ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე მანქანის ჩხრეკის შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პოლიციის მობილიზებას წინ უძღოდა ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში, სადაც თამაზ ელიზბარაშვილს უცნობი პირები მისი ფეისბუქ პოსტების გამოო ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.
“საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს რამდენიმე საათის წინ... მოვყვები რაც მოხდა 30 აგვისტოს. ჩვენ ვიყავით რესტორანში, როდესაც თამაზი ჩავიდა დაბლა ხელების დასაბანად. შეაგვიანდა, ჩავედი და შევესწარი, რომ თამაზი იდგა კორიდორის ბოლოში, მის გარშემო ხუთი კაცი იყო და სთხოვდნენ ბოდიში მოეხადა მის პოსტებთან დაკავშირებით, სადაც რუსეთუმეებს ცუდად მოიხსენიებდა.
თამაზი არ იხდიდა ბოდიშს. ვინ იყვნენ არ ვიცით, სახელი და გვარები არ ახსენეს. გამოშვებითაც არ უშვებდნენ, გადაკეტილი ჰქონდათ კორიდორი. დაცვას დავუძახე და შემდეგ წამოვედით.
დღეს ლისზე მივდიოდით სასეირნოდ. აქ გავჩერდით ყავის საყიდლად, შევედი ყავაზე - გამოვედი და ასეთი სიტუაცია დამხვდა. მოსამართლის განჩინება ჰქონდათ ჩხრეკაზე. გაჩხრიკეს თამაზიც და მანქანაც. არ უთქვამთ რას ეძებდნენ,“ - აცხადებს ელიზბარაშვილის მეუღლე “ტვ პირველთან“.
აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას ფეისბუქ-გვერდი „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ საჩივარი მუქარაზე შევიდა.
შსს-ის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.
იხილეთ ასევე: