შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პროცესების სრულმასშტაბიანი სწავლება ჩაატარეს. ეს წვრთნები იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც 2024 წელს NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ოდესღაც ნეიტრალური ჩრდილოეთის ქვეყნის "სრული თავდაცვის" (Total Defence) დაგეგმარებაზე გადასვლას გულისხმობს.
გვამის ნამდვილი ტომრები, მოძღვარი, რომელიც გამოგონილი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელ ლოცვას კითხულობს და სამაცივრე სისტემების ტესტირება - ეს ყველაფერი იმ სწავლების ნაწილი იყო, რომელიც “Aurora 26“ მანევრების ფარგლებში გაიმართა.
შვედეთის უმსხვილესი ეროვნული სამხედრო წვრთნები 1990-იანი წლებიდან ტარდება. წელს მანევრები 2026 წლის აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე მიმდინარეობდა და მასში 13 ქვეყნის 18,000-მდე სამხედრო მონაწილეობდა.

სწავლების ამ კომპონენტში 500-ზე მეტი მანეკენი და გვამის ტომარა იქნა გამოყენებული, რომლებიც დაღუპულ სამხედროებს განასახიერებდნენ. მსგავსი მასშტაბის წვრთნა შვედეთში 1950-იანი წლების დასაწყისის შემდეგ არ ჩატარებულა. პროცესში შვედეთის ეკლესიასთან, საგადასახადო სააგენტოსა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სააგენტოსთან ერთად, 300-ზე მეტი სამხედრო პერსონალი მონაწილეობდა.
როგორც სამხედრო მოძღვარმა აღნიშნა, “ათობით ჩამწკრივებული გვამის ტომრის დანახვამ ომის აბსტრაქტული რეალობა მოულოდნელად ძალიან კონკრეტული და აღქმადი გახადა.“
უშუალოდ სწავლებისგან დამოუკიდებლად, შვედეთის ეკლესიას, რომელიც ქვეყანაში დაკრძალვის ოფიციალურ ორგანოს წარმოადგენს, დიდი ხანია დავალებული აქვს, უზრუნველყოს დაკრძალვის საშუალებები მოსახლეობის 5%-ისთვის, რაც დაახლოებით 500,000 ადამიანს შეადგენს.