იაპონიაში დათვების თავდასხმებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში გარდაცვალების 13 და დაშავების 220-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებლების მკვეთრი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 82 დაშავდა.
შემოდგომის დადგომასთან ერთად, როდესაც დათვების აქტიური კვების სეზონი იწყება, იაპონიის ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

იაპონიაში ადამიანისა და დათვის შეხვედრის გახშირებული შემთხვევები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ამ დროს მილიონობით ახალგაზრდა ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად, რამაც სოფლის თემების შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა იაპონიის ორ მკვიდრი დათვის სახეობას ჰოკაიდოს მურა დათვსა და აზიურ შავ დათვს პოპულაციის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი, ნადირობის მკაცრმა შეზღუდვებმა და მონადირეთა რაოდენობის კლებამაც ითამაშა. სავარაუდო მონაცემებით, დღეს ქვეყანაში 57,000-ზე მეტი დათვია.
პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა კლიმატის ცვლილებამ: ბოსტნეული, კენკრა და რკო, რომლებითაც დათვები საზრდოობენ, სეზონზე უფრო გვიან მწიფდება და დეფიციტური ხდება. შიმშილმა დათვები ქალაქებთან იმაზე მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. გასულ წელს დათვის გამოჩენის 50,000 შემთხვევა დარეგისტრირდა.
აქედან გამომდინარე 2026 წელს მთავრობამ ეს ცხოველები “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხედ“ შეაფასა. შემსუბუქდა ნადირობის წესები და დაინერგა პოპულაციის კონტროლის მეთოდები. იგეგმება, რომ რამდენიმე პრეფექტურაში 2030 წლისთვის, ცხოველების პოპულაცია არსებული დონის 62%-დან 67%-მდე ზღვარზე ჩამოიყვანონ.
“ხშირად, დათვების დასაფრთხობად ქალაქებში ფოიერვერკებს უშვებენ, მაგრამ როდესაც ეს საკმარისი არ არის, საქმეში პოლიცია ან ჯარი ერთვება, რაც ხშირად ცხოველების სიკვდილით მთავრდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს დღისით ხდება და გარშემო ხალხია“, - ამბობს ლიამ ადკოკი “პიკიოს“ ველური ბუნების კვლევითი ცენტრის მკვლევარი.
რეგიონებმა, სადაც დათვებთან შეხვედრის მაღალი რისკია (მაგალითად: გუნმა, ტოიამა და იშიკავა), მოძრაობის დეტექტორის მქონე კამერებით საცხოვრებელი ზონების მიმდებარე ტყეების აღჭურვა დაიწყეს. კამერები დათვების იდენტიფიცირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რის შემდეგაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეტყობინებას უგზავნიან.

ჰოკაიდოში, ქალაქ შინტოცუკავაში კომპანია KDDI SmartDrone-მა დრონების პორტი მოაწყო, საიდანაც აპარატი ჰაერში დათვის დაფიქსირებიდან 10 წუთში ფრინდება და ცხოველს თვალყურს დახმარების მოსვლამდე ადევნებს. დათვის დასაფრთხობად უპირატესობა, როგორც წესი, არალეტალურ მეთოდებს ენიჭება.
ხელოვნური ინტელექტი და დრონები დათვების დროული აღმოჩენისა და არასასიამოვნო შემთხვევების პრევენციისთვის ძალიან სასარგებლო მეთოდი გამოდგა, თუმცა, ეს ტექნოლოგია ნაკლებად პრაქტიკულია იმ კერძო პირებისთვის, ვისაც სურს დათვები საკუთარ ტერიტორიას საერთოდ არ გააკაროს.
4,000 დოლარის ღირებულების რობოტი თავდაპირველად მოსავლის დასაცავად შეიქმნა. ის დათვების დაფრთხობას გადაშენებული იაპონური მგლის ყმუილის იმიტაციით ახდენს. მწარმოებელი კომპანია ამჟამად თევზაობის, კემპინგისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის 8-ინჩიან პორტატიულ ვერსიაზე მუშაობს.

გარდა ამისა, ტექნოლოგიის პროგრესის მიუხედავად დათვების პრობლემასთან საბრძოლველად აქტუალური რჩება ტრადიციული მეთოდებიც, მაგალითად ნახევრად ველურ ძაღლები, რომლებიც ბუნებრივად დევნიდნენ ცხოველებს ქალაქიდან.