ავტორი:

"ამერიკელების დარტყმის შედეგად, ირანში, ქორწილში 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ქორწილის ათობით სტუმარი" - რას აცხადებს ირანის ხელისუფლება

"ამერიკელების დარტყმის შედეგად, ირანში, ქორწილში 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ქორწილის ათობით სტუმარი" - რას აცხადებს ირანის ხელისუფლება

ირანმა აშშ-ის სამხედრო სამიზნეებზე იორდანიაში, ქუვეითში, ერაყსა და ბაჰრეინში სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განახორციელა. თეირანის საპასუხო იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის სამხედროებმა სამშაბათს ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამით, დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ გამწვავდა.

  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკული დარტყმების სამიზნე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, IRGC-ის, ობიექტები იყო. ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაცია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისა და რეგიონში განთავსებული ამერიკული ძალების წინააღმდეგ თავდასხმების მცდელობებს მოჰყვა. ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იერიშების სამიზნე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და საზღვაო ობიექტები იყო.

აშშ-ის დარტყმებს ირანში მსხვერპლი მოჰყვა. ირანის წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით, ჰორმუზგანის პროვინციაში, სირიკის ოლქში, ამერიკული დარტყმის შედეგად ნამსხვრევები სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი მიმდინარეობდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო ათეულობით ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობამ მოგვიანებით 63-ს მიაღწია, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.

აშშ-ის სამხედროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ამერიკული ძალების სამიზნე არ ყოფილა.

  • ამის შემდეგ ირანმა საპასუხო ოპერაცია დაიწყო. IRGC-ის განცხადებით, ირანულმა ძალებმა ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები განახორციელეს იორდანიაში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და ერაყში. ირანის სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ რამდენიმე ამერიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა ამ ცნობების ნაწილი დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

თეირანმა აშშ-ის მოქმედებები მკაცრად დაგმო. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თავდასხმებს "ინანებს“ და საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს უფრო მძიმე შედეგებით დაემუქრა.

დაპირისპირების მთავარი კერა კვლავ ჰორმუზის სრუტეა - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტი მსოფლიოში, რომლის გავლითაც ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების დიდი ნაწილი გადაადგილდება. ბოლო კვირებში სრუტეში ნაოსნობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც უკვე გავლენა მოახდინა ნავთობის ფასებსა და გლობალურ ბაზრებზე.

წყარო