1-ელ სექტემბერს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოგზავნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და “ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს.
“ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და “ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს.
ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს.
12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ “ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.
გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.
ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია “ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ “დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.
მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…
ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი “ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.
პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“ - წერს ღარიბაშვილი.
ექსპრემიერის წერილის და მასში მოყვანილი ფაქტების შეფასება ანალიტიკოს გიორგი მელაშვილს ვთხოვეთ. მისი თქმით, ღარიბაშვილის წერილებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა არა მარტო "ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, არამედ ასევე ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი პირადად ივანიშვილია.
გიორგი მელაშვილი:

- "ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ის მონოლითური პოლიტიკური იმიჯი, რომელსაც ისინი ცდილობდნენ რომ შეექმნათ მთელი ამ დროის განმავლობაში, სინამდვილეში არაფერს ეფუძნება. ირაკლი ღარიბაშვილის წერილებმა ძალიან ნათლად დაანახა ქართულ საზოგადოებას ის სინამდვილე, რომლის შესახებაც ყველა საუბრობდა მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ "ქართული ოცნება“ აქტიურად, საკუთარი პროპაგანდით, საკუთარი მედია რესურსით ცდილობდა ამ სიმართლის მიჩქმალვას, დამალვას და, ზოგადად, ისინი ცდილობდნენ მონოლითური პოლიტიკური ძალის იმიჯის შექმნას, რაც სრულიად აშკარა ხდება, რომ ასე არ იყო.
ღარიბაშვილის წერილებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა არა მარტო "ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, არამედ ასევე ბიძინა ივანიშვილს, როგორც მის დამფუძნებელს იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი არის არა კობახიძე, არა ღარიბაშვილი, არა ბახტაძე, რომელიც არავის აღარ გვახსოვს, არამედ პირადად ივანიშვილი. და რა გამოდის - ივანიშვილის ორგზის პრემიერ-მინისტრი მიმდინარე პრემიერ-მინისტრს, ფაქტობრივად, პოლიტიკური მკვლელობების დაგეგმვაში ადანაშაულებს იმიტომ, რომ სხვანაირად მისი გზავნილის წაკითხვა შეუძლებელია. ამავდროულად, მიმდინარე პრემიერ-მინისტრი წასულს ადანაშაულებს პოლიტიკურ კორუფციაში და სხვა. ახლა უკვე ძალიან ნათლად დავინახეთ პროპაგანდისტული მედიების ნარატივი, რომლებმაც მარგინალური აზერბაიჯანული მედიის ნიუსები გადმოიწერეს და ადანაშაულებენ მას საფრანგეთის აგენტობაში, რაც უბრალოდ, კომიკურია, მაგრამ ჯდება "ქართული ოცნების“ იმ პარანოიდალურ ბრალდებებში, რომლებსაც ისინი უყენებდნენ ლამის ყველას საქართველოში, როდესაც მათთვის ყველა გადაიქცა აგენტად, უცხო ძალად და მხოლოდ ისინი არიან თითქოსდა ჭეშმარიტების მატარებლები. არადა, სინამდვილეში ჩვენ ძალიან კარგად და ნათლად ვხედავთ, რომ თუ ვინმე ატარებს უცხოური ქვეყნის ინტერესებს, ეს არის თავად "ქართული ოცნება“, რომელმაც გაზარდა საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილიც იყო თანამონაწილე ამ ყველაფრის, რაზეც საუბრობს და ეს პასუხისმგებლობას არ აცილებს მას.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იბრძვის არა დემოკრატიისთვის, არა ადამიანის უფლებებისთვის, არა საქართველოს ნათელი მომავლისთვის, ის იბრძვის ერთადერთისთვის - დატოვოს ციხე. მან ძალიან კარგად იცის, უფრო სწორად, მას ჰგონია, რომ ერთადერთი გზა ამ ციხის დასატოვებლად არის ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის დამყარება და მეფის ტახტზე საკუთარი პოზიციების გამყარება. ანუ მის თვალში, რასაც ის აკეთებს, ეს არ არის ბრძოლა საქართველოს დემოკრატიზაციისთვის, ეს არის ბრძოლა მხოლოდ იმისთვის, რომ მან დატოვოს ციხე და მას ჰგონია, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მისი გამოშვება, არის ბიძინა ივანიშვილი. ამ წერილებით ის ცდილობს, რომ ესაუბროს საზოგადოებას, მაგრამ ამავდროულად, ამ წერილების მთავარი ადრესატი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი.
რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი, რაც მის წერილშია მოყვანილი, უნდა დაადგინოს დამოუკიდებელმა და თავისუფალმა გამოძიებამ, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით პრობლემაა, მაგრამ მომავალში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ეს ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობა იქნება გამოძიებული და ქართულ საზოგადოებას ექნება პასუხები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ღარიბაშვილმა ამ "თვითმკვლელობებზე“ კითხვები წაუყენა კობახიძე-მდინარაძეს, ანუ ფაქტობრივად, მან კონკრეტულ ადამიანებს დააბრალა პოლიტიკური მკვლელობები. ეს ძალიან პრობლემური გზავნილია "ქართული ოცნებისთვის“ იმიტომ, რომ დღემდე ისინი ძალიან აქტიურად ცდილობდნენ საკუთარი იმიჯის დაცვას, რომ თითქოს, აი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ოცნებას“ კაცი არ მოუკლავს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბრალდებები წაუყენა არა ოპოზიციამ, არა საერთაშორისო საზოგადოებამ, არამედ "ქართული ოცნების“ ორჯერ პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რეალობაში როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამის შესახებ თავად ღარიბაშვილი წერს პირველ წერილში, როდესაც ამბობს, რომ მას არ აქვს სასამართლოს იმედი იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული და რეალურად, ეს არის არა კანონის უზენაესობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც მოსამართლეები ასრულებენ.
ჩემი აზრით, მისი ორი გზავნილი არის ყველაზე პრობლემური "ქართული ოცნებისთვის“: ერთის მხრივ, ეს არის აღიარება, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არსებობს და რაც უნდა გამოფინოს "ქართულმა ოცნებამ“ რაღაცა საერთაშორისო ტექნიკური რეიტინგები, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ ირაკლი ღარიბაშვილის აღიარებას, სადაც კაცი პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლო არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირების დაქვემდებარებაში. და მეორე - რა თქმა უნდა, ეს არის ეს ბრალდებები პოლიტიკურ მკვლელობებში, რაც ძალიან დიდი პრობლემაა არა მარტო "ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის.
ღარიბაშვილს მაინც აქვს ბოლომდე იმის იმედი, რომ მეფემ შეიძლება ღარიბაშვილი შეიწყალოს, და ის ელაპარაკება ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პირი.
სამწუხაროდ, საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს არა ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით "ქართული ოცნება“, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანი. ბიძინა ივანიშვილი თუ ჩათვლის, რომ ღარიბაშვილის და კობახიძის დაპირისპირება იმდენად საზიანოა მისთვის, რომ მან გადაწყვიტოს ორივე მათგანის მოშორება - პოლიტიკურად, იმედი მაქვს, თუმცა არაფერი არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ სერიოზულ ცვლილებებს თავად "ქართული ოცნების“ შიგნით. აშკარაა, რომ ღარიბაშვილს აქვს სერიოზული ინფორმაცია "ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე მოვლენების შესახებ. სავარაუდოდ, მან იცის რაღაცები, რაც ეხება უკვე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც და ჩვენ შეიძლება ახლა მიმდინარე მოვლენები განვიხილოთ, როგორც ერთგვარი ტრეილერი მომავალში რა შეიძლება "დაფქვას“ ღარიბაშვილმა.
ჯერჯერობით ის საკმაოდ ჭკვიანურად იქცევა: ღარიბაშვილი ზრდის ყურადღებას საკუთარი წერილებისადმი, საკუთარი განცხადებებისადმი და ცდილობს, რომ საზოგადოების ყურადღება შეინარჩუნოს. "ქართული ოცნების“ საყვარელი ტაქტიკა მთელი ამ დროის განმავლობაში იყო გადაფარვა - ისინი ცდილობდნენ, რომ გადაეფარათ სხვადასხვა მოვლენები სხვა მოვლენებით, რომლის ნარატივსაც უკვე თავად აკონტროლებდნენ. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ეს ფიზიკურად აღარ გამოსდით და ღარიბაშვილმა ჯერ-ჯერობით მოახერხა არა მარტო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, არამედ ასევე "ქართული ოცნების“ საყვარელი გადაფარვის ხელის შეშლა - ის პირდაპირ ეუბნება, რომ აქვს ინფორმაცია, მას შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება და ჩვენ ვხედავთ, რომ მან უკვე დაიწყო ზიანის მიყენება, ანუ "ქართული ოცნების“ იმიჯი და მთელი მათი პროპაგანდა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, იმაზე, რომ "ოცნებას“ კაცი არ მოუკლავს... ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილს ჰქონდეს კიდევ დამატებითი არგუმენტები ამ თემებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააზიანებს და დააზარალებს "ქართულ ოცნებას“.
იხილეთ ასევე: