ბრიჯიტ მაკრონის ქალიშვილმა, 42 წლის ტიფენ ოზიერმა instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის და 20 წლით უმცროსი, 22 წლის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, ანტუან ლეკომტი, ამსტერდამში მოგზაურობისას ერთად არიან გადაღებულნი.

წყვილმა ერთმანეთი ზაფხულში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პრესტიჟულ საკურორტო ქალაქ ლე-ტუკეში გაიცნო. იქ ლეკომტი კაიტსერფინგის ინსტრუქტორად მუშაობდა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის გერის ახლო მეგობარმა ფრანგულ გამოცემა “Gala“ -ს განუცხადა: “მათ შორის სიმპათია მყისიერად გაჩნდა. ბევრი საერთო აქვთ: ლე-ტუკესა და ექსტრემის სიყვარულით დაწყებული, მოგზაურობითა და სამეწარმეო სულისკვეთებით დამთავრებული.“

წყვილს შორის ახალი ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2026 წლის მაისში ტიფენი ცნობილ ფრანგ ტელეწამყვანს, სირილ ჰანუნას დაშორდა, მას ორი შვილი, 12 წლის ელიზი და 10 წლის ორელი ჰყავს.

ტიფენისა და ანტუანის ურთიერთობა საოცრად წააგავს 73 წლის ბრიჯიტისა და 48 წლის ემანუელ მაკრონების წყვილს, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობაც 25 წელია.
მაკრონიც სტუდენტი (უფრო სწორად, მოსწავლე) იყო, როდესაც ბრიჯიტი გაიცნო. თუმცა, ის ბევრად უმცროსი, 15 წლის გახლდათ, თავად ბრიჯიტი ამიენის კერძო სკოლაში მისი მასწავლებელი იყო. იმ დროს 39 წლის ქალბატონი მაკრონი ანდრე-ლუი ოზიერზე იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავდა. როდესაც ურთიერთობის შესახებ ცნობილი გახდა, მაკრონის მშობლებმა ემანუელი სკოლიდან გამოიყვანეს.
როგორ მოგვიანებით მაკრონის მამა, ჟან-მიშელ მაკრონი აღნიშნავდა, ამ ამბის გაგებისას “კინაღამ სკამიდან გადმოვარდა“.

ემანუელი და ბრიჯიტი მაშინ დაქორწინდნენ, როდესაც სიძე 29, ხოლო პატარძალი 54 წლის იყო. თავად ტიფენს დედამისსა და ემანუელს შორის რომანის დაწყების პერიოდში ცხრა წელი შეუსრულდა.
2018 წელს მან გაიხსენა: “ერთმანეთით ძალიან იყვნენ მოხიბლულნი, ეს აშკარა იყო და, ამავდროულად, ძალიან რთულიც. სიყვარულის იდეალური მაგალითი რომ მოვიყვანო, ეს ემანუელი და დედაჩემი არიან. როცა ერთად არიან, სამყარო თითქოს ქრება.“

ირკვევა რომ ქალბატონი მაკრონი ქალიშვილის ახალი ურთიერთობით აღფრთოვანებულია. როგორც წყარომ Gala-ს განუცხადა: “მისი რეაქცია იგივეა, რაც ნებისმიერ დედას ექნებოდა, ბრიჯიტისთვის მთავარი შვილის ბედნიერებაა. სიამოვნებით გაიცნობს ანტუანს.“
იხილეთ ასევე: