დასავლეთ ტიბეტის საზღვართან მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას ნეპალში უკვე 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 3 900-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. განსაკუთრებით მძიმე და დრამატული ვითარებაა მდინარე ტრიშულის გასწვრივ მდებარე ჰიდროელექტროსადგურებზე, სადაც 600-ზე მეტი მუშა ტალახით სავსე მიწისქვეშა გვირაბების უზარმაზარ ქსელშია მოყოლილი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ჩინელი და ნეპალელი სამხედროები ერთობლივად უძღვებიან, პროცესში კი ინდოელი, კორეელი და ავსტრალიელი ექსპერტებიც არიან ჩართულები. გვირაბებში ჩარჩენილ ადამიანებამდე შესაღწევად სამხედროები იძულებულნი არიან, მთის ფერდობები ასაფეთქებელი ნივთიერებებით ააფეთქონ.

ავსტრალიელი ინჟინერი არნოლდ დიქსი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას დისტანციურად ეხმარება, ამბობს, რომ მაშველებს გვირაბების პოვნა უაღრესად უჭირთ.
“მათი კვალი სრულად გაქრა. ყველაფერი უბრალოდ დაკარგულია. იქაურობა მთვარის ლანდშაფტს ჰგავს. ირგვლივ სახლებზე დიდი ლოდები ყრია. მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს“, - აცხადებს საერთაშორისო გვირაბების ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ამის მიუხედავად, ის იმედს მაინც ინარჩუნებს, რადგან მიწისქვეშა გარემოს შესაძლოა მუშები ზემოდან მოვარდნილი ნიაღვრისგან დაეცვა.
საინჟინრო გუნდები ჩაკეტილ გვირაბებში ჰაერის ტუმბვას უწყვეტად ახორციელებენ. მართალია, ორშაბათს მაშველებმა ერთ-ერთ გვირაბში შესვლა მოახერხეს, თუმცა იქ არავინ დახვდათ და უკან დაბრუნდნენ. ჩარჩენილთა ოჯახები მიიჩნევენ, რომ ჰაერის მიწოდება გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო.
“რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად გვიკვდება იმედი. ეს ოპერაცია ბევრად უფრო სწრაფად უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ჩვენთვის ყოველი წამი გადამწყვეტია“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკარგულის ახლობელი ჯიბან ხადკა.

ნეპალის პრემიერ-მინისტრის ბალენდრა შაჰის განცხადებით, ობიექტებიდან ამ დრომდე 279 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მან მომხდარს “არაორდინალური“ უწოდა და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ჰიმალაის რეგიონში რისკები სულ უფრო იზრდება.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა მინიმუმ 11 ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც დასრულებული ან მშენებარე იყო.
ნეპალის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ნაპოვნი 900 ცხედრიდან ამ დრომდე მხოლოდ 4%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. ქალაქ ჩიტვანში მდინარემ 300-მდე ცხედარი გამორიყა, რის გამოც იქ მასობრივი დროებითი დაკრძალვები დაიწყო. ჰაერში ლპობის საშინელი სუნი დგას, თეთრ დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილ ადამიანებს კი მიცვალებულები სატვირთოებით გადაჰყავთ.
ქალაქგარეთ ტყის დიდი ნაწილი გაითხარა, სადაც მედიკოსები და მოხალისეები ნეშტებიდან დნმ-ის ექსტრაქციას ახდენენ. ადგილობრივი ოლქის ხელმძღვანელმა განეშ არიალმა განაცხადა, რომ კლინიკებში სპეციალური მაცივრების დეფიციტის გამო დროებითი მასობრივი დაკრძალვა ერთადერთი გამოსავალი იყო.
ტიბეტის მხარეს ოფიციალურად 16 დაღუპული და 546 დაკარგულია, სადაც ბუდისტურმა ლიდერმა, პანჩენ ლამამ გარდაცვლილთა მოსახსენებელი მსახურება უკვე ჩაატარა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ოდესღაც ხალხმრავალ სასაზღვრო პუნქტში ახლა მხოლოდ ერთი წყლის კოშკის საძირკველია დარჩენილი.
იხილეთ ასევე: