შუათანა შვილი, ბავშვს თავის დაზიანება აქვს და რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო უფროს შვილს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • "ვალერი შეფმზარეულად მუშაობდა მოსკოვში, დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები სენაკში, ოჯახთან ერთად მიდიოდა ავტობუსით და ეს უბედურება დატრიალდა. მეუღლე და სამი ბავშვით იყო. ვერ პოულობდნენ ვალერის, მერე ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ვალერი გარდაცვლილია, მისი ცოლი და შვილები კლინიკაში არიან. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. გაგვანადგურა ამ ამბავმა. ყველანი ღმერთს შევთხოვთ როგორმე გადარჩეს მისი ცოლი და შვილები. რეანიმაციაშია მეუღლე და ერთი შვილი, მეორეს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. არ ვიცი რა გითხრათ. ანგელოზი ცოლი და შვილები ჰყავს. ძალიან კეთილი ბიჭი იყო ვალერი, ობლობაში გაზრდილი, მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ გაზარდა, ორი ძმა და ერთი და ჰყავს. ისე განვიცდი, ცუდად ვარ. ეს არ უნდა მომხდარიყო. სიტყვები არ მაქვს", ამბობს ახლობელი ჩვენთან საუბარში

კიდევ ორი ადამიანია ავარიის დროს გარდაცვლილი, მათი ვინაობა ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაშავებულებიდან რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში რჩებიან. როგორც აღვნიშნეთ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.